"... ნათქვამ "ცუდად ვარ"-ზე პირფერობანარევი შუბლშეჭმუხნული პასუხის გაცემა: "რა გჭირს?", გულში კი განაფიქრი: "ამის პრობლემებიღა მაკლია"... სხვისი ცუდის გაგებაზე გაფიქრებული "მე რაში მადარდებს", ხოლო ნათქვამი: "ვაა, საწყენია"... მეზობლის ახალ მანქანაზე გადმოკარკლული თვალები, მილოცვა: "ვაა, მაგარი მანქანაა, გილოცავ, სულ მწვანეზე გევლოს", გულში კი ნათქვამი: "ამას უნდა ჰყავდეს ეს და ამით (ან ფეხით) დავდიოდე?"...
სხვების დარიგება: "ტყუილი არ უნდა თქვა, ჯობს მწარე სიმართლე, ვიდრე ტკბილი ტყუილი"... თავად რამდენიმე დღის (წუთის) წინ საკმაოდ გრძელ რიგში მდგარი "ტკბილი ტყუილის" მოსასმენად... თვალი თვალში გაყრილი და ისე უნამუსოდ დაყენებული ფარსი "სიტყვების კორიანტელი"... ნაძალადევად ნათქვამი "ბოდიში" და ამ სიტყვის უკან დამალული ამპარტავნება, რომელიც კუდს გარშემო გესლიანი მორიელივით აქნევს...
პირიდან უგზოუკვლოდ გამოსროლილი "მიყვარხარ" და თვალებში ამოკითხული, ამ სიტყვაში ნაგულისხმები "არ ვიცი რამდენ ხანს მეყვარები"...
"წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდა"-ს პრინციპზე დაფუძნებული მეგობრობა და თავდაუზოგავი ბრძოლა "ეგო"-ს ყველას და ყველაზე წინ დაყენებისთვის...
ცხოვრება ლოზუნგით: "ჯერ თავო და თავო, მერე სხვაო და სხვაო", შემდეგ ნათქვამი: "შენთვის თავს გავწირავ, ჩემთვის შენი ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანია" და შემდეგ ცრუპენტელა მელასავით გაღიმება და "იარაღის" დამიზნება უკვე განწირული მსხვერპლისთვის... "ჩახმახის" გამოკვრა და შემდეგ იმის მტკიცება: "ვაიმე გტკივა? არ მინდოდა, ძალიან ვწუხვარ", მის დასაფლავებაზე მისვლა და კუბოში ჩატანებული სიტყვები: "ეს შეცდომა იყო, იმედია მაპატიებ"... და ამ ყველაფრის შემდეგ საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ყველაფერი კარგადაა და არაფერი შეცვლას არ საჭიროებს...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев