ქართველი ძიუდოისტი, 23 წლის ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონია. საქართველოს ნაკრების წევრმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზედიზედ ექვსი ორთაბრძოლა მოიგო.
ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგი ლოიკ პიეტრი დაამარცხა.
საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი მედლის გარეშე დარჩნენ. 2014 წლის ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი ქალაქ მონპელიეში ტარდება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები ორ მედალს ფლობს.
ჩემპიონატის სადებიუტო დღეს ვერცხლის პრიზიორი გახდა ამირან პაპინაშვილი. დღეს კი ავთანდილ ჭრიკიშვილმა ევროპის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტის მონაწილეობით ფინალური ორთაბრძოლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ავთანდილ ჭრიკიშვილი 2013 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენია.