რამდენი წლის ვარ? რა გითხრა აბა?
არ ვითვლი ამ წლებს და არც თარიღებს.
ხან თუ ბავშვივით ზეცას შევხარი,
ხანაც სიბერის ვსინჯავ ნაპირებს.
რამდენი წლის ვარ? ნუ მკითხავ ასაკს,
თვითონაც მიჭირს წლების დადგენა,
ზოგჯერ სიჩუმე გამინაპირებს,
ზოგჯერ დარდების მიჭირს განდევნა...
იმდენი წლის ვარ, რამდენიც მყოფნის,
რომ მზე ენთოს და მათბობდეს გულში,
რომ სიყვარული შევძლო მოყვასის
და არ ჩამიქრეს სინათლე სულში.
იმდენი წლის ვარ, ვეღარც კი ვითვლი,
დღეებს გარდასულს ტკბილს და სევდიანს,
მაინც ბავშვი რომ მგონია თავი,
და ვფიქრობ, სადღაც ისევ მელიან.
ნუ მეკითხები ასაკს, ძვირფასო,
შენ მხოლოდ სულში ჩამხედე გრძნობით,
იმდენი წლისა ვიქნები მარად,
სიყვარულისთვის რამდენიც მყოფნის.
/ნანა ბეკოშვილი/