თანახმა ხარ მომიყვანო ცოლად?
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა ჩემთვის გაყო ორად,
ჭირშიც, ლხინშიც იყო ჩემი ქმარი?–
რომ გიყვარდეს ქუჩა, სადაც მე ვარ,
მიკოცნიდე თვალებს, ცრემლით ნაბანს,
მპატიობდე რასაც გული სჩადის,
ყოველ ღამით მისწორებდე საბანს?
თანახმა ხარ მიერთგულო სხვასთან?
იყო მამა ყველა ჩემი შვილის,
ყოველ ღამე იძინებდე ჩემთან,
თუარადა გეშინოდეს ძილის?
ჯოჯოხეთის რომ აღმოვჩნდეთ ცეცხლში,–
თანახმა ხარ მე დამითმო წყარო?
სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლში
ვერ გაიგოს შენგან “მიყვარხარო” ?
თანახმა ხარ მაპატიო წყენა?
რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი…
რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა…
რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი!!!