გრიგოლ ორბელიანი
მუხამბაზი
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,
გინდა მკლავდე, არას გეტყვი - შენ ვარ.
სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,
გინდ ვერ მნახო, იცოდე, რომ იქა ვარ,
რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ!
ჩემთვის ჩუმად ვამბობ: „რა ლამაზი ხარ!“
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
რტო ალვისა შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
ეგ თვალები - ცაში ელვა მგონია.
ვარდის სუნთქვა - შენი სუნთქვა მგონია.
როს მეღირსოს, ვსთქვა: „გეთაყვა, ჩემი ხარ!“
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ათი გზა მაქვს, ათივე შენსკენ მოდის!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!