უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მთელ
ქვეყანაზე გაბრწყინდა კაცთა ნათესავის მაცხოვნებელი აღდგომის ნათელი. წმინდა მოციქულებმა მოძღვრისა და უფლის მკვდრეთით აღდგომის მარადიული და ხელშეუხებელი სიხარულის სიტკბოება განიცადეს. მათ სრული შეგნებით, გონიერებითა და სიხარულით გააცნობიერეს ის უდიდესი ძლევა, ქრისტე ღმერთმა რომ მოიპოვა მსოფლიო ბოროტებასა და სიკვდილზე, გაითავისეს ისიც, რომ თავადაც ამ ძლევაში მონაწილეობისათვის იყვნენ მოწოდებულნი.
მოციქულთა წინაშე იხსნებოდა უდიდესი, დიდებული და ერთობ მძიმე გზა, მასზე შესადგომად და საბოლოო გამარჯვების მიღწევისათვის ადამიანური შესაძლებლობები, ცხადია, არ კმაროდა. მხოლოდ სულიწმინდამ, მისმა მადლმა და კაცთმოყვარეობამ მიანიჭა მოციქულებსა და დედაეკლესიას ის უძლეველი ძალა, რომლითაც მონადირებული და განათლებულია მთელი ქვეყანა. სულიწმინდამ ამა სოფლის მძლედ ჰყო უფლის მოწაფენი, ბოროტების, ლეგიონის მთავრის მძლეველ, ქვეყნის კეთილ ანგელოზებად განაწესა ისინი, უძლური სხეულის მქონენი, მოკვდავი ადამიანები, უმდიდრესებად წარმოჩინდნენ მის მიერ. ბრძენ კაცებად წარმოაჩენს მათ, რომელთაც ელინური ფილოსოფიიდან და ამა სოფლის სიბრძნიდან არაფერი აუღიათ! „მეთევზურთა ბადეებით“ მოინადირეს კაცობრიობა და ღმერთის შემეცნებასა და სიბრძნის ზღვაში ჩაძირეს უღმერთოების მთელი სისაძაგლე.
წმინდა მოციქულების დროინდელი სულთმოფენობის შემდეგ სულიწმინდა განუშორებლად იმყოფება ეკლესიაში, მისი მადლი განუწყვეტლივ აღასრულებს ყველა საიდუმლოს. ეს დღესასწაული მხოლოდ წარსული მოვლენის გახსენება როდია, ის საღვთო სულის განსაკუთრებული და უხვი მყოფობაა ეკლესიაში, მისი მადლისმიერი დიდი მფარველობაა ყველას მიმართ, ვინც ამ დღეს ღმრთის ტაძრებში მუხლმოდრეკილი და გულშემუსვრილი ლოცულობს საკუთარ სულში სულიწმინდის მიღებისა და თავისი ცხოვრების კურთხევისათვის. აუცილებელია მოვემზადოთ ამ მადლის არა მხოლოდ შეხებისათვის, არამედ ჩვენს გულებში მოუკლებელი და განუყრელი დამკვიდრებისთვის. ნუ ვიფიქრებთ, თითქოს დრო უფლის ამაღლებიდან წმინდა სულთმოფენობამდე სიცარიელეს წარმოადგენს, რადგან იგი მხოლოდ იმისთვის მოგვეცა, რომ ჩვენი სულის ჭურჭელი წრფელი და ლოცვით განწმენდილი შევაგებოთ მას.
ნათქვამია, მაცხოვრის მოწაფეები ღვთის სულის გარდამოსვლის მოლოდინისას მხოლოდ „ლოცვასა და ვედრებაში“ იყვნენო. მათი სიხარული ამ უდიდესი ნიჭისა (საქ. 11,20) არ უკავშირდებოდა არავითარ შრომასა და სიძნელეს, რადგან მოციქულთა ღვაწლი მხოლოდ სულიერი იყო. ამ საოცარი დღის დადგომამდე არც ჩვენ მოგვეთხოვება მარხვა და მეტანიების კეთება, არამედ მხოლოდ - მადლის სასიხარულო წყურვილი და ლოცვა „ჰოი, სულო წმინდაო, მოვედ და დაემკვიდრე ეკლესიის გულში! ჰოი, სულო წმინდაო, მოდი ჩვენს მიწიერ ტაძრებშიც და ჩვენს გულებშიც!“
ეკლესია იქ არის, სადაც სული წმინდა მკვიდრობს. ამიტომაც მწვალებელთა თავყრილობა ეკლესია ვერ იქნება, თუნდაც მათი ტაძრის გარეგნული ფორმა ღვთის სახლს მოგვაგონებდეს - იგი მხოლოდ უსიცოცხლო სხეულია. სულიწმინდა მხოლოდ იქ იმყოფება, სადაც მართალი სარწმუნოება და მყარად განმტკიცებული სიმართლე და სიკეთეა. სწორედ ამგვარი ეკლესიის შესახებ მოწმობს უფალი, როგორც თავის სასძლოზე, და აუწყებს მას: „ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო და ბიწი არა არს შენ თანა“ (ქება 4,7).
ჩვენც ტაძარნი ვართ ღვთისა, როგორც თვით პავლე მოციქული ამბობს: „ხორცნი ეგე თქვენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელი-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თვისთა თავთანი“ (I კორ. 6,19). ესე იგი, საკუთარ თავს კი არა, ღმერთს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ვეკუთვნით, რომელმაც უდიდესი სასყიდლით - თავისი პატიოსანი სისხლით გამოგვისყიდა და შეგვიძინა (საქ. 20,28).
ქვით, აგურით, მარმარილოთი და რკინით ნაგები მიწიერი ტაძრებიც ზიანდება და განახლებას საჭიროებს, თუმცა ბევრად უფრო მტკიცე მასალით არიან ნაშენები, ვიდრე ჩვენი სხეული, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ თავის უძლურებასა და მრავალ სნეულებას უკვლად სულს გადასცემს. ვილოცოთ, რომ სულიწმინდამ არა მარტო არ მიგვატოვოს, არამედ განგვაახლოს, გაგვაძლიეროს, განგვანათლოს და კეთილმშვენიერებაც მოგვანიჭოს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев