ხომ არის ზოგჯერ, ყველაფერი ხდება სულერთი,
ნოემბრის ქარებს თან დაჰყვება მელანქოლია...
შენ დადიხარ და გამუდმებით აგროვებ მზის სხივს,
მერე ხვდები რომ შეგროვილი არც რა გქონია...
ხომ არის ზოგჯერ, შეჩვეული ერთფეროვნება,
მოულოდნელად, წამიერად ხდება ფერადი
და გეჩვენება გამრუდებულ ჰორიზონტს იქით,
გელოდებიან და გაოცებს რისთვის ღელავდი.
ზამთარშიც ზოგჯერ გაზაფხულის საშური დღეა,
ხან ფიფქი ათოვს გაზაფხულზე გამოსულ კვირტებს...
არაფერს ამბობს საათობით მოლაპარაკე,
ზოგჯერ კი სიტყვა ან დუმილი სიყვარულს იტევს.
ხომ არის ზოგჯერ, ყველაფერი ხდება სულერთი,
შენ კი სულ ერთი... რომ დაგყვება შენი ჩრდილია,
ღრუბლები ახლა აშლილია ისე ჩემს თავზე,
იქნებ ფიფქებად გამოისხას თეთრი ლილია.
მარიკა ორჯონიკიძე