სიყვარულში მეც
დამდეს ბრალი,
დაბნეული ვარ
და ბედისგან
ველი განაჩენს...
სიყვარულისთვის,
არ მომიკრავს
არასდროს
თვალი,
ცილს მწამებენ და
ველოდები კიდევ
დანარჩენს.
ცილს მწამებს ბევრი,
ბოროტება,
შური და ბოღმა,
აქ, მოსამართლის
წოდება აქვს
თავად სიცივეს...
და ყოველ ღამით,
იმას ბჭობენ,
მტანჯონ თუ მომკლან,
რადგან ეს გული,
სულ არ ჯავრობს,
ამათ სიმცირეს.
ბრალდებული ვარ,
სიყვარულში
მედება ბრალი,
წუხელ, ჩემს გამო,
მეგობარი მთვარე,
დაკითხეს...
ვხედავ, განიცდის,
მთვარეს ცრემლით
ევსება თვალი,
არ უნდა,
ჩვენი მეგობრობა,
ამით დაკნინდეს.
მრავალი კითხვა,
მხოლოდ თავის
ქნევით უარყო,
გაშმაგებული
მოსამართლე,
აშინებს მთვარეს...
მითხარი: ბრალი
რომ მიუძღვის,
ნუღარ უარობ,
თორემ, იცოდე
მოგანატრებ
ბედკრულო ღამეს!
ბრალდებული ვარ!
ჰოდა, ისევ მე
ვაგებ პასუხს!
ვუთხარ სიცივეს და
წავიღე ხელი უბეში...
ვიღებ სიყვარულს,
გულის მხურვალ
კუნჭულში ჩასმულს,
თან ბოდიშს ვუხდი,
რომ შევახე,
ხელი უხეში.
არ მომიპარავს,
თავად გაჩნდა,
ჩემში ჩასახლდა,
გინდათ? გაჩუქებთ!
მივუბრუნდი,
შურსა და ბოღმას...
აჰა, წაიღეთ!
რაც ჩემს ხელის გულზე
სჩანს ახლა!
ვეღარ ვუძლებდი,
სიყვარულის
გმინვას და ოხვრას.
ბრალდებული ხარ!
რამდენს ბედავ,
ხმას დაუწიე!
შფოთავს სიცივე,
ცივი მზერით
გამყინავს თითქოს...
და გამახსენდა გრძნობა,
ძველად მეც
რომ ვიწვნიე,
ისე მიყვარდა,
ვერ დავარქვი "სიცივე"
იმ დროს.
შური და ბოღმა,
დაერივნენ
ერთმანეთს უცებ,
რადგან, ვერ შეძლეს,
სიყვარულის ორად გაყოფა...
განცვიფრებული,
სამსჯავროზე
ვზივარ და ვუცქერ,
მადლობა უფალს,
მათ გარეშე
რადგან მამყოფა.
ბრალდებული ვარ!
მაგრამ სმენას
მოვითხოვ ისევ!
მივმართე თავად,
გაკვირვებულ
მსაჯულ სიცივეს...
არც შენ, არ მოგწონს
ეს კამათი გატყობ,
რომ გიცქერ,
ჩხუბობენ რადგან,
განიცდიან სითბოს სიმცირეს.
ისევ ვაბრუნებ,
ჩემს სიყვარულს,
ჩემსავე გულში,
რადგან ვიცი,
რომ არავის არ დააზიანებს...
ნუღარ ეცდებით,
იბატონოთ,
გულში და სულში,
ერთურთით დავტკბეთ,
დაგვაცადეთ ადამიანებს.
შავლეგო


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1