შენ შემოგევლოს შენი დედა,ჩემო სიცოცხლე,
რა დროც არ უნდა გავიდეს დე,ერთი იცოდე-
არ შეგაშინოს ცხოვრებაში უსამართლობამ,
არ გაბოროტდე,რაც არ უნდა ძლიერ გციოდეს...
სულს გაუფრთხილდი-მთავარს,რაც კი უფლისგან გერგო,
გთხოვ,დიდობამდე გაიყოლე ტკბილი ბავშვობა.
წლები გაკვალავს შენს ფიქრებში თავის კალაპოტს-
დე,შეიძლება ინატრო და ეს დრო არ მოვა...
დედას იმედო,დააფასე ყველა სიკეთე,
მინდა გასწავლო თეთრისა და შავის გარჩევა...
ვინც გაგიღიმებს მეგობარი არ არის ყველა,
დაიმახსოვრე:ავი კაცი,ავად დარჩება!..
არ დაუჯერო ყველას,ვინც კი დობას გიფიცებს,
ძმობის ფიცს მიღმაც ირევიან ცუდი ზრახვები...
უფალს მიენდე,საკუთარ გულს ჰკითხე და ისე,
თავაწეულმა შენს გზას მტკიცე რწმენით გაჰყევი...
შენ ჯერ არ იცი,განსაცდელსაც გარგუნებს ბედი,
მოულოდნელად შეიძლება ცა ჩამობნელდეს...
შენთან ვიქნები,მე არასდროს არ მიგატოვებ,
შენში ვიქნები- დედის ლოცვა არ გაგინელდეს...
დე,ახლა ფრთხილად გეფერები მძინარეს თმებზე,
შიში მაქვს დედი,შენი შიში ძარღვებს მიხვრიტავს.
მე შეიძლება ხვალ საერთოდ არ ვიყო მაგრამ...
დავლოცავ შვილო შენს სილაღეს და ხმას- ტიტინას...
ღმერთო ძლიერო,გადმოჰხედე მოწყალე თვალით,
ჩემს პატარა შვილს,მოაფარე სინათლის კალთა,
შენ უწყალობე წლები,გზები მშვიდად სავალი,
რომ მწუხარების არასოდეს მივიდეს კართან...
შენ შემოგევლე,ჩემო გულო,ჩემო მერცხალო,
მილიონ სანთლად დავიწვები შენი გულისთვის...
მადლობელი ვარ პაწაწინა სუნთქვით რომ მათბობ,
მადლობელი ვარ უანგარო სიყვარულისთვის.
ია ნანეიშვილი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6