ხვალ სამი მარტია, დედების დღე. ყვავილებს დავკრეფ და თბილისში წავიღებ გასაყიდად -გულში თავისთვის ფიქრობდა პატარა ლუკა. სისხამ დილით მინდორში გავიდა. ღაჟღაჟა, დაცვარული ტიტები დაკრიფა და ერთ დიდ კონად შეკრა. მოხუც ბაბუას დაემშვიდობა, რომელიც საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფისთვის დამახასიათებელი ხრინწიანი ხმით ახველებდა წამდაუწუმ, და გზას გაუდგა ქალაქისაკენ.
მზე კაშკაშა სხივებს აფრქვევდა წყნეთის მდელოებსა და მწვანე გორაკებს. ჰაერში გაზაფხულის საამო, არომატული სურნელი ტრიალებდა. ლუკამ ზურგზე მოკიდებული ტიტების ვეებერთელა კონა ავტობუსის გაჩერებასთან მიათრია, რკინის სკამზე ჩამოჯდა და ჩანთა გვერდზე დაიდო. ბილბორდის წითელ, მოძრავ სტრიქონებს ალმაცერად ახედა, ავტობუსის მოსვლამდე ორი წუთიღა იყო დარჩენილი.
ავტობუსში კონტროლიორი და ხუთიოდე ადამიანი იჯდა, რომლებიც ინდური სერიალის კადრებზე მუსაიფობდნენ, იცინოდნენ, ჩურჩულებდნენ.
ხალხი ბედნიერი გამომეტყველებით მოძრაობდა ასფალტის ტროტუარზე. ლუკა ნაღვლიანი თვალებით აკვირდებოდა ავტობუსის ფანჯრიდან აყვავებული ტყემლებისა და ატმების ხეებს. ყვითელმა ავტობუსმა ბრუხუნითა და კივილით ჩაიარა მთაწმინდის პლატოზე მდებარე დაკლაკნილი გზა. ცამეტი წლის ლუკა ტროტუარის კიდესთან დადგა გაფოთლილი ნეკერჩხლის გვერდით. ყვავილთა წყებიდან სამი ცალი ტიტა ამოიღო, ნედლი ღეროები მწვანე ძაფით შეკრა და პირველ კლიენტს დაელოდა.
ბიჭის სათნო და მოკრძალებული გამომეტყველება სიბრალულისა და თანაგრძნობის განცდას იწვევდა ყველა ადამიანში. ბავშვის თვალებიდან თითქოს თავად სიკეთე იცქირებოდა.
ობოლი ლუკა ბავშვური, წკრიალა ხმით დროდადრო გაიძახოდა - ''შეიძინეთ ტიტები, ახალდაკრეფილი ტიტები, იაფად''.
მიდიოდნენ და ყიდულობდნენ ყვავილებს ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები, მამაკაცები და ქალბატონები. ზოგი ორმაგს უხდიდა, ზოგი სამმაგს, ზოგიერთი თავის ფასში იძენდა სუფთა მინდვრის ტიტებს. რას წარმოიდგენდა ლუკა ყვავილებს თუ ასე სწრაფად გაყიდიდა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,მეცხრე ცას ეწია სიხარულით. გაცრეცილი ქურთუკის ჯიბეები ლითონისა და ქაღალდის ფულით ჰქონდა გაბერილი. ბოლოს რამდენიმე ცალი ტიტა დარჩა. გაცისკროვნებული თვალებით დარჩენილ ყვავილებს ზევიდან დააცქერდა. უცებ რაღაც მოაგონდა, რაღაც, რის გახსენებაც გულს უკლავდა და სულს უხუთავდა. ჩანაღვლიანდა, სახეზე თითქოს მღვრიე კაეშანი გადაევლო.
- გამარჯობა ყმაწვილო!
- გაგიმარჯოს ძია- ბავშვი ფიქრებიდან გამოერკვია.
- აბა მითხარი, რამდენად ჰყიდი მაგ ლამაზ ტიტებს?!
- არ ვყიდი ძია- ლუკამ უარის ნიშნად თავი გააქნია და ბაგე მოკუმა.
- სამმაგს გადაგიხდი და გამატანე მზეჭაბუკო- ალალად გაუღიმა უცხო მამაკაცმა.
- არ გამინაწყენდე ძია. ეს დარჩენილი ტიტები დედიკოს უნდა წავუღო- მორიდებულად ჩაილუღლუღა ბიჭმა.
მერე ყვავილებს მიუბრუნდა გამხდარი და დანამული თითები სამ ცალ ტიტას მტკიცედ შემოაჭდო, გულზე მიიხუტა, ჩანთაში ჩააწყო და როდესაც შემობრუნდა ხის ძველ სკამზე ქაღალდის ოცლარიანი შენიშნა დადებული, რომელსაც სიო ატოკებდა. მაშინვე ლურჯ კოსტიუმიანი კაცისკენ გაიხედა მადლიერების გამომხატველი თვალებით, რომელიც უკვე კარგა შორს წასულიყო. ლუკამ ჩანთა აიღო და იქ წავიდა, სადაც ბოლო წლებია ხშირად დადის. სასაფლაოს კარი გულაჩუყებულმა ჭრიალით შეაღო. თვალებზე ცრემლის კურცხალი მოადგა. უახლოვდებოდა დედის საფლავს, ტკივილის გორგალი ნელ-ნელა მაღლა ყელისკენ მოიწევდა და ხორხში ეჩხირებოდა. საფლავის ქვაზე დახატულ დედიკოს ჩაეხუტა, ნაზი ტიტები მიართვა და მწარედ ასლუკუნდა ლოდზე შუბლმიდებული.
ერთხანს მდუმარედ იჯდა საფლავის ქვასთან დედის სურათს ზურგით მიყრდნობილი. რას ფიქრობდა ნეტავ?! ქუთუთოები ტირილისაგან შესივებოდა. ალბათ უნდოდა დედა ცოცხალი ჰყოლოდა, ჩახუტებოდა და შუბლზე ეკოცნდა მისთვის. მაგრამ...
ბიჭმა უცებ შეამჩნია ტიტის წითელ ფურცელზე ფრთებხატულა პეპელა დამჯდარიყო და ფრთების ფახურით, თითქოს ყურადღების მიქცევას ცდილობდა. ლუკამ მისი დაჭერა სცადა, მაგრამ ამაოდ. პეპელა ისე სხარტად აფრინდა მაღლა, ყვავილთა წყებაც თან აიყოლა საფლავის მიწიდან და ჰაერში გაუჩინარდა.
ბოლოს ბიჭმა გადაწყვიტა შინ წასულიყო. დედის სურათს ლოყა მიადო, აკოცა და გულგაბზარული გადმოვიდა სასაფლაოს ეზოდან.
ვიღაც ხუჭუჭთმიანი ბავშვი, რომელსაც ხელში ლურჯი იების კონა ეჭირა ჭიშკრისკენ გარბოდა და თან დედას ეძახდა. მან თვალი გააყოლა და დაინახა როგორ ჩაეხუტა დედა-შვილი ერთმანეთს.
შუადღის ცა ღრუბლებს დაეფარა, გრგვინავდა. ლუკა თავდახრილი და წელშიმოხრილი სახლისაკენ ფეხით აუყვა აღმართს.
/რითმების კავალერი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 52