ჭავლის ბადეში მზე ფართხალებდა,
ჭალი ღვიოდა, როგორც ღადარი...
ქალი ფარულად მითვალთვალებდა
და მის თვალებში იდგა ავდარი.
წამბებ შეკრული, ტუჩ ამრეზილი,
ქალი დაეთრო მდინარის ალერსს
იწვა სილაზე სველი თევზივით
და მზეზე ვნებით ნაბავდა თვალებს.
მისი თვალების ლურჯ სიმუქეში
არ ჩამქრალიყო ჯერაც ანცობა:
ორი რიყის ქვა ეწყო უბეში,
რომ ჩაექოლა ჩემი კაცობა!
მზეს აეფიცხა ქალის სხეული,
ქალი იყო თუ ალი სხეული,
ელვის სისწრაფით მომედო ტანზე,
წყალში ვიდექი, მწყუროდა წყალი...
და იყო ასე: მზე მაღლა ცაზე
და მის ქვეშ, დაბლა- შიშველი ქალი!...
და თუმცა გრძნობა, ძალ-ღონეს ჰკარგავს,
ქალს მაინც მზესთან ჰქონდა ცილობა,
და გლეჯდა მკერდზე მოდებულ ლაგამს
ჯიუტი ტანის ატეხილობა!