"ადამიანი იღლება, ადამიანს უჭირს იმ ჯვრის ტარება რომელიც მისცა მას უფალმა და ხშირი შემთხვევაა როცა ჩვენ თვითონ ვამძიმებთ ამ ჯვარს, არის შემთხვევა როცა ადამიანი ეცემა, ვეღარ მიდის წინ, ეცემა და სთხოვს უფალს, რომ უფალო მე არ მაქვს ძალა, რომ მოვიდე შენთან, შენ მოდი ჩემთან. ეს ძალიან ხშირია ჩვენს ცხოვრებაში და ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ცხოვრების გზა მუდამ ფიანდაზებით და ყვავილებით მორთული არ გვექნება, გვექნება განსაცდელი. საოცარი ფსიქოლოგი ბრძანდებოდა მეფე დავითი და ამბობს: "და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა." აი რა უნდა გავაკეთოთ იმ დროს, როცა მოეწყინება ჩვენთანა სულსა ჩვენსა?! ძალაგამოცლილები უნდა ავდგეთ და ისევ უფალს ვთხოვოთ ძალა. ასეთი უძლურება აქვს ყოველ ადამიანს და მეც თქვენთან ერთად. იყო ისეთი დღეები, ისეთი თვეები და წლები, როცა ძალიან უჭირდა ეკლესიას და ვეღარ ვპოულობდი გზას, აი იმ დროს დაიწერა ეს ძალიან უბრალო, მაგრამ გულიდან ამოსული სიტყვები და საგალობელი: დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო"
/ ილია II /