ძალიან დიდი ხანია ბევრი მეგობარი გვთხოვს ამ გენიალურ რეცეპტს და აი, დიზაინერმა და გურმანმა ქეთი გულისაშვილმა გამოგიგზავნათ!!!!
1. ფირფიტები: 200 გრამი კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ 1,5 ჭიქა შაქარი და გავაგრძელოთ თქვეფა შაქრის გადნობამდე. დავუმატოთ 200 გრამი არაჟანი, 1ჩ.კ.სოდა ძმრით და 3 ჭიქა ფქვილი. მივიღებთ ფხვიერი ცომის ერთგვაროვან მასას.
გავყოთ 4 თანაბარ ნაწილად და სათითაოდ გამოვაცხოთ. თუ არ გვაქვს ნამცხვრის ფორმაში ჩასაფენი სპეციალური ქაღალდი, ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ცოტა ფქვილი.
ფქვილიანი ხელით გავაბრტყელოთ ცომი ფორმაში და გამოვაცხოთ. ფირფიტა აირღუმელიდან გამოღებისთანავე გადმოვიტანოთ დაფაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ფხვიერი ცომი გაცივებისთანავე გამაგრდება და გადმოღებისას გაგვიტყდება.
2. კრემი: 200 გრამი კარაქი ვთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ 1 ქილა მოუხარშავი შესქელებული რძე, ვანილი და ვთქვიფოთ მანამ, სანამ მოცულობაში ცოტა არ მოიმატებს. დავუმატოთ 200–250 გრამი არაჟანი და ცოტა ხანს კიდევ ავთქვიფოთ ისე, რომ არ აგვეჭრას.
ნამცხვრის მონტაჟი: პირველ სამ ფირფიტას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ მოხალული და წვრილად დაჭრილი მიწისთხილი ან ნიგოზი. მეოთხე ფირფიტას კი ზევიდან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი და მოვაყაროთ დარჩენილი მიწისთხილი.
„ანიუტას“ თუ საღამოს მოვამზადებთ, დილისთვის კრემი ფხვიერ ფირფიტებს კარგად გაუჯდება.
3. შოკოლადის მინანქარი ანუ სარკალა /глазурь/: 2 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჭიქა შაქარი და 5 სუფრის კოვზი რძე კარგად ავურიოთ, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე/როგორც ყავა/. გადმოვდგათ, ცხელსავე დავუმატოთ 150 გრამი კარაქი და კვლავ კარგად მოვურიოთ. როდესაც შეგრილდება შეგვიძლია მოვსარკლოთ ჩვენი ნამცხვარი.
ტკბილად მიირთვით და წარმატებებს გისურვებთ კულინარიულ ასპარეზზე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев