დიდი ლილოს მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს
დიდი ლილოს მოსახლეობამ დღეს სოფელთან ახლოს ნაგავსაყრელის მშენებლობის ადგილზე საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც „ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოზარ სუბართან ერთად შეუერთდა.
ირაკლი ალასანიას თქმით, იგი აპირებს გამოითხოვოს დოკუმენტაცია, თუ რის მიხედვით ხდება მშენებლობა.
„როგორც ჩანს, ეს მშენებლობაც, ისევე, როგორც ბევრი სხვა მშენებლობა ქალაქში, არის აბსოლუტურად სპონტანურად მიღებული უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შედეგი. თბილისის მერიამ, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინა ამ ადამიანების საკუთრების უფლება, მათ არავინ ჰკითხა აზრი იმის შესახებ, უნდოდათ თუ არა სახლებთან ახლოს ნაგავსაყრელის აშენება. გარდა ამისა, როგორც გავარკვიეთ, აქ გადის არხი, რომელიც შემდეგ თბილისის ზღვაში ჩაედინება და თუ ეს არხი მოიწამლება, ცხადია, მოიწამლება მთელი თბილისის მოსახლეობაც, განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, იგი უახლოეს პერიოდში გამოითხოვს და გაეცნობა დოკუმენტაციას, რის მიხედვით და რა პროექტით შენდება აღნიშნული ნაგავსაყრელი და ამის შემდეგ გადაწყვეტს, როგორ იმოქმედოს.