ხო, ნამდვილი ზღაპრის, იყო და არა იყო რათი რომ იწყება. მისი ცხოვრებაც ესე დაიწყო, მდიდარი მეღვინის ოჯახში დაიბადა, მამამისმა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა, მერე გააკულაკეს. 8 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა და დედინაცვალი “ზრდიდა” მის უფროს დასთან ერთად. ესეც ისე მოხდა როგორც ზღაპარში. გაკულაკების შემდეგ მამამ ბათუმიდან სოფელში წაიყვანა, სადაც სკოლაში ყოველ დილით 8 კილომეტრს ფეხშიშველი დადიოდა. ერთადერთი ფეხსაცმელი მალე რომ არ გასცვეთოდა მანძილის დიდ ნაწილს ფეხშიშველი ფარავდა და სკოლას რომ მიუახლოვდებოდა მხოლოდ მაშინიც იცმევდა. სახლში დაბრუნებულს დედინაცვალი მჭადსაც უმალავდა. ფეხებმოყინული სახლში მოსული მშიერი იძინებდა და იზრდებოდა ადამიანად. სკოლა წარჩინებით დაამთავრა და მისი ცხოვრება შენებას დაუკავშირა, მშენებელი ინჟინერი გახდა. მამის აშენებული სოფლის სახლი დედინაცვალმა გაუყიდა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. სახლი გამოისყიდა და დედინაცვლიც ღირსეულად დაასაფლავა. მერე ბებიაჩემი შეუყვარდა, ალბათ ბებაიჩემსაც, დანახვისთანავე. ერთი შვილი ეყოლათ, დედაჩემი თამარი რომელსაც თურმე ნუკრის თვალები და ბევრი ხალები ჰქონდა და დღემდე ნუკრს ვეძახით, ხანდახან დედასაც. მერე დედას ერთი სიმპატიური ყმაწვილი შეყვარებია და ბაბუაჩემის ნუკრი წაუყვანიათ. ჩემი ძმა 7 თვეში დაიბადა და ნუკრის მზე მასზე გადავიდა. ერთი კილო და ცხრაასი გრამი ყოფილა, ეგონათ ვერ გადარჩებოდა, გადარჩა და დღეს თქვენი შვილების მერვე კლასის ისტორიის სახელმძვანელოს წერს. მეამაყება ოღონდ ნუ ეტყვით. გოგი 6 წლის იყო , მე 4–ის, როცა სახლში მარწყვებიან პლედში გახვეული ნინო მოიყვანეს. დედაჩემს არანაირი კრეატივი არ აღმოაჩნდა და შვილებს ყველაზე გავრცელებული სახელები დაგვარქვა: გიორგი, ირაკლი და ნინო . 7 წლის ვიყავი როცა ბაბუაჩემის ისეთი სიახლოვე ვიგრძენი განვაცხადე მე მისი ბიჭი ვარ თქო. ასე, ჩემი ნათქვამით და მათი მხადაჭერით აღმოვჩნდი ბაბუაჩემთან სოფელში. ცუდი დრო იყო, მატარებლით წავედით და გზაში ვაცნობიერებდი რაც ხდებოდა. მივყვებოდი ზღაპრის გმირს საზღაპრეთში, მაგრამ თბილისში ყველაზე ტკბილი მრჩებოდა. დედა, მამა, გოგი და პატარა ნინო. მატარებლის კუპეში მე მაღლა ვიწექი და მთელი გზა ტირილში გავატარე, ვნატრობდი მატარებელი გაფუჭებულიყო რომ არა ჩემი მიზეზით დავებრუნებინე ბაბუას უკან. ჩავედით ზღაპარში სადაც ჩემზე 2 კეთილი ზღაპრის გმირი ზრუნავდა. ბებიაჩემი ნამდვილი იმერელია. ფუმფულა, თეთრთმიანი. მისი თბილი ხელებით ყოველ დილით მიცხობდა ხაჭაპურს და მახვედრებდა ადუღებულ რძეს. ბაბუაჩემი ცხოვრებას მიწასთან სიახლოვით მიხსნიდა. ალბათ მაშინ გაღვივდა ჩემში ადამიანი, რაც დღემდე მომყვება (თუ რამე ადამიანური გამაჩნია). სკოლაშიც იქ გადავედი და მახსოვს მარტო მე მეცვა “Lee” ჯინსები და “ადიდასები”. ვერავინ წერდა ჩემსავით ცხრიანს დაფაზე და არავის ყავდა ჩემზე ბედნიერი ბებია და ბაბუა. ვერავინ ამაყობდა ჩემსავით მათი არსებობით, მაგრამ , არავის არ ახსოვს მე რა მენატრებოდა. მეც მინდოდა გაყინული თბილისური ცხოვრება და კერასინკის სუნი, ლამპაზე ადუღებული ჩაი და პურის რიგში დარჩენა, სანამ დედა ნინოს ბაღიდან გამოიყვანდა. ეს მარტო მე მახსოვს. ჩემები რომ ჩამოდიოდნენ დილიდან ეზოს ბოლოში ვიდექი და გზას გავყურებდი. რომ მიდიოდნენ ვიმალებოდი, რომ არ ენახათ როგორ მინდოდა მათთან წასვლა. არ მინდოდა ზღაპრის გმირების გულის ტკენა. ორი წელი გაგრძელდა ჩემი ზღაპარი – გაადამიანურება რაც დღემდე მომყვება. ეხლაც ყურებში მიდგას იმ ხის თვითმფრინავის პროპელერის ხმა დილით ხეზე რომ დამახვედრა ბაბუაჩემმა და ქარის მიმართულებას რომ დაჰყვებოდა. ჩემს ყველა სურვილს და ოცნებას სიხარულით ასრულებდა .
ბოლოს გული ვატკინე ზღაპრს გმირებს და თბილიში წამომიყვანეს, დედაჩემმა ვეღარ გაუძლო ჩემს ცრემლებს დამშვიდობებისას. მერე ყველაფერი გაბანალურდა. 17 წლის ვიყავი ბაბუამ ცალ თვალში სინათლე დაკარგა. მეორე თვალში იმდენი დავრჩით, ყოფნიდა ბედნიერს ევლო დედამიწაზე. ჩემი და ნარდის თამაშის დროს ქვებს პარავდა, თითქოს ისე მოუგებდა ვინმე. მერე ჯარში წამიყვანეს და ჯარიდან კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. ხერხემალი დამიზიანდა და ყმუილამდე მივყავდი ტკივილს, მაგრამ ვერ ვამბობდი. მინდოდა ჩემი ზღაპრის გმირებისთვის მადლობა და მედლები ჩამომეტანა. ასე გავიდა 8 თვე, წვალებაში და ნოსტალგიაში. ჩამოფრენა უამინდობის გამო 1 კვირით გადაიდო. ბაბუა ლოგინად ჩავარდა და ბოლოს მხოლოდ ერთ ერთ წინადადებას იმეორებდა თურმე: “ რით ვეღარ ჩამოფრინდა ჩემი ბიჭიო”. დაკრძალვის დღეს ძლივს ჩამოვუსწარი. ეზოში შემოვედი და ცოტა ხანში ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ ვისთან ერთადაც კოსოვოში ვიყავი. გიორგი დემეტრაშვილი სახლშიც არ მისულა , ფორმაც არ გამოუცვლია ისე წამოვიდა ჩემთან. ყველაფერი ისე იყო როგორც “ფესვებში”: გარეთ ძალიან წვიმდა და მთელი სოფელი ქოლგებით ელოდა ჩემი, კეთილი გმირის შვილიშვილს, ჩამოსვლას. საათი ჩამოვუტანე და გავაცილე. მას მერე ყოველ დღე ველოდები როდის შემოაღებს კარებს და გამიღიმებს ჩემი კეთილი ზღაპრის გმირი, რომელიც ზუსტად ვიცი ზღაპრის სამოთხეში მოხვდა .


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2