წმიდა ბასილი დიდის ჰომილია I - დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა (შესაქ. 1.1)
-------------------
1. ვისაც სამყაროს დაბადებაზე თხრობა სურს, იგი ხილული საგნების წარმოშობაზე საუბრით უნდა დაიწყოს, კერძოდ, ზეცისა და მიწის შექმნის ისტორია უნდა გადმოსცეს, რადგანაც შექმნა, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, თავისით არ მომხდარა, არამედ მიზეზი ღმრთისაგან მიიღო.
რომელი სასმენელია ღირსი ნათქვამის სიდიადის მოსმენისა? ან როგორ უნდა იყოს სული მომზადებული ამგვარ დიდთა საქმეთა ყურადსაღებად? ხორციელ ვნებათაგან განწმენდილი, ცხოვრებისეულ საზრუნავთაგან დაუბნელებელი, შრომისმოყვარე, გამომეძიებელი და მიმომხედველი ყოველ მხარეს, საიდანაც კი ღმერთზე შესაფერისი წარმოდგენის შეძენა შეიძლება. მაგრამ ვიდრე ნათქვამის სიზუსტეს გამოვიძიებდეთ და ამ რამდენიმე სიტყვის უდიდეს მნიშვნელობას განვიხილავდეთ, გულისხმავყოთ, ვინ გვესაუბრება ჩვენ.
შეიძლება ჩვენი გონების უძლურების გამო აღმწერელის გულის სიღრმეს ვერ ჩავსწვდეთ. მაგრამ უკეთუ მთხრობელის სანდოობას მაინც გულისხმავყოფთ, მის ნათქვამსაც თავისთავად ვირწმუნებთ.
ეს წიგნი მოსემ დაწერა, იმ მოსემ, ვის შესახებაც დამოწმებულია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძუძუს სწოვდა, მკვირცხლ იყო წინაშე უფლისა (შესაქ. 7.20); ვინც ფარაონის ასულმა იშვილა, მეფურად აღზარდა და ეგვიპტელი ბრძენნი მოძღვრებად და აღმზრდელებად დაუყენა, ვინც ქედმაღლობა უსაზღვრო ძალაუფლებისა მოიძულა და თვისტომთა სიმდაბლისაკენ მიიქცა: გამოირჩია თანა-ძჳრის-ხილვაჲ ერსა თანა ღმრთისასა, ვიდრეღა რაჲთა აქუნდეს საწუთროჲ იგი საშუებელი ცოდვისაჲ (ებრ. 11.25); ვინც, თვით ბუნებისგან ჰქონდა რა მინიჭებული სიყვარული სიმართლისა, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ერის წინამძღოლობა მიენდობოდა, ბოროტების ბუნებრივი სიძულვილის გამო, როგორც ჩანს, თვით სიცოცხლის ფასადაც კი მზად იყო დაესაჯა უკეთურნი; ვინც, დევნილმა იმათგან, ვისაც კეთილი უყო, ეგვიპტელთა შფოთნი ხალისით დატოვა, ეთიოპიას მიაშურა და იქ სხვა საქმეთაგან სრულიად მოცლილი, მთელი ორმოცი წლის მანძილზე არსებულთა ჭვრეტას შეექცა; ვინც უკვე ოთხმოცი წლისამ იხილა ღმერთი, როგორც კაცს შეუძლია იხილოს იგი, ან უფრო სწორად, თვით ღმრთისავე დამოწმებით, როგორც მანამდე არავის უხილავს: უკუეთუ იყოს ვინმე თქუენგანი წინასწარმეტყველ უფლისა, ჩუენებით გამოვეცხადო მას და ძილსა შინა ვეტყოდი მას. ხოლო არა ვითარცა მოსეს, მსახურსა ჩემსა, რომელი ყოველსა სახლსა ჩემსა სარწმუნო არს. პირისპირ ვეტყოდი მას, ხილვით და არა იგავით (რიცხვ. 12.6-9).
ვინც, ანგელოზთა მსგავსად ღმრთის პირისპირ ხილვის ღირსი გახდა, იმას მოგვითხრობს, რაც ღმრთისაგან ესმა. მოვისმინოთ ჭეშმარიტების სიტყვები, რომელნიც არა რწმუნებით კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისაჲთა არიან თქმულნი (I კორ. 2.4-13) და მიზნად არა მსმენელთაგან შექება, არამედ იმათი გადარჩენა აქვთ, ვინც მათ შეისწავლის.
2. დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა (შესაქ. 1.1), საკვირველება აზრისა სიტყვას მიჩერებს. პირველად რა ვთქვა, განმარტება საიდან დავიწყო? წარმართების ამაოება ვამხილო თუ ჩვენი ჭეშმარიტება შევაქო?
ელინმა ფილოსოფოსებმა ბუნებაზე ბევრი იმსჯელეს, მაგრამ არცერთი მოძღვრება მტკიცე და ურყევი არ ყოფილა, რადგან წინა მოძღვრებას ყოველთვის მომდევნო ამხობდა. ამიტომაც, ჩვენ მათი მხილება აღარ გვჭირდება, ერთმანეთის დასამხობად თვითონაც საკმარისნი არიან.
რომელთაც ღმერთი ვერ შეიცნეს, მათ ვერც სამყაროს დაბადების გონიერი მიზეზი გულისხმაყვეს და სხვა დასკვნებიც ერთმანეთის მიყოლებით ამ პირველი უგუნურების შესაბამისად გამოიტანეს.
ამიტომაც ერთნი მატერიალური საფუძვლებისაკენ მიილტვოდნენ და ყოველივე არსებულის მიზეზად კოსმოსის სტიქიებს თვლიდნენ, სხვების წარმოდგენით კი ხილული საგნების ბუნებას განუყოფელი და დაუნაწევრებელი სხეულები, სიმძიმე და ფორმები ქმნიდნენ.
რამდენადაც განუყოფელი სხეულები ხან ერთმანეთისაკენ მიისწრაფვიან, ხან კი ერთმანეთისაგან განიზიდებიან, ამდენად დაბადებაცა და დაღუპვაც თითქმის ამისდა შესაბამისად ხდება; ხოლო იმ სხეულების ხანგრძლივობის მიზეზი, რომელნიც სხვებზე დიდხანს არსებობენ, ატომების უმტკიცეს შეერთებაში მდგომარეობს.
ჭეშმარიტად ობობას ქსელს ქსოვენ ამის დამწერნი, რადგან ზეცას, მიწასა და ზღვას უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ასე მცირესა და სუსტ საწყისებს უდებენ.
მათ არ იცოდნენ და ვერ თქვეს: დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა.
მათში დამკვიდრებულმა უღმერთობამ შეაცდინა ისინი და აფიქრებინა, რომ ყოველივე განმგებლობისა და წესრიგის გარეშე არსებობს და მოძრაობას შემთხვევით იწყებს.
ჩვენც რომ იგივე არ დაგვემართოს, სამყაროს შესაქმის აღმწერი, ღმრთის სახელით, მყისვე გვინათებს გონებას პირველივე სიტყვებით, როცა გვეუბნება:
დასაბამად ქმნა ღმერთმან.
რა მშვენიერი რიგია! პირველად დასაბამი მოიხსენია, რათა ვინმეს სამყარო დაუსაბამო არ ჰგონებოდა და შემდეგ დაუმატა ქმნა, რათა ეჩვენებინა, რომ ქმნილება შემოქმედის ძლიერების მხოლოდ უმცირეს ნაწილს წარმოადგენს.
მსგავსად მექოთნისა, რომელიც თავისი ხელოვნებით მრავალ ჭურჭელს ქმნის, მაგრამ ამით არც ოსტატობა და არც ძალა აკლდება, ასევე ყოველთა შემოქმედსაც, რომელსაც მხოლოდ ერთ სამყაროსთან შესწორებული შემოქმედებითი ძალა როდი აქვს, არამედ ბევრწილად აღმატებული, ნების ერთი წამისყოფით მიანიჭა არსებობა ხილულთა სიდიადეს.
უკეთუ სამყაროს დასაბამი აქვს და შექმნილია, გამოიძიე, ვინ მისცა დასაბამი და ვინ არის მისი შემოქმედი.
უმჯობესი იქნება ვთქვათ, რომ მოსემ, რათა ყოველივე ეს შენ კაცობრივი მსჯელობებით არ გეკვლია და ჭეშმარიტებისაგან არ მიქცეულიყავი, თავისი მოძღვრებით დაგვასწრო და ჩვენს სულებზე, ვითარცა ბეჭედი და ზღუდე, ღმრთის ფრიად ძვირფასი სახელი აღბეჭდა და თქვა:
დასაბამად ქმნა ღმერთმან.
ამ ნეტარმა ბუნებამ, მოუკლებელმა სიკეთემ, ყველასათვის, ვისაც კი გონება მიეცა, საყვარელმა და ფრიადსასურველმა სახიერებამ, დაბადებულთა დასაბამმა, ცხოვრების წყარომ, გონიერმა ნათელმა და მიუწვდომელმა სიბრძნემ დასაბამად ქმნა ცაჲ და ქუეყანა...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев