რამდენიმე წუთის წინ კი ეს ფოტო ვნახე და უბრალოდ არ შემიძლია არ ვთქვა...
საათი საათს მისდევს, დღე - დღეს... ზოგი სკოლისკენ, ზოგიც უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, სამსახურშიც ბევრი მიდის... ყოველდღე უამრავ ადამიანს ვნახულობთ, ზოგი გარბის, ზოგი მიდის, ზოგიც მისეირნობს... მაგრამ იცით, ქუჩაში უფრო მეტი ხალხია ვიდრე ვხედავთ, უფრო მეტია, ვიდრე გარბის, მიდის ან მისეირნობს... მაგრამ ჩვენ ყველას როდი ვხედავთ... რამდენჯერ გვინახავს ასეთი ბებო, მოხუცი, პატარა, მოწყენილი სახით რომ მიყუდებულა ცივ კედელს და მთელს ენერგიას თავის ხელს ატანს, წინ რომ გაიშვიროს და მოწყალება ითხოვოს... ხომ ბევრი გვინახავს ასეთი? გვინახავს... გვინახავს და ბევრჯერ გვერდიც ისე აგვივლია, თითქოს კედლის ნაწილი იყოს და არ სუნთქავდესო... არადა ის ცოცხალია! მეტიც, ვინ იცის, რამხელა წარსული ჰქონდა მას, ვინ იცის რა გულისტკივილი აქვს, ვინ იცის რატომ დგას ის აქ და რა მახე დაუგო ამ ცხოვრებამ? არავინ... ხალხი მიდი-მოდის, ის კი ზის, განწირული, უიმედო სახე აქვს და ალბათ გამვლელთა ნაბიჯების ხმა წარსულის საკრავზე აჟღერებულ ჰანგებად ჩაესმის დანაოჭებულ, ფუმფულა ყურში... ჩაესმის და ახსენებს სირბილს, სირბილს თავისას, იმ ხმას ახსენებს, ბავშვობაში დედიკო რომ ჩაიკუზებოდა, ხელებს გაშლიდა და ისიც მირბოდა, მირბოდა თავქუდმოგლეჯილი, რომ ჩახუტებოდა და ეგრძნო სიყვარული... მაგრამ დღეს? დღეს მხოლოდ ცივ კედელს ეხუტება... არავინ აქცევს ყურადღებას... ერთი-ორი თუ მიუგდებს 5 თეთრს, ისიც, ძლივს გამეტებულს... ბიჭები შაურმას ჭამენ, იქეთ ვიღაც ჰამბურგერს მიირთმევს, ვიღაც წუწუნებს, რატომ აიფონი არ მაქვს ამის დედა ვატირეო... ბებო კი ზის, არც წუწუნებს, ვერც რამეს ჭამს, უბრალოდ ზის და ერთ წერტილს მიშტრებია... ირგვლივ ხმაური იქნებ ბავშვობას ახსენებს, ბავშვობას, რომლისგანაც არავინ და აღარაფერი დარჩა... ცივი ცრემლი ჩამოუგორდება დანაოჭებულ, რბილ ლოყაზე და გული უკვდება... ალბათ ერთადერთი რაც მას უნდა, სიყვარულია, სიყვარული შვილებისა, შვილიშვილებისა, სიყვარული საყვარელი ადამიანებისა... მაგრამ სად არიან ისინი? იქნებ სულაც არ არიან ან იქნებ ახალი ''რენჯ როვერით'' გუდაურში მიდიან... ვინ იცის... ვინ იცის რამ მოხარა ეს მოხუცი ასე წელში... არავინ... ხალხნო, მაქვს სურვილი და მინდა ეს სურვილი თქვენც გაგიზიაროთ, იქნებთ თქვენც გაქვთ... როდესაც ასეთ მოხუცს ვნახავთ, ხომ შეგვიძლია გავიმეტოთ მისთვის მცირეოდენი დახმარება? ხომ შეგვიძლია ცივად არ ავარიდოთ თვალი? შეგვიძლია... ბევრი მინახავს, როგორ ამპარტავნულად აარიდებს-ხოლმე თვალს ასეთ მოხუცს და, დარწმუნებული ვარ, ამას ან მსგავსს გაიფიქრებდა: ამას საერთოდ ზედაც როგორ უნდა შევხედო, გაიწიე შე უბედურო, შარვალზე არ მომედოო... ნამდვილად ვგრძნობ ასეთ მომენტებში, როგორ ერიდება ხალხს, თუ,არ ვიცი ,რა მოსდით, რაღაც კედელი აშორებთ მათგან, რაღაც უშლით ხელს, რომ მივიდნენ და თუნდაც 20 თეთრი გაიმეტონ... კარგი იქნებოდა ეს კედელი თუ სამუდამოდ ჩამოილეწებოდა... რით ვართ მათზე მეტნი ჩვენ? მეტყვით ვინმე? რითი? სახლი გვაქვს? ფული გვაქვს? და ესაა ყველაფერი? ჩემი აზრით არა! მეტიც, ეს არაფერია! ტრაბახში არ ჩამომართვათ და, ერთხელ ასეთ მოხუცს მივეცი ძმაკაცის დაბადების დღისთვის გათვლილი ფული და ის ''სინათლე'', რომელიც მისი თვალბისგან გამობრწყინდა, არასოდეს დამავიწყდება! მე რა დამაკლდა ამით? ფული? მერე რა? სამაგიეროდ იმ ბებოს უდიდესი სიხარული მივანიჭე... გამიხარდება, თუ არავის დაენანება მათთვის ცოტაოდენი ფული ან ლობიანის ნატეხი მაინც...ვინ იცის ასეთ მოხუცს ჩაყლაპული საკვებისთვის რამდენჯერ გადაუყოლებია ცხარე ცრემლი, ცრემლი რომელიც შვილების, შვილიშვილების სიყვარულითა და მონატრებით იყო გამოტენილი... არავინ იცის!
მათი ხმა დაწვრილდა, თმა გაჭაღარავდა, ხელები დარბილდა - ბავშვებს დაემსგავსნენ... და ასე უყურადღებოდ უნდა იყვნენ! არა, ხალხნო, არა!
მაგრამ არც ის ვარგა, მოწყალება იმის გამო გაიღო, რომ მერე თქვა, აი, მე დავეხმარეო... მოწყალება უნდა გაიღო გულით! <3
მათი ოცნება შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნაა...
მაგრამ მათ გარემოცვაში ცხოვრება ყოველი მოხუცის წილხვედრი როდია. ვინ იცის, რამდენი მოხუცი ცხოვრობს ქუჩაში, რამდენი მოხუცი იხსენებს თავის ბავშვობას, როდესაც საყვარელ მშობელს ეხვეოდა კისერზე, როდესაც დედა ნანას უმღეროდა ძილისწინ... არავინ იცის...
იქნებ, ერთად შევქმნათ ის ქართული საზოგადოება, რომელიც ასეთ ხალხს არა გარიყავს, არამედ სითბოთი, სიყვარულითა და თანადგომით დაეხმარება დარჩენილი წლების გალამაზებასა და გაფერადებაში...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 19