**********************************************************
ვინ სთქვა ემიგრანტი გადაჯიშდა,
მხარე გადაცვალა ზღაპრული,
ვინ სთქვა ემიგრანტმა სისხლი შეიცვალა,
ენა დაივიწყა ქართული.
ვინ სთქვა დაბრუნებას არ ვნატრობდეთ,
სულში ჭრილობები ბატონობს,
ჩვენ თუ ყოველ დილა მოგიკითხავთ,
ერთხელ თქვენც გვიკითხეთ ბატონო.
ჩვენთვის დრო ყველაზე ძვირფასია,
წუთი თითებზე გვაქვს დათვლილი,
აქ ხომ საკუთარ თავს არ ვეკუთვნით,
დრო გვაქვს სხვანაირად გათვლილი.
ვინ სთქვა ემიგრანტის უგულობა,
ვინ სთქვა ამოგვიშრა ცრემლები.
წლები გაგვიფრინდა უთქვენობით,
აქ ხომ დროზე ადრე ვბერდებით.
სცდები მეგობარო, დამიჯერე,
გული უთქვენობით მკვდარია,
ჩიტი მაშინ იფრენს თავისუფლად,
ღიას თუ დატოვებ გალიას.
ჩემებრ თუ დაეცი, ასადგომად
ხელს მე გაგიწოდებ საშველად,
იქნებ მაშინ მიხვდე, გულის ფსკერზე
თუ რა ტკივილები დამჩემდა.
თუ რა ძნელი არის, ემიგრანტი
მერქვას სხვის მიწაზე სახელად,
იქნებ გამოსცადო მეგობარო,
ტვირთი გვიზიდნია რამხელა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6