ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან რეპატრიანტების ჩასახლება გრძელდება. მარიონეტული მთავრობის ინიციატივით, ამ ეტაპზე რეგიონში კიდევ 145 ადამიანის ჩასვლას ელოდებიან დამასკოდან. მთლიანად კი ოკუპირებულ აფხაზეთში, მარიონეტული მთავრობის ინფორმაციით, უკვე 550 რეპატრიანტი ცხოვრობს და მათი უმეტესობისთვის საცხოვრებელი სახლები სოხუმში საგანგებოდ აშენდა. ნაწილი კი ამ დრომდე სასტუმროებშია განთავსებული და ყველა ხარჯს მთლიანად მარიონეტული ხელისუფლება ფარავს. სოხუმში აცხადებენ, რომ ყველა მათგანი თავის დროზე სირიაში გადასახლებული აფხაზი მუჰაჯირია და ომის გამო მათ ისტორიულ სამშობლოში აბრუნებენ. თუმცა ეს მაშინ, როდესაც ადგილობრივ მაცხოვრებელთა სოციალური პირობები და მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ სირიიდან ადგილობრივი მოსახლეობის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასახლება კრემლის ინტერესებიდან გამომდინარეობს. კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ რუსეთი, როგორც სირიისთვის იარაღის მიმწოდებელი, ჰუმანიტარულ მისიასაც იღებს, რაც უსახლკაროდ დარჩენილი, იძულებით გადაადგილებული პირების დაბინავებას გულისხმობს.
ისტორიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ რეპატრიანტების დაბრუნება მარიონეტული ხელისუფლების თვითნებურად გადადგმული ნაბიჯია, ისტორიულ სამშობლოში საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად და ქართველების მიერ იძულებით მიტოვებული ტერიტორიების დასაკავებლად.
ამ დრომდე სირიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულ არცერთ პირს საქართველოს საგარეო უწყებისთვის არ მიუმართავს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, საზღვრის გადაკვეთას კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა ახორციელებდეს.