ეპისკოპოსი და ჩვენი სამღვდელოება ბოლომდე ხალხის გვერდით იდგნენ და ცდილობდნენ მისთვის ომის სიმძიმე შეემსუბუქებინათ. მე მინდა მოგითხროთ მღვდელმონოზონ ანდრია ყურაშვილის შესახებ. იგი სოხუმის ახლო სოფელ კომანში მოღვაწეობდა, იმ ადგილზე, სადაც წმიდა იოანე ოქროპირი გარდაიცვალა.
როდესაც სეპარატისტებმა ეს ტერიტორია დაიკავეს, მამა ანდრია იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად ტაძარში ლოცულობდა და შეშინებულ ხალხს სარწმუნოებით განამტკიცებდა. მათთვის ერთადერთი ნუგეში ეს ღვთისსათნო ბერი იყო.
როცა მოძალადეებშა ყველანი ტყვედ აიყვანეს, ხალხში მეტი შიშისა და მორჩილების დანერგვის მიზნით ვანდალური აქტის ჩადენა გადაწყვიტეს, გაიყვანეს მამა ანდრია და ეზოში ვერაგულად მოკლეს. მამა ანდრიამ სიკვდილის წინ ყველა აზიარა, ყველას ცოდვები იტვირთა და იქ მყოფთა შორისაც სიცოცხლე პირველმა გაიღო მსხვერპლად, ვითარცა ზვარაკმა.
მომხდარმა ყველა შეაძრწუნა, მოძალადეებიც კი. მშვიდი და სააოცრად ნათელი სახით ესვენა მამა ანდრიას სხეული, როგორც მაგალითი ქრისტიანული სიყვარულისა, თავდადებისა და სიწმინდისა. იმდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა, რომ მტრებმაც კი მოიყარეს მუხლი მის წინაშე.
კიდევ ერთ მაგალითს გაგაცნობთ აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე იგი ცეკას მდივანი, ქ. რუსთავის მერი იყო, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. მას ყველგან იცნობდნენ, როგორც გამორჩეულად პატიოსან, მომთხოვნ, გონიერ, ერთგულ ადამიანს. კომუნისტური რეჟიმის დროს იგი ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ თანდათან დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადშორწმუნე გახდა. აფხაზეთში ყოფნისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იქ მყოფ სამღვდელოებას, ბერებსა და მონოზვნებს, ისინიც ხშირად ესტუმრებოდნეხ ხოლმე მას.
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული-დავითიც (ასე ეწოდებოდა მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა: მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა, ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ სამშობლო გადამირჩინეო,
სამი დღის შემდეგ სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს. ბატონი ჟიული-დავითი ტყვედ აიყვანეს (მას გაქცევა შეეძლო, მაგრამ ხალხი არ დატოვა) და იმავე დღეს წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცზობი ავტორის წერილი მოვიდა. იგი თვითმხილველი იყო ჟიულის და კიდევ ერთი მისი თანამშრომლის მკვლელობისა. მასთან ავტორმა არ იცოდა, რომ ის პიროვნება ვის შესახებაც მწერდა, აფხაზეთის მისისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, წერილში, რომელიც რუსულად იყო შედგენილი, ეწერა: გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, ამტანობამ, სიმამაცემ, სამშობლოს და თავისი ხალხის სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავიწერე, რომ არ დამვიწყნოდა და გწერთ თქვეს რომ იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. მჯერა, ასეთი შვილების გამზრდელი ერი არ გადაშენდებაო,
ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ თვითონაც იღებდა მონაწილეობას (შეიძლება პასიურს) შარტავას და მისი მეგობრის წამებაში.
მე მახსენდება წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვები: „სიყვარული კედელივით ძლიერია და ანდამატზე უმტკიცესი. მას ვერ დაამარცხებს სიმდიდრე, ვერც სიღარიბე. შეხედე, რა ხდება: თუმც საკუთრების დარიგება არ არის სასიამოვნო, მაგრამ სიყვარული ამას სიხარულით გაკეთებინებს, სხვისი ქონების მითვისება ყველას უნდა, მაგრამ სიყვარული არ მოგცემს ნებას, სიამოვნება პოვო ამაში“.
ღმერთმა ყველას მოგცეთ ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭი. ამ მადლს ადამიანი მხოლოდ სულიერი განწმენდით მოიპოვებს. მაშ, ყოველმა ჩვენგანმა ჩაიხედოს თავის გულში და სცადოს დაინახოს სად და რაშია საუნჯე მისი. გახსოვდეთ, ამ სოფლად ყოველივე წარმავალია. ჩვენი არსებობის მთავარი მიზანი მარადიული ცხოვრებისათვის მზადება უნდა იყოს. თუ ჭეშმარიტების გზით სიარული გვსურს, სიყვარული უნდა შევიმოსოთ და წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა აღვასრულოთ: „მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. მაშინ ადვილად დავინახავთ გაჭირვებულს, სნეულს... და რაც მთავარია, უკეთესად დავინახავთ საკუთარ თავს. ჩვენ დავადგებით განწმენდის გზას და უეჭველად მივალთ უფალთან.
შეგეწიოთ უფალი თქვენს სულიერ ცხოვრებაში და თვითგამორკვევაში, ამინ!❤
დიდი ბრიტანეთი, კენტერბერიის ტაძარი
ივნისი, 1995 წ.
პატრიარქი ილია მეორე❤
გაწევრიანდით ჯგუფში ''ქართველი მართლმადიდებლები" https://www.facebook.com/groups/228313464407951/ <ჯგუფის ლინკი❤


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев