ყოფნა?.. არყოფნა?.. საკითხავი აი ეს არის.
სულდიდ არსებას რა შეჰფერის? ის, რომ იტანჯოს
და აიტანოს მჩაგრავ ბედის ნესტრითა გმირვა,
თუ შეებრძოლოს მოზღვავებულ უბედურებას
და ამ შებრძოლვით მოსპოს იგი?.. მოსპოს სიცოცხლე...
ბოლო მოუღოს... მიიძინოს... სხვა არაფერი
ამ მიძინებით გათავდება ის გულის ქენჯნა
და ათასი სხვა ბუნებრივი უკუღმართობა,
რაიც ხორცეშესხმულ ადამიანს წილად ხვდომია.
განა ეს ბოლო სანატრელი არ უნდა იყოს?
მოვსპოთ სიცოცხლე... დავიძინოთ... რომ დავიძინოთ,
მერე სიზმრად იქ ვნახავთ რასმე?.. ძნელი არა არის,
არ ვიცით მაშინ რა სიზმრები მოგვევლინება,
როს სიკვდილის ძილს მივეცემით და მოვშორდებით
მოკვდავთ ცხოვრების მღელვარებას! აი ეს გვიშლის
და გრძელ ცხოვრებას ჩვენსას იგი გრძელ ტანჯვადა ხდის.