*ლექსის ტექსტი
სულ არ მადარდებს,
მზე რომელზე ამოდის დილით,
ან გათენება ახლოა თუ ისევ შორია,
რადგანაც ჩემთვის იქ მთავრდება ყოველთვის ძილი,
როცა თვალს ვახელ -
ანუ შენზე ვიწყებ ფორიაქს...
ვფიქრობ:
კარგად ხარ?
გაიღვიძე?
შენთან რა ხდება?
თუ ფხიზლდები და თმას ისწორებ თხელი ხელებით,
ლურჯი ტბის ფსკერზე ჩაძირულმა შენმა თვალებმა,
თუ გაარღვია
ძილის ცათა
სასუფეველი...
ადგები...
მერე ნერვიულად ითმენ სიმშვიდეს
და ჩემზე ფიქრი დილაობით შენი ბედია,
თუ გსურს პასუხი სიყვარულზე
ჰკითხე შენს თითებს,
რადგან თითები არასოდეს იტყუებიან..
მიხვალ სარკმელთან,
სულს შეიკრავს სახლის წინ ქუჩა
და ჟანგბადივით ჩაისუნთქავ განვლილ ცხოვრებებს,
რა გადავლახეთ თუ არ გახსოვს ჰკითხე შენს ტუჩებს
რადგან ტუჩები დეტალურად იმახსოვრებენ,
იმ მოგონებებს როცა ვიდებთ პირზე ბოქლომებს,
ვირჩევთ გზას უფრო ტკივილიანს, არა საჩვენოს,
როცა უსისხლოდ უნდა ვეცვათ ჯვარს და როგორმე
ჩვენ ჩვენ წილი სიყვარული გადავარჩინოთ...
აჰა ინათა,
ფეხაკრებით მოიწევს დილა,
თუ გათენდება, ისე უნდა გათენდეს ღირდეს...
და სანამ მირზა თავს მოიკლავს ვარდებიანად,
ვიდრე ქალაქი გაიღვიძებს და კიდევ ვიდრე,
ფანჯრის რაფასთან აიკეცავს ვარსკვლავებს ზეცა
ვიდრე ღრუბლები მზის გადაღმა გადაივლიან,
გეტყვი მიყვარხარ,
სიყვარულზე ათასჯერ მეტად
და შენს გარეშე არსებობა არ შემიძლია!!