იმან მიმატოვა, ვინც ვერ მივატოვე,
ვინც გზას დავაყენე, გზიდან გადამაგდო,
სწორედ ამის გამო მიყვარს სიმარტოვე,
და სხვა მიზეზების გამოც. არამარტო
ის, რომ მაწყენინა, ვინც მე გავახარე,
ვინც ღმერთს მივუყვანე, ეშმაკს შემახვედრა,
იმდენს მოვეფერე, დავრჩი განალახი,
სევდით შინაგანად, ლაღი შესახედად.
გავხდი ემოციის კარგი მსახიობი,
თოვლი მაინც ვიყო, სითბოს გამატანდი,
თუმცა ეს ფიფქები მეც ვარ ნაწილობრივ,
ამდენ გულრწფელობის ლამაზ მასკარადით.
წვიმაც უეჭველად სადმე მიმატბორავს,
არის ამინდები მძიმე შედეგებით,
ვინც ვერ მივატოვე, იმან მიმატოვა,
ვინც ვერ მოვინელე, იმას შევერგები.
ღმერთს რა დავაბრალო, ნერვებს ავეჭერი,
ვუძლებ სიცხიანი, მორიგ გაციებებს,
სხვისი აღარ მჯერა - უნდა დავიჯერო,
სანამ ჯანდაბაში არ გამაცილებ