წლები დამცვივდა ისე უბრალოდ,
ჭადრის ფოთლები მეგონა ქარში,
და მეშინია იმ დღის, უფალო,
როდესაც ჩემს სულს წიგნივით გაშლი.
ეს წუთიც ისე მალე დადგება,
მზის სხივებს ხელის კანკალით ვითვლი,
რაც სანუკვარი ჩანდა ამქვეყნად,
ყველაზე მძიმე გახდება ტვირთი.
ნეტავ მას, ვისაც სული უგალობს...
მე ვდგავარ, როგორც უფსკერო კასრი,
და მეშინია მოსვლის, უფალო,
უფრო მეტად კი – მაქედან წასვლის...