მე არ მქონია ილუზია შენთან ერთობის,
და მიხაროდა, სულ შემთხვევით, როცა გხვდებოდი,
არასდროს მღლიდა შენი სახლის მძიმე ფერდობი,
თუ უსაშველოდ მახსოვდი და მენატრებოდი...
იყო ნუგეშიც, გაბრაზებაც, იყო წვიმებიც,
და უფრო მეტად შენებური იყო წვალება,
ასე მგონია, თუ სხვასთან ხარ, გამეყინები,
და არასწორად იმოქმედებს ფერისცვალება...
მე არ მქონია ილუზია სასწაულების,
და არც ღმერთისთვის მითხოვია ჯვარზე უარი,
სულ მენატრება ის პაწია ხელისგულები,
ვით სიყვარული, ქვეყანაზე სადმე თუ არის
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ
მინდა ჩავისუნთქო შენი ამოსუნთქვა
ჭიქა მოვიყუდო შენი ნაპირალი,
ისე მენატრება შენი მოფერება
ცრემლად მამჩნევია ყველა ნაფიქრალი
სული მეცოდება გული მანუგეშებს,
ტუჩებს ვიწვალებ და მხრებმა არ იციან,
თვალებს ვერ ვატყუებ შენ რომ ვერ გხედავენ,
თითქოს დაბრმავდნენო ისე განიცდიან
ხელებს რა მოვუყვე დილით რომ გეძებენ
ყელთან თბილი სუნთქვა რატომ შემაჩვიე,
გუშინ ჩავიარე შენი სახლის წინ და...
ფიქრში გახვეულმა ვერც კი შემამჩნიე
არა ვერ მიხვდები, ამას ვერ გაიგებ...
სიტყვით ვერ აგიხსნი გული სხვა რამეა,
მინდა ჩავისუნთქო შენი ამოსუნთქვა,
მოდი გაგახედო ნახე რა ღამეა...