«ლენინიზმის საკითხები»
იოსებ სტალინის წიგნი
«ლენინიზმის საკითხები»
მეთერთმეტე გამოცემა
ოქტომბრის რევოლუცია და რუსი კომუნისტების ტაქტიკა
წინასიტყვაობა წიგნისა «ოქტომბრის გზებზე»
ბოლშევიკების ტაქტიკის ზოგიერთ თავისებურებაზე ოქტომბრის მომზადების პერიოდში
III მესამე თავი
გვერდი 112 და 124
ოქტომბრის მომზადების პერიოდში ბოლშევიკების ტაქტიკის გასაგებად აუცილებელია გავარკვიოთ, ყოველ შემთხვევაში, ამ ტაქტიკის ზოგიერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავისებურება მაინც. ეს მით უფრო აუცილებელია, რომ ბოლშევიკების ტაქტიკის შესახებ დაწერილ მრავალმრიცხოვან ბროშურებში ხშირად გვერდს უვლიან სწორედ ამ თავისებურებებს.
რა თავისებურებანია ეს?
პირველი თავისებურება. ტროცკის რომ დაუგდოთ ყური, იფიქრებთ, თითქოს ოქტომბრის მომზადების ისტორიაში მარტო ორი პერიოდი არსებობდეს, დაზვერვის პერიოდი და ანჯაყების პერიოდი, ყოველივე დანარჩენი კი თითქოს ეშმაკეული იყოს. რას წარმოადგენს 1917 წლის აპრილის მანიფესტაცია? «აპრილის მანიფესტაცია, რომელიც უფრო «მარცხნივ» გადაიხარა, ვიდრე საჭირო იყო, წარმოადგენდა სადაზვერვო გამოსვლას მასების განწყობილებისა და საბჭოთა უმრავლესობასთან მათი ურთიერთდამოკიდებულების გამოსარკვევად». ხოლო რას წარმოადგენს 1917 წლის ივლისის დემონსტრაცია? ტროცკის აზრით, «საქმე ამ შემთხვევაშიც არსებითად გამოიხატა ახალი, უფრო ფართო დაზვერვით მოძრაობის ახალ, უფრო მაღალ ეტაპზე» ზედმეტია, რომ 1917 წლის ივნისის დემონსტრაციას, რომელიც ჩვენი პარტიის მოთხოვნით გაიმართა, მით უფრო უნდა ეწოდოს, ტროცკის წარმოდგენით, «დაზვერვა». ამრიგად, გამოდის, რომ ბოლშევიკებს უკვე 1917 წლის მარტში მზად ჰყოლიათ მუშებისა და გლეხების პოლიტიკური არმია, და თუ ისინი ამ არმიას ანჯაყებისათვის არ იყენებდნენ არც აპრილში, არც ივნისში, არც ივლისში, და მხოლოდ «დაზვერვას» აწარმოებდნენ, ეს იმიტომ, და მხოლოდ იმიტომ, რომ «დაზვერვის ცნობები» მაშინ ხელსაყრელ ნიშნებს არ იძლეოდნენ. რა ღა თქმა უნდა, ასეთი გამარტივებული წარმოდგენა ჩვენი პარტიის პოლიტიკურ ტაქტიკაზე სხვა არაფერია, თუ არ ჩვეულებრივი სამხედრო ტაქტიკის არევა ბოლშევიკების რევოლუციურ ტაქტიკაში. ნამდვილად ყველა ეს დემონსტრაცია წარმოადგენდა, უწინარეს ყოვლისა, მასების სტიქიური მოწოლის შედეგს, შედეგს ომის წინააღმდეგ მასების აღშფოთებისას, რომელიც ქუჩისაკენ ისწრაფოდა. ნამდვილად პარტიის როლი აქ მდგომარეობდა მასების სტიქიურად წარმოშობილი გამოსვლების გაფორმებასა და ხელმძღვანელობაში ბოლშევიკების რევოლუციური ლოზუნგების ხაზით. ნამდვილად 1917 წლის მარტში ბოლშევიკებს არ ჰყოლიათ, და არც შეიძლებოდა ჰყოლოდათ მზა პოლიტიკური არმია. ასეთ არმიას ბოლშევიკები მხოლოდ ქმნიდნენ (და, ბოლოს, კიდეც შექმნეს იგი 1917 წლის ოქტომბრისათვის) კლასთა ბრძოლისა და შეტაკებების მსვლელობაში 1917 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე, ქმნიდნენ მას აპრილის მანიფესტაციითაც. ივნისისა და ივლისის დემონსტრაციებითაც, სარაიონო და საერთო-საქალაქო თვითმართველობების არჩევნებითაც, კორნილოვშჩინასთან ბრძოლითაც და საბჭოების დაპყრობითაც. პოლიტიკური არმია სამხედრო არმია როდია. თუ სამხედრო სარდლობა იწყებს ომს უკვე მზა არმიით, პარტიას უხდება თავისი არმიის შექმნა თვით ბრძოლის მსვლელობაში, კლასთა შეტაკებების მსვლელობაში, იმისდა მიხედვით, რაც თვით მასები საკუთარი გამოცდილებით რწმუნდებიან პარტიის ლოზუნგების სისწორეში, მისი პოლიტიკის სისწორეში.
რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი დემონსტრაცია ამასთან ერთად რამდენადმე ააშკარავებდა თვალისათვის უხილავს ძალთა თანაშეფარდებებს, წარმოადგენდა ერთგვარ დაზვერვას, მაგრამ აქ დაზვერვა დემონსტრაციის მოტივი კი არა, მისი ბუნებრივი შედეგი იყო. ლენინი ანალიზს უკეთებს ოქტომბრის ანჯაყების წინ მომხდარ ამბებს, ადარებს მათ აპრილ-ივლისის ამბებს და ამბობს:
«მდგომარეობა სწორედ ისეთი არ არის, როგორიც იყო 20—21 აპრილის, 9 ივნისის და 3 ივლისის წინ, ვინაიდან მაშინ იყო სტიქიური აღგზნება, რომელსაც ჩვენ, როგორც პარტია, ან ვერ ვამჩნევდით (20 აპრილს), ან ვაკავებდით და მშვიდობიანი დემონსტრაციის სახეს ვაძლევდით (9 ივნისი და 3 ივლისი). ვინაიდან ჩვენ მაშინ კარგად ვიცოდით, რომ საბჭოები ჯერ კიდევ არ იყო ჩვენი, რომ გლეხებს ჯერ კიდევ სწამდათ ლიბერდან-ჩერნოვის გზა, და არა ბოლშევიკური გზა (ანჯაყება), რომ მაშასადამე, არ შეიძლებოდა ჩვენს მხარეზე ყოფილიყო ხალხის უმრავლესობა, რომ, მაშასადამე, ანჯაყება ნაადრევი იყო» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 21 გვერდი 345).
ცხადია, მარტოოდენ «დაზვერვით» შორს ვერ წახვალ. აშკარაა, საქმე «დაზვერვა» კი არა, არამედ ის არის, რომ:
1) პარტია ოქტომბრის მზადების მთელი პერიოდის მანძილზე თავის ბრძოლაში განუხრელად ეყრდნობოდა მასობრივი რევოლუციური მოძრაობის სტიქიურ აღმავლობას;
2) სტიქიურ აღმავლობას რომ ეყრდნობოდა, პარტია ინარჩუნებდა მოძრაობის განუყოფელ ხელმძღვანელობას;
3) მოძრაობის ასეთი ხელმძღვანელობა უადვილებდა მას მასობრივი პოლიტიკური არმიის შექმნას ოქტომბრის ანჯაყებისათვის;
4) ამგვარ პოლიტიკას არ შეეძლო არ გამოეწვია ის, რომ ოქტომბრის მთელი მომზადება ჩატარდა ერთი პარტიის, ბოლშევიკების პარტიის ხელმძღვანელობით;
5) ოქტომბრის ასეთმა მომზადებამ, თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ ოქტომბრის ანჯაყების შედეგად ძალაუფლება ერთი პარტიის, ბოლშევიკების პარტიის ხელში აღმოჩნდა.
ამრიგად. ერთი პარტიის, კომუნისტების პარტიის, განუყოფელი ხელმძღვანელობა, როგორც ოქტომბრის მომზადების ძირითადი მომენტი, — ასეთია ოქტომბრის რევოლუციის დამახასიათებელი ნიშანი, ასეთია ბოლშევიკების ტაქტიკის პირველი თავისებურება ოქტომბრის მომზადების პერიოდში. არა გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ბოლშევიკების ტაქტიკის ამ თავისებურების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პროლეტარიატის დიქტატურის გამარჯვება იმპერიალიზმის ვითარებაში. ამით ოქტომბრის რევოლუცია დადებითად განსხვავდება საფრანგეთის 1871 წლის რევოლუციისაგან, სადაც რევოლუციის ხელმძღვანელობა გაინაწილა ორმა პარტიამ რომელთაგან არცერთს არ შეიძლება ეწოდოს კომუნისტური პარტია.
მეორე თავისებურება. ამრიგად, ოქტომბერი მომზადება მიმდინარეობდა ერთი პარტიის, ბოლშევიკების პარტიის ხელმძღვანელობით. მაგრამ როგორ ეწეოდა პარტია ამ ხელმძღვანელობას, რა ხაზით მიმდინარეობდა ხელმძღვანელობა? ეს ხელმძღვანელობა მიმდინარეობდა შემთანხმებლური პარტიების, როგორც რევოლუციის გაჩაღების პერიოდში ყველაზე საშიშ დაჯგუფებათა, იზოლაციის ხაზით. რაში მდგომარეობს ლენინიზმის სტრატეგიული წესი? იგი მდებარეობს იმის აღიარებაში, რომ:
1) რევოლუციის მტრების ყველაზე საშიშ სოციალურ დასაყრდენს მოახლოებული რევოლუციური აფეთქების პერიოდში წარმოადგენენ შემთანხმებლური პარტიები;
2) მტრის (ცარიზმის ან ბურჟუაზიის) დამხობა შეუძლებელია ამ პარტიების იზოლაციის გარეშე;
3) ამიტომ რევოლუციის მომზადების პერიოდში მთავარი ისრები მიმართული უნდა იყოს ამ პარტიების იზოლაციისაკენ, მათგან მშრომელთა ფართო მასების ჩამოშორებისაკენ.
ცარიზმთან ბრძოლის პერიოდში, ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის მომზადების პერიოდში (1905—1916) ცარიზმის ყველაზე საშიშ სოციალურ დასაყრდენს წარმოადგენდა ლიბერალურ-მონარქისტული პარტია, კადეტების პარტია. რატომ? იმიტომ, რომ ის იყო შეთანხმებლური პარტია, ცარიზმისა და ხალხის უმრავლესობის, ე. ი. მთელი გლეხობის შეთანხმების პარტია. ბუნებრივია, რომ პარტია მაშინ მთავარ დარტყმებს მიმართავდა კადეტების წინააღმდეგ, ვინაიდან კადეტების იზოლაციის გარეშე არ შეიძლებოდა ცარიზმთან გლეხობის გათიშვის იმედი გვქონოდა, ხოლო თუ ეს გათიშვა უზრუნველყოფილი არ იქნებოდა, — არ შეიძლებოდა რევოლუციის გამარჯვების იმედი გვქონოდა. მაშინ ბევრს არ ესმოდა ბოლშევიკური სტრატეგიის ეს თავისებურება, ბოლშევიკებს სწამებდნენ გადამეტებულ «კადეტჭამიობას» და ამტკიცებდნენ, რომ ბოლშევიკების ბრძოლა კადეტებთან «ჩრდილავს» მთავარ მტერთან — ცარიზმთან ბრძოლასო. მაგრამ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებანი ამხელდნენ იმას, რომ სრულებით არ ესმოდათ ბოლშევიკური სტრატეგია, რომელიც მოითხოვდა შემთანხმებლური პარტიის იზოლაციას იმისათვის, რომ გაადვილებულიყო, მოახლოებულიყო მთავარ მტერზე გამარჯვება.
არ გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ასეთი სტრატეგიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პროლეტარიატის ჰეგემონია ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციაში.
ოქტომბრის მომზადების პერიოდში მებრძოლ ძალთა სიმძიმის ცენტრი ახალ სიბრტყეში გადავიდა. მეფე აღარ იყო. კადეტთა პარტია შემთანხმებლური ძალიდან მმართველ ძალად, იმპერიალიზმის გაბატონებულ ძალად გადაიქცა. ბრძოლა წარმოებდა უკვე არა ცარიზმსა და ხალხს შორის, არამედ ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის. ამ პერიოდში იმპერიალიზმის ყველაზე საშიშ სოციალურ დასაყრდენს წარმოადგენდნენ წვრილბურჟუაზიული დემოკრატიული პარტიები, ესერებისა და მენშევიკების პარტიები. რატომ? იმიტომ, რომ მაშინ ეს პარტიები იყვნენ შემთანხმებლური პარტიები, იმპერიალიზმისა და მშრომელი მასების შეთანხმების პარტიები. ბუნებრივია, რომ ბოლშევიკები მაშინ მთავარ დარტყმებს მიმართავდნენ ამ პარტიების წინააღმდეგ, ვინაიდან ამ პარტიების იზოლაციის გარეშე არ შეიძლებოდა იმპერიალიზმთან მშრომელი მასების გათიშვის იმედი გვქონოდა, ხოლო თუ ეს გათიშვა უზრუნველყოფილი არ იქნებოდა, — არ შეიძლებოდა საბჭოთა რევოლუციის გამარჯვების იმედი გვქონოდა. მაშინ ბევრს არ ესმოდა ბოლშევიკური ტაქტიკის ეს თავისებურება, ბოლშევიკებს სწამებდნენ ესერებისა და მენშევიკებისადმი «გადაჭარბებულ სიძულვილს» და მთავარი მიზნის «დავიწყებას». მაგრამ ოქტომბრის მომზადების მთელი პერიოდი მჭევრმეტყველურად ლაპარაკობს, რომ მხოლოდ ასეთი ტაქტიკით შეეძლოთ ბოლშევიკებს ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების უზრუნველყოფა.
ამ პერიოდის დამახასიათებელი ნიშანია გლეხობის მშრომელი მასების შემდგომი გარევოლუციურება, მათი იმედების გაცრუება ესერებისა და მენშევიკებისადმი, მათი ჩამოცილება ამ პარტიებისაგან, მათი შემობრუნება პირდაპირი შემჭიდროებისაკენ პროლეტარიატის, როგორც ერთადერთი ბოლომდე რევოლუციური ძალის ირგვლივ, რომელსაც შეეძლო ქვეყნისათვის ზავის მოპოვება. ამ პერიოდის ისტორია არის ისტორია, ერთი მხრით, ესერებისა და მენშევიკების, ხოლო, მეორე მხრით, ბოლშევიკების ბრძოლისა გლეხობის მშრომელი მასებისათვის, ამ მასების მიმხრობისათვის. ამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტეს კოალიციურმა პერიოდმა, კერეშჩინის პერიოდმა, ესერებისა და მენშევიკების მიერ მემამულეთა მიწების კონსპიკაციაზე უარის თქმამ, ესერებისა და მენშევიკების ბრძოლამ ომის განგრძობისათვის, ფრონტზე შეტევამ ივნისში, ჯარისკაცთათვის სიკვდილით დასჯის შემოღებამ, კორნილოვის ანჯაყებამ. და მათ ეს ბედი გადაწყვიტეს მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკური სტრატეგიის სასარგებლოდ. ვინაიდან ესერებისა და მენშევიკების იზოლაციის გარეშე შეუძლებელი იყო იმპერიალისტთა მთავრობის დამხობა, ამ მთავრობის დაუმხობლად კი შეუძლებელი იყო ომისაგან თავის დაღწევა. ესერებისა და მენშევიკების იზოლაციის პოლიტიკა ერთადერთი სწორი პოლიტიკა გამოდგა.
ამრიგად, მენშევიკებისა და ესერების პარტიების იზოლაცია, როგორც ძირითადი ხაზი ოქტომბრის მომზადების საქმის ხელმძღვანელობაში, — ასეთია ბოლშევიკების ტაქტიკის მეორე თავისებურება. არა გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ბოლშევიკების ტაქტიკის ამ თავისებურების გარეშე მუშათა კლასისა და გლეხობის მშრომელი მასების კავშირი ჰაერში გამოკიდებული დარჩებოდა. დამახასიათებელია, რომ ბოლშევიკური ტაქტიკის ამ თავისებურებაზე ტროცკი არაფერს, ან თითქმის არაფერს, ამბობს თავის «ოქტომბრის გაკვეთილებში».
მესამე თავისებურება. ამრიგად, პარტიის ხელმძღვანელობა ოქტომბრის მომზადების საქმისადმი მიმდინარეობდა ესერებისა და მენშევიკების პარტიების იზოლაციის ხაზით, მათგან მუშათა და გლეხთა ფართო მასების ჩამოშორების ხაზით. მაგრამ როგორ ახორციელებდა პარტია ამ იზოლაციას კონკრეტულად, რა ფორმით, რა ლოზუნგით? ეს იზოლაცია ხორციელდებოდა საბჭოების ძალაუფლებისათვის მასების რევოლუციური მოძრაობის ფორმით, ლოზუნგით «მთელი ძალაუფლება საბჭოებს», ბრძოლით იმისათვის, რომ საბჭოები მასების მობილიზაციის ორგანოებიდან გადაგვექცია ანჯაყების ორგანოებად, ძალაუფლების ორგანოებად, ახალი პროლეტარული სახელმწიფოებრიობის აპარატად. რატომ ჩასჭიდეს ხელი ბოლშევიკებმა სწორედ საბჭოებს, როგორც ძირითად ორგანიზაციულ ბერკეტს, რომელსაც შეეძლო გაეადვილებინა მენშევიკებისა და ესერების იზოლაციის საქმე, შეეძლო წინ წაეწია პროლეტარული რევოლუციის საქმე და რომელიც მოწოდებული იყო მშრომელთა მრავალმილიონიანი მასები მიეყვანა პროლეტარიატის დიქტატურის გამარჯვებამდე? რა არის საბჭოები?
«საბჭოები, ამბობდა ლენინი ჯერ კიდევ 1917 წლის სექტემბერში, — არის ახალი სახელმწიფო აპარატი, რომელიც იძლევა, ჯერ-ერთი მუშებისა და გლეხების შეიარაღებულ ძალას, ამასთან ეს ძალა ხალხისაგან მოწყვეტილი კი არ არის, როგორც ძველი მუდმივი არმიის ძალა, არამედ უმჭიდროესად არის მასთან დაკავშირებული; სამხედრო მხრით ეს ძალა შეუდარებლად უფრო ძლიერია, ვიდრე წინადელნი; რევოლუციური მხრით მის მაგივრობას ვერ გასწევს ვერც ერთი სხვა ძალა. მეორეც, ეს აპარატი იძლევა კავშირს მასებთან, ხალხის უმრავლესობასთან, იმდენად მჭიდროს, გაუწყვეტელს, ადვილად შესამოწმებელს და განსაახლებელს, რომ არაფერი ამის მსგავსი წინანდელ სახელმწიფო აპარატში არ ყოფილა. მესამეც, ეს აპარატი, რომლის შემადგენლობის არჩევა და გამოცვლა ხდება ხალხის ნებით, ბიუროკრატიულ ფორმალობათა გარეშე, ბევრად უფრო დემოკრატიულია, ვიდრე წინანდელი აპარატები. მეოთხეც, ის იძლევა მტკიცე კავშირს სულ სხვადასხვა პროფესიასთან, რითაც აადვილებს უაღრესად ღრმა ხასიათის სხვადასხვა რეფორმის გატარებას უბიუროკრატიოდ. მეხუთეც, ის იძლევა ჩაგრული კლასების — მუშებისა და გლეხების — ავანგარდის, ე. ი. ყველაზე უფრო შეგნებული, ყველაზე უფრო ენერგიული, მოწინავე ნაწილის ორგანიზაციის ფორმას და, ამრიგად, წარმოადგენს აპარატს, რომლის საშუალებით ჩაგრული კლასების ავანგარდს შეუძლია აამაღლოს, აღზარდოს მოამზადოს და თან გაიყოლიოს ამ კლასების მთელი გიგანტური მასა, რომელიც აქამდე სრულიად მოწყვეტილი იყო პოლიტიკურ ცხოვრებას, ისტორიას. მეექვსეც, იგი შესაძლებლობას იძლევა შეერთებულ იქნას პარლამენტარიზმის ხელსაყრელობა უშუალო და პირდაპირი დემოკრატიის ხელსაყრელობასთან, ე. ი. შეერთებულ იქნას ხალხის არჩეულ წარმომადგენელთა სახით საკანონმდებლო ფუნქციაც და კანონების შესრულებაც. ბურჟუაზიულ პარლამენტარიზმთან შედარებით ეს ისეთი წინ გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის განვითარების მხრივ, რომელსაც მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობა აქვს... რევოლუციური კლასების ხალხურ შემოქმედებას რომ არ შეექმნა საბჭოები, პროლეტარული რევოლუცია რუსეთში უიმედო საქმე იქნებოდა, ვინაიდან ძველი აპარატის საშუალებით პროლეტარიატი, ეჭვი არაა, ვერ შეინარჩუნებდა ძალაუფლებას, ხოლო ახალი აპარატის ერთბაშად შექმნა შეუძლებელია» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 21 გვერდი 258 და 259).
აი რატომ ჩასჭიდეს ბოლშევიკებმა ხელი საბჭოებს, როგორც ძირითად ორგანიზაციულ რგოლს რომელსაც შეეძლო ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზაციის გაადვილება და პროლეტარული სახელმწიფოებრიობის ახალი ძლიერი აპარატის შექმნა. ლოზუნგმა «მთელი ძალაუფლება საბჭოებს!», მისი შინაგანი განვითარების თვალსაზრისით, ორი სტადია განვლო: პირველი (ბოლშევიკების დამარცხებამდე ივლისში, ორხელისუფლებიანობის დროს) და მეორე (კორნილოვის ანჯაყების დამარცხების შემდეგ). პირველ სტადიაზე ეს ლოზუნგი ნიშნავდა მენშევიკებისა და ესერების ბლოკის გაწყვეტას კადეტებთან, საბჭოთა მთავრობის შედგენას მენშევიკებისა და ესერებისაგან (ვინაიდან საბჭოები მაშინ ესერულ-მენშევიკური იყო), თავისუფალი აგიტაციის უფლებას ოპოზიციისათვის ( ე. ი. ბოლშევიკებისათვის) და პარტიების თავისუფალ ბრძოლას საბჭოების შიგნით იმ ვარაუდით, რომ ასეთი ბრძოლით ბოლშევიკები შესძლებდნენ საბჭოების დაპყრობას და საბჭოთა მთავრობის შემადგენლობის შეცვლას რევოლუციის მშვიდობიანი განვითარების გზით. ეს გეგმა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავდა პროლეტარიატის დიქტატურას. მაგრამ ის უთუოდ აადვილებდა დიქტატურის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების მომზადებას, ვინაიდან იგი ხელისუფლების სათავეში აყენებდა მენშევიკებსა და ესერებს, აიძულებდათ მათ საქმით გაეტარებინათ თავიანთი ანტირევოლუციური პლატფორმა და, ამრიგად, აჩქარებდა ამ პარტიების ნამდვილი ბუნების მხილებას, აჩქარებდა მათს იზოლაციას, მათს ჩამოშორებას მასებისაგან. მაგრამ ბოლშევიკების დამარცხებამ ივლისში შეწყვეტა ეს განვითარება, სასწორი გადახარა გენერალთა და კადეტთა კონტრრევოლუციის მხარეს და მის ბანაკში გადაისროლა ესერები და მენშევიკები. ამ გარემოებამ პარტია აიძულა დროებით მოეხსნა ლოზუნგი «მთელი ძალაუფლება საბჭოებს!». რათა ისე წამოეყენებინა ის რევოლუციის ახალი აღმავლობის პირობებში.
კორნილოვის ანჯაყების დამარცხებით დაიწყო მეორე სტადია. ლოზუნგი «მთელი ძალაუფლება საბჭოებს!» კვლავ დღის წესრიგში დადგა. მაგრამ ახლა ეს ლოზუნგი იმას აღარ ნიშნავდა, რასაც ნიშნავდა პირველ სტადიაზე. მისი შინაარსი ძირფესვიანად შეიცვალა. ახლა ეს ლოზუნგი ნიშნავდა იმპერიალიზმთან კავშირის სრულიად გაწყვეტას და ძალაუფლების გადასვლას ბოლშევიკების ხელში, ვინაიდან საბჭოების უმრავლესობა უკვე ბოლშევიკური იყო. ახლა ეს ლოზუნგი მოასწავებდა რევოლუციის პირდაპირ მისვლას პროლეტარიატის დიქტატურასთან ანჯაყების გზით. უფრო მეტიც: ახლა ეს ლოზუნგი ნიშნავდა პროლეტარიატის დიქტატურის ორგანიზაციას და სახელმწიფოებრივ გაფორმებას. სახელმწიფო ძალაუფლების ორგანოებად საბჭოების გადაქცევის ტაქტიკის ფასდაუდებელი მნიშვნელობა ის იყო, რომ იგი თიშავდა იმპერიალიზმისაგან მშრომელთა მრავალმილიონიან მასებს, სახელს უტეხდა მენშევიკებისა და ესერების პარტიებს, როგორც იმპერიალიზმის იარაღს, და ეს მასები, ასე ვთქვათ, პირდაპირი გზით მიჰყავდა პროლეტარიატის დიქტატურასთან.
ამრიგად, სახელმწიფო ძალაუფლების ორგანოებად საბჭოების გადაქცევის პოლიტიკა, როგორც შემთანხმებლური პარტიების იზოლაციისა და პროლეტარიატის დიქტატურის გამარჯვების უმნიშვნელოვანესი პირობა, — ასეთია ბოლშევიკების ტაქტიკის მესამე თავისებურება ოქტომბრის მომზადების პერიოდში.
მეოთხე თავისებურება. სურათი სრული ვერ იქნებოდა, რომ არ გაგვერკვია იმის საკითხი, თუ როგორ და რატომ ახერხებდნენ ბოლშევიკები — გადაექციათ თავიანთი პარტიული ლოზუნგები მრავალ მილიონიანი მასების ლოზუნგებად, რომლებიც რევოლუციას წინ ეწევიან, თუ როგორ და რატომ ახერხებდნენ ისინი — დაერწმუნებინათ თავიანთი პოლიტიკის სისწორეში მუშათა კლასის და არა მარტო ავანგარდი და არა მარტო უმრავლესობა, არამედ ხალხის უმრავლესობაც. საქმე ის არის, რომ რევოლუციის გამარჯვებისათვის, თუ ეს რევოლუცია ნამდვილად ხალხურია და მრავალმილიონიან მასებს ამოძრავებს, — არ კმარა მარტოოდენ პარტიული ლოზუნგების სისწორე. რევოლუციის გამარჯვებისათვის საჭიროა კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, სახელდობრ ის, რომ თვით მასები საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდნენ ამ ლოზუნგების სისწორეში. მხოლოდ მაშინ ხდებიან პარტიის ლოზუნგები თვით მასების ლოზუნგებად. მხოლოდ მაშინ იქცევა რევოლუცია ნამდვილ ხალხურ რევოლუციად. ოქტომბრის მომზადების პერიოდში ბოლშევიკების ტაქტიკის ერთ-ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ახერხებდა სისწორით დაესახა ის გზები და მოსახვევები, რომლებსაც მასები ბუნებრივად მიჰყავთ პარტიის ლოზუნგებთან, ასე ვთქვათ, თვით რევოლუციის ზღრუბლთან, და რომლებიც ამრიგად, უადვილებენ მასებს საკუთარი გამოცდილებით შეიგრძნონ, შეამოწმონ და შეიცნონ ამ ლოზუნგების სისწორე. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბოლშევიკების ტაქტიკის ერთ-ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთმანეთში არ ურევს ხელმძღვანელობას პარტიის მიმართ და ხელმძღვანელობას მასების მიმართ, რომ იგი ნათლად ხედავს განსხვავებას პირველი სახის ხელმძღვანელობასა და მეორე სახის ხელმძღვანელობას შორის, და რომ იგი, ამგვარად, წარმოადგენს მეცნიერებას არა მარტო პარტიის მიმართ ხელმძღვანელობის, არამედ აგრეთვე მშრომელთა მრავალმილიონიანი მასების მიმართ ხელმძღვანელობის შესახებ. ბოლშევიკური ტაქტიკის ამ თავისებურების გამოვლინების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს დამფუძნებელი კრების მოწვევისა და გარკვევის გამოცდილება. ცნობილია, რომ საბჭოების რესპუბლიკის ლოზუნგი ბოლშევიკებმა წამოაყენეს ჯერ კიდევ 1917 წლის აპრილში. ცნობილია, რომ დამფუძნებელი კრება წარმოადგენს ბურჟუაზიულ პარლამენტს, რომელიც ძირფესვიანად ეწინააღმდეგება საბჭოების რესპუბლიკის საფუძვლებს. როგორც მოხდა, რომ ბოლშევიკები, რომლებიც საბჭოების რესპუბლიკისაკენ მიიემართებოდნენ, ამავე დროს დროებითი მთავრობისაგან მოითხოვდნენ დამფუძნებელი კრების დაუყოვნებლივ მოწვევას? როგორ მოხდა, რომ ბოლშევიკებმა რომ არა მარტო მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, არამედ თვით მოიწვიეს დამფუძნებელი კრება? როგორ მოხდა, ანჯაყებამდე ერთი თვით ადრე, ძველიდან ახალზე გადასვლის დროს, ბოლშევიკებს შესაძლებლად მიაჩნდათ საბჭოების რესპუბლიკისა და დამფუძნებელი კრების დროებითი კომბინაცია?
ეს «მოხდა» იმიტომ, რომ:
1) დამფუძნებელი კრების იდეა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იდეა იყო მოსახლეობის ფართო მასებში;
2) დამფუძნებელი კრების დაუყოვნებლივ მოწვევის ლოზუნგი აადვილებდა დროებითი მთავრობის კონტრრევოლუციური ბუნების მხილებას;
3) ხალხის მასების თვალში დამფუძნებელი კრების იდეის სახელის გასატეხად საჭირო იყო ამ მასების მიყვანა დამფუძნებელი კრების კედლებთან — მიწის, ზავის, საბჭოების ძალაუფლების მოთხოვნით, რაც, ამგვარად, შეატაკებდა მათ ნამდვილ და ცოცხალ დამფუძნებელ კრებასთან;
4) მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა გაგვეადვილებინა მასებისათვის საკუთარი გამოცდილებით დარწმუნებულიყვნენ დამფუძნებელი კრების კონტრრევოლუციურობაში და მისი გარეკვის აუცილებლობაში;
5) ყოველივე ეს, ბუნებრივად გულისხმობდა საბჭოების რესპუბლიკისა და დამფუძნებელი კრების დროებითი კომბინაციის დაშვებით შესაძლებლობას, როგორც დამფუძნებელი კრების დაძლევის ერთ-ერთ საშუალებას;
6) ასეთი კომბინაცია, თუ კი იგი განხორციელდებოდა საბჭოების ხელში მთელი ძალაუფლების გადასვლის პირობით, მოასწავებდა მხოლოდ დამფუძნებელი კრების დაქვემდებარებას საბჭოებისადმი, მის გადაქცევად საბჭოების დანამატად, მის უმტკივნეულო კვდომას.
არა გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ბოლშევიკების ასეთი პოლიტიკის გარეშე დამფუძნებელი კრების გარეკვა ვერ ჩატარდებოდა ასე იოლად, ხოლო ესერებისა და მენშევიკების შემდგომი გამოსვლები ლოზუნგით: «მთელი ძალაუფლება დამფუძნებელ კრებას» — ვერ დამარცხდებოდა ასე სასტიკად.
«ჩვენ, — ამბობს ლენინი, — ვმონაწილეობდით რუსეთის ბურჟუაზიული პარლამენტის, დამფუძნებელი კრების, არჩევნებში 1917 წლის სექტემბერ-ნოემბერში. სწორი იყო თუ არა ჩვენი ტაქტიკა?.. არ გვქონდა განა ჩვენ, რუსეთის ბოლშევიკებს, 1917 წლის სექტემბერ-ნოემბერში უფრო მეტი უფლება, ვიდრე დასავლეთის რომელიც გნებავთ კომუნისტებს, გვეფიქრა, რომ რუსეთში პარლამენტარიზმი პოლიტიკურად დრომოჭმულია? რა თქმა უნდა, გვქონდა, ვინაიდან საქმე ის ხომ არ არის, დიდი ხანია თუ ცოტა ხანია, რაც ბურჟუაზიული პარლამენტები არსებობენ, არამედ ის, თუ რამდენად მზად არიან (იდეურად, პოლიტიკურად, პრაქტიკულად) მშრომელთა ფართო მასები — მიიღონ საბჭოთა წყობილება და გარეკონ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული პარლამენტი (ან დაუშვან მისი გარეკვა). 1917 წლის სექტემბერ-ნოემბერში რომ რუსეთში ქალაქების მუშათა კლასი, ჯარისკაცები და გლეხები, მთელ რიგ სპეციალურ პირობათა გამო, საუცხოოდ იყვნენ მომზადებული საბჭოთა წყობილების მისაღებად და ყველაზე უფრო დემოკრატიული ბურჟუაზიული პარლამენტის გასარეკად, ეს სრულიად უდაო და სავსებით დადასტურებული ისტორიული ფაქტია. და მიუხედავად ამისა ბოლშევიკებს ბოიკოტი კი არ გამოუცხადებიათ დამფუძნებელი კრებისათვის, არამედ მათ მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში პროლეტარიატის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობამდეც და დაპყრობის შემდეგაც» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 25 გვერდი 201 და 202).
მაშ რატომ არ გამოუცხადეს ბოლშევიკებმა ბოიკოტი დამფუძნებელ კრებას? იმიტომ, — ამბობს ლენინი, — რომ:
«საბჭოთა რესპუბლიკის გამარჯვებამდე რამდენიმე კვირის ადრეც კი, ასეთი გამარჯვების შემდეგაც კი, ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ პარლამენტში მონაწილეობა არა თუ არ ვნებს რევოლუციურ პროლეტარიატს, არამედ კიდევაც უადვილებს მას შესაძლებლობას — დაუმტკიცოს ჩამორჩენილ მასებს, თუ რატომ არიან ასეთი პარლამენტები გარეკვის ღირსნი, აადვილებს მათი გარეკვის წარმატებას, აადვილებს ბურჟუაზიული პარლამენტარიზმის «პოლიტიკურად დაძლევას» (იხ. იქვე).
დამახასიათებელია რომ ტროცკის არ ესმის ბოლშევიკური ტაქტიკის ეს თავისებურება, და იგი დასცინის დამფუძნებელი კრებისა და საბჭოების შეხამების «თეორიას» როგორც ჰილფერდინგელობას.
მას არ ესმის, რომ ანჯაყების ლოზუნგისა და საბჭოების შესაძლებელი გამარჯვების დროს ასეთი შეხამების დაშვება, დაკავშირებული დამფუძნებელი კრების მოწვევასთან, არის ერთადერთი რევოლუციური ტაქტიკა, და ამ ტაქტიკას არაფერი აქვს საერთო ჰილფერდინგის ტაქტიკასთან, რომელიც გულისხმობს საბჭოების გადაქცევის დამფუძნებელი კრების დანამატად, რომ ამ საკითხში ზოგიერთი ამხანაგის შეცდომა მას საბუთს არ აძლევს აძაგოს ლენინისა და პარტიის სრულიად სწორი პოზიცია «კომბინირებული სახელმწიფოებრიობის» შესახებ განსაზღვრული პირობების დროს (შეადარე ტომი 21 გვერდი 338).
მას არ ესმის, თუ არ ბოლშევიკების თავისებური პოლიტიკა. რომელსაც ისინი დამფუძნებელ კრებასთან დაკავშირებით დაადგნენ, მათთვის შეუძლებელი იქნებოდა ხალხის მრავალმილიონიანი მასების მიმხრობა, ამ მასების მიუმხრობლად კი ისინი ოქტომბრის ანჯაყებას ვერ გადააქცევდნენ ღრმა სახალხო რევოლუციად.
საინტერესოა, რომ ტროცკის სიცილს ჰგვრის ისეთი სიტყვებიც კი, როგორიც არის «ხალხი», «რევოლუციური დემოკრატია» და სხვა., რომლებიც გვხდება ბოლშევიკების სტატიებში; მას ეს სიტყვები მარქსისტისათვის ურიგო სიტყვებად მიაჩნია.
ტროცკის, ალბათ, ავიწყდება, რომ ლენინი, ეს უეჭველი მარქსისტი, 1917 წლის სექტემბერშიც კი, ერთი თვის წინ პროლეტარიატის დიქტატურის გამარჯვებამდე, წერდა, რომ «აუცილებელია მთელი ძალაუფლების დაუყოვნებლივ გადასვლა რევოლუციური დემოკრატიის ხელში, რომელსაც რევოლუციური პროლეტარიატი მეთაურობს» (ტომი 21 გვერდი 198).
ტროცკის, ალბათ, ავიწყდება, რომ ლენინი, ეს უეჭველი მარქსისტი, მოჰყავს რა ციტატა მარქსის ცნობილი წერილიდან კუგელმანისადმი (1871 წლის აპრილი) იმის შესახებ, რომ ბიუროკრატიულ-სამხედრო სახელმწიფო აპარატის დამსხვრევა წარმოადგენს კონტინენტზე ყოველი ნამდვილი ხალხური რევოლუციის წინასწარ პირობას, შავი თეთრზე შემდეგ სტრიქონებს წერს:
«განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მარქსის ღია ღრმა შენიშვნა, რომ ბიუროკრატიულ-სამხედრო სახელმწიფო მანქანის დამსხვრევა «ყოველი ნამდვილი ხალხური რევოლუციის წინასწარ პირობას» წარმოადგენს. მარქსის მხრივ ამ «ხალხური» რევოლუციის ცნებაზე ლაპარაკი უცნაურად მოგეჩვენებათ, და რუსი პლეხანოველები და მენშევიკები, სტრუვეს ეს მიმდევრები, რომელთაც მარქსისტებად მოაქვთ თავი, მარქსის ასეთ გამოთქმას, ალბათ, «წამომცდარ» სიტყვად ჩათვლიან. მათ მარქსიზმი ისეთ უბადრუკ-ლიბერალურ დამახინჯებამდე მიიყვანეს, რომ ბურჟუაზიული და პროლეტარული რევოლუციის დაპირისპირების გარდა მათთვის არაფერი არ არსებობს, და ეს დაპირისპირებაც მათ ესმით, როგორც უაღრესად უსიცოცხლო რამ... 1871 წლის ევროპის კონტინენტზე პროლეტარიატი არცერთ ქვეყანაში არ შეადგენდა ხალხის უმრავლესობას, «ხალხური» რევოლუცია, რომელიც მოძრაობაში აბამს ნამდვილ უმრავლესობას, შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოიცავდა პროლეტარიატსაც და გლეხობასაც. მაშინ ორივე ეს კლასი შეადგენდა სწორედ «ხალხს». ამ ორ კლასს აერთიანებს ის, რომ ორივეს ჩაგრავს, ახშობს და ექსპლოატაციას უწევს «ბიუროკრატიულ-სამხედრო სახელმწიფო მანქანა». ამ მანქანის დამსხვრევა, მისი განადგურება — ასეთია «ხალხის» მისი უმრავლესობის, მუშებისა და გლეხების უმრავლესობის, ნამდვილი ინტერესი, ასეთია პროლეტარებთან უღარიბესი გლეხების თავისუფალი კავშირის «წინასწარი პირობა», ხოლო ასეთი კავშირის გარეშე დემოკრატია მტკიცე არ არის და სოციალისტური გარდაქმნაც შეუძლებელია» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 21 გვერდი 395 და 396).
ლენინის ამ სიტყვების დავიწყება არ შეიძლება. ამრიგად, უნარი მასების დარწმუნებისა, მათი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, პარტიული ლოზუნგების სისწორეში ამ მასების მოყვანით რევოლუციურ პოზიციებთან, როგორც პარტიის მხარეზე მილიონობით მშრომელთა გადმოყვანის უმნიშვნელოვანესი პირობა, — ასეთია ბოლშევიკების ტაქტიკის მეოთხე თავისებურება ოქტომბრის მომზადების პერიოდში. ვფიქრობ, რომ ზემონათქვამი სავსებით საკმარისია ამ ტაქტიკის დამახასიათებელი ნიშნების ნათელსაყოფად.
ლენინურ გაწვევას, ვუძღვნი
იოსებ სტალინი
სვერდლოვის უნივერსიტეტში 1924 წლის აპრილის დამდეგს, წაკითხული ლექციები.
Комментарии 3
Бред !