მძიმე ნევროზული სინდრომი, კეთროვანი და სეგმენტური დაზიანებით, სტეროიდული მიოპათია, წელის მალების ოსტეოპოროზი და პოლისკოპათია - ეს მძიმე დიაგნოზი 20 წლის ავთანდილ ხუჭუას დაუსვეს. ის წელს ქვემოთ მოწყვეტილია. მწოლიარე ავადმყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, მამა გარდაცვლილი ყავს, დედა გულის ნაოპერაციევია, ავადმყოფ შვილთან ერთად დედა ახლა ნათესავის ოჯახსაა შეკედლებული. საქართველოს ფილარმონიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის დირექტორმა ეკა ბულიამ ავთანდილ ხუჭუას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზება გააკეთა. შემოქმედებითი კოლექტივები განმუხურის სანაპიროზე ავადმყოფის დასახმარებლად შეიკრიბნენ და მოუწოდეს ყველა ორგანიზაციას თუ კერძო პირს მცირეოდენი წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში. საქველმოქმედო საღამოზე მონაწილეობდნენ სენაკის სამოდელო სააგენტო „გიოს" მოდელები. ზუგდიდის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოდიში" (ხელმძღვანელი მურთაზ შენგელაია), ზუგდიდის კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ჯგუფი- ხელმძღვანელი ლია ანთელავა, ევროპული და თანამედროვე ქართული ცეკვების ასოციაცია „გამა", ხელმძღვანელები ირმა და გოგა ფიფიები. კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად ავთანდილ ხუჭუას მკურნალობას მოხმარდება. ფილარმონიის რეგიონალური ფილიალი რიგით მე-20 საქველმოქმედო საღამოს ატარებს. ავთანდილ ხუჭუას სახელზე საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიშის ნომერი GE75BG0000000490844000, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩარიცხოს თანხა.