დღეს, ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძრვნილი კვირეული გაიხსნა. კვირეულის პირველ დღეს ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ავიაშოუ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ლ-39 „ალბატროსი“-ს, სუ-25 „მიმინო“-ს და AN-2 ტიპის თვითმფრინავებმა მიიღეს. ავიაშოუში UH-1H “იროკეზის” ტიპის ვერტმფრენიც იყო ჩართული.
დაბა ალექსეევკის საავიაციო ბაზის აეროდრომზე ავიაშოუ პარაშუტისტებმა გახსნეს. მათ AN-2 ტიპის თვითმფრინავებიდან გადმოხტომისას საქართველოსა და აშშ-ის დროშები გაშალეს. საავიაციო ბრიგადის მფრინავთა პირადმა შემადგენლობამ საფრენი აპარატებით უმაღლესი პილოტირების ისეთი ფიგურები მოხაზა, როგორიცაა ვერტიკალური კასრები, ვერტიკალური რვიანი, კასრები გორაკზე, გადაბრუნება გორაკზე, მარყუჟი კასრებით და რგოლით მარყუჟი სამეულში. საბრძოლო ვერტმფრენებმა შოუს ელემენტების გამოყენებით ის მანევრები შეასრულეს, რაც საბრძოლო მოქმედებების დროს ხორციელდება, მათ შორისაა: ბრძოლის ეპიცენტრიდან სამხედროების გადარჩენის ოპერაცია, საჰაერო თავდასხმა და შეტევის მოგერიება.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ალექსეევკას საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდნენ ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ წევრები. ავიაშოუზე დასწრება თავისუფალი იყო მსურველთათვისაც.