ხსენება ყოველთა წმიდათა - საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა.
11 (24) დეკემბერი
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია. არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ კელიებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭედდნენ საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს.
შეუძლებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ამაღლებულ ქრისტიანთა ჩამოთვლა, და, მით უმეტეს, შეუძლებელია მათი ღვაწლის აღწერა: „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები, ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები" (აკ. წერეთელი). სწორედ ამ შეუძლებლობის გამო წერია დღევანდელი დღის მოსახსენებელში, რომ „საქართველოში წამებულთა მამათა და დედათა შორის უნდა ვიგულისხმოთ" და ყველასათვის ცნობილ წმიდათა სახელებს გარდა, ქართული ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია მამათა და დედათა სამასამდე ქართული წარმოშობის სახელი.
ქართველ ქრისტიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ დღეს მოხსენებულ წმიდათა სახელებს ატარებს და მათგან ითხოვს მეოხებას.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.
„საქართველოს ეკლესიის კალენდარი", 2004 წ.