ქალავ არ ვტყუი და ეგებ დამიჯერო,
ვნება დიდია და გრძნობა ნამდვილია,
ლექსი აღარ მყოფნის, მეტი რა გიმღერო.
ზეცა სულ სხვაა და მოსჩანს ვარსკვლავები
ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე დაგინახავს,
როცა ''დავეყრებით'' ბანზე ნამგზავრები,
ყველა ნაოცნებარს ცხადში დავისახავ.
ღამეც სულ სხვა იცის მთებში მშვენიერო,
მთვარე გაგვინათებს ბილიკს მოწიწებით,
დილით, ადრიანად კლდეებს შევყვები და
როგორც წყაროს წყალი ისე მომინდები.
თითქოს საფიქრალში სულ შენ მეორდები,
ნისლი მომერევა მთელის გავეშებით,
მაგრამ როცა ვიცი სახლში მელოდები,
მთიდან მონაწყვეტელ ზვავად დავეშვები.
როგორც მდინარეა ახალ ნაწვიმარზე,
ისე ამილეწავს სახეს სიმარტოვე,
ხოდა ცელქ ქარივით ქალო ნუ ხარ შარზე,
ან მთას გამომყევი ან და მიმატოვე.
თორემ სიყვარული დიდი შემიძლია,
თუმცა კაცი ვარ და ცუდად გამოვხატავ,
ჩემი კუშტი სახე თითქმის ღიმილია,
ხევსურ ღიმნარევი ან კი ვის უნახავს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев