ბერმა პორფირიმ უთხრა ბავშვთა ექიმს:
- უთხარი დედებს, დაე, შეიგნონ, რაოდენ დიდი პატივი დასდო მათ ღმერთმა იმით, რომ ღირს – ჰყო დედებად გახდომისა. იმ წუთიდან, რაც თავის თავში ატარებენ ჩასახულ ემბრიონს, მათ აქვთ მეორე სიცოცხლეც.
დაე, დედა ესაუბროს თავის შვილს მუცელში. ჩანასახი ყველაფერ ამას საიდუმლოდ გრძნობს. დაე, დიდი სიყვარულით ილოცოს მისთვის. დედის უსიყვარულობას, ნერვიულობას, მრისხანებასა და სიძულვილს გრძნობს არა მარტო დაბადებული ბავშვი, არამედ ჩანასახიც… და მის პატარა სულში ჩნდება ტრამვები, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება.
დედის წმინდა გრძნობები და წმინდა ცხოვრება ჩასახვისთანავე აკურთხებენ მის ჩვილს. ეს თანაბრად ეხება მამასაც.
(მონაზონ აღაპის წიგნიდან ,,ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც ჩემს გულში აანთო ბერმა პორფირიმ.’’)
შვილები უფლისაგან მოიცემიან არა როგორც ტვირთი და სასჯელი, არამედ როგორც გათხოვილი ქალის კურთხეული გზა – ცხოვრების ჯილდო და ნუგეში. ,,სამკვიდრებელნი უფლისანი არიან შვილნი და სასყიდელი მათი – ნაყოფი მუცლისაი’’(ფსალ 126-3), – ამბობს ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველი.
და მაინც, ბევრი მომავალი დედა ვერ აცნობიერებს, რომ შვილი მას ღვთისაგან ეძლევა. სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე მშობლებს ხშირად სურთ, დაგეგმონ მომავალი, განსაზღვრონ, რამდენ შვილს იყოლიებენ და უფლის განგებას არად აგდებენ. თავის მართლებასაც კარგად ახერხებენ… ასეთ მშობლებზე მნიშვნელოვანია იღუმენია ფილოთეას საუბარი ბერ პაისი ათონელთან:
,,მათ (მშობლებს) უნდა სწამდეთ, რომ უფალი, რომელიც ჩიტებზეც კი ზრუნავს, გაცილებით უფრო მეტად იზრუნებს მათ შვილებზე. მახსენდება ერთი მეზღვაური, რომელიც თვრამეტი წლის ასაკში დაქორწინდა. თავადაც ღარიბი იყო და ცოლიც ღარიბი ოჯახიდან ითხოვა. მათ ნაქირავებ სარდაფს შეაფარეს თავი. ცოლსაც და ქმარსაც ძალიან დაბალანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდათ და დიდ გასაჭირში იყვნენ. წარმოიდგინეთ, მაგიდის ნაცვლად ყუთი ედგათ! შემდეგ მათ შვილები ეყოლათ, მათი აღზრდისთვის პურსა და წყალზე მოუწიათ გადასვლა. მაგრამ ნელ-ნელა გამდიდრდნენ და პირობებიც გაიუმჯობესეს.არიან ისეთი მეუღლეები, რომლებიც ცდილობენ, ჯერ ყველა სხვა საკითხი მოაწესრიგონ და შემდეგ დაიწყონ შვილებზე ფიქრი. ასეთი ადამიანები ღმერთს ანგარიშს არ უწევენ, მის ნებას ყურადღებას არ აქცევენ. სხვები ასე ამბობენ: დღეს ცხოვრება გაჭირდა, ერთი ბავშვიც გვეყოფა. ერთის გაზრდაც ძალიან ძნელია! და ერთზე მეტს არ აჩენენ. ამ ადამინებს არ ესმით, რომ ამგვარი ფიქრით ძალიან დიდ ცოდვას სჩადიან, რადგან ისინი ღმერთზე არ ამყარებენ იმედს. ღმერთი მოწყალეა. ის აღარ მისცემს მეუღლეებს შვილს, თუ დაინახავს, რომ მათ მეტი ბავშვის აღზრდა არ ძალუძთ.’’
მომავალი დედა რელიგიურად უნდა ცხოვრობდეს. ორსულ დედას ყველა უნდა გაუფრთხილდეს, ხელი უნდა შეეწყოს მის სულიერ სიმშვიდეს, რადგან წმ. იოანე ოქროპირის თქმით, ,,დედამ შვილის შობით, პირველ რიგში, ქვეყანას ადამიანი უნდა მოუვლინოს, შემდეგ კი მისი სახით ზეცას ანგელოზი უნდა მისცეს. არ არსებობს უფრო დიდი ხელოვნება, ვიდრე აღზრდის ხელოვნებაა. ფერმწერი, ხელოვანი მხოლოდ უსიცოცხლო ფიგურას ქმნის, ბრძენი აღმზრდელი კი – ცოცხალ სახეს, რომლის შემხედვარე უფალიც ხარობს და ხალხიც.’’
არ უნდა დაგვავიწყდეს იღუმენია ფილოთეას საუბარი ბერ პაისი ათონელთან, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს მომავალ დედებს, როგორ აღზარდონ შვილები მუცლადყოფნის პირობებშიც, რათა მომავალში თავიდან აიცილონ შვილის გაუკუღმართებული ხასიათი და არასწორი ცხოვრების არჩეული გზა.
,,ბავშვის აღზრდა ფეხმძიმობიდან იწყება. თუ მომავალი დედა ღელავს, მაშინ მისი ჩანასახიც ღელავს. ხოლო თუ დედა ლოცულობს და სულიერად ცხოვრობს, მაშინ მისი ნაყოფიც იკურთხება. ამიტომ ფეხმძიმე ქალი უნდა აღავლენდეს იესოს ლოცვას, კითხულობდეს სახარებას, გალობდეს და ინარჩუნებდეს სულიერ სიმშვიდეს. ახლობლებმაც ხელი უნდა შეუწყონ მის სიმშვიდეს. ასეთ შემთხვევაში ბავშვი დალოცვილი დაიბადება და მის მშობლებს არ შეექმნებათ სირთულეები მასთან დაკავშირებით არც ადრეულ და არც მოზრდილ ასაკში.ახალშობილს დედა ძუძუთი უნდა კვებავდეს. რაც უფრო მეტ ხანს – მით უკეთესი, რადგან დედის რძით ბავშვს ჯანმრთელობა უმტკიცდება. დედის რძესთან ერთად ბავშვი იღებს სიყვარულს, სინაზეს, ნუგეშს, უსაფრთხოებას და ამ გზით ძლიერი ხასიათის ადამიანად ყალიბდება. გარდა ამისა, ძუძუთი კვება დედასაც ეხმარება. ქალებს, რომლებიც თავიანთ შვილებს ძუძუთი არ კვებავენ, ორგანიზმში სხვადასხვა ანომალიები უვითარდებათ, რაც შეიძლება მკერდის მოკვეთის მიზეზი გახდეს.
დედა, რომელიც უსაქმურობს და შვილს საკუთარი რძით არ კვებავს, მას უსაქმურობისა და სიზარმაცის ,,მიკრობებს’’ გადასცემს. დედები არ კვებავენ შვილებს ძუძუთი და ბავშვებიც უნუგეშოდ იზრდებიან. ვინ მისცემს მათ ქილა ძროხის რძით სითბოს, სიყვარულს?! ჩვილები გამოყინულ შუშის ბოთლზე წამოცმულ მაწოვარას წოვენ და მათი სულიც იყინება. შემდეგ კი, მოზრდილ ასაკში, სულიერი მღელვარების დასაძლევად ნუგეშს კვლავ ბოთლში ეძებენ – სმას იწყებენ და ლოთდებიან. თუ ბავშვები თავად არ იღებენ სიყვარულს, ისინი ვერც თავიანთ შვილებს გადასცემენ მას. მერე კი დედები მოდიან და მთხოვენ: ,,ილოცე, მამაო, შვილი ხელიდან მეცლება.’’
უფალმა ყველა მომავალ დედას მიმადლოს ძალა, პირნათლად შეასრულოს ღვთის კურთხევა, შეძლონ შვილის ჯანსაღად და ღვთის სათნოდ აღზრდა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3