ნინომ გვერდი იცვალა. საათს დახედა. ჯერ მხოლოდ სამი საათი იყო, ძილი კი, არა და არ ჩანდა. თენგიზს გადახედა. მშვიდ სუნთქვაზე მიხვდა, რომ ღრმად ეძინა. ამოიოხრა. ვერ იქნა და გული ვერ დაიმშვიდა. ნორას ხმა ყურებში უწიოდა:“ შენ შენს ნათხოვარ შვილს მიხედე, ჩემს ბიჭს შენი ჭკუის დარიგება არაფრად სჭირდება, გამზრდელად ჩვენც ვეყოფითო“. არადა, ისეთი არაფერი უთქვამს. შენიშვნები დედაშვილურად, წრფელი გულით მისცა სანდროს. მასაც შვილივით უყურებდა. მეზობლის შვილებს კი არა, ყველა მის მოსწავლეს შვილად თვლიდა. ისევ იცვალა გვერდი, ისევ დახედა საათს. ჯერ მხოლოდ ოთხი ხდებოდა.
მამუკას ოთახისკენ გაიხედა. შუქის ვიწრო ზოლი მოსჩანდა.“ნუთუ არ ძინავს, თუ შუქი დარჩა ჩაუქრობელი? არაფერი შეიმჩნია, მაგრამ მგონი გაიგონა ჭიშკართან მდგომი ნორას სიტყვები. ისე ყვიროდა... აქამდე შევინახეთ საიდუმლო და რა გვიყო იმ ავყია ქალმა. რა ვქნა, როგორ შევხედო თვალებში მამუკას. თენგზს ბევრი ყურადღება არც მიუქცევია ამისთვის. მამუკა ვერ გაიგონებდა, ნუ ნერვიულობო. თუ გაიგონა?“
ფიქრებით წარსულს გადაწვდა. ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ. თუმც უშლიდნენ მშობლები, მაგრამ ზღვაზე გადაწყვიტეს თაფლობის თვის გატარება. დაბრუნებულზე თავი ცუდად იგრძნო. ერიდებოდა გამხელა, დედამთილმა შეამჩნია მისი გაცრეცილი სახე და ექიმთან წაიყვანა. ორსულობამ გაახარა, მაგრამ მუცელი მალევე მოეშალა ზღვიდან ამოყოლილი რაღაც ვირუსის გამო. მის მერე იყო გაუთავებელი მკურნალობა, იმედები, რომ ყველაფერმა ჩაიარა, თუმცა უშედეგოდ.
ათი წელი იარეს ასე ექიმიდან ექიმამდე, პოლიკლინიკიდან საავადმყოფომდე, შემლოცველებიდან სახალხო მკურნალებამდე, მერე კი გადაწყვიტეს, ბავშვი ეშვილებინათ. თენგიზის დეიდა სამშობიაროში მუშაობდა მედდად. მისი მონდომების წყალობით, მალევე შეძლეს შესაბამისი კანდიდატურის პოვნა. საკმაო თანხის საფასურად ბავშვის დედა დათანხმდა, ეღიარებინა, რომ ვითომ თენგიზი იყო ბავშვის მამა და პატარა ასაზრდელად მამას გადასცა.
მამუკას გამოჩენამ მათ ცხოვრებაში განუზომელი სიხარული და ბედნიერება შემოიტანა. თითქოს ყველაფერი გაბრწყინდა, გალამაზდა გარშემო. ძალიან თბილი, მოსიყვარულე, დამჯერი და ჭკვიანი ბიჭი ეზრდებოდათ. განსაკუთრებით უყვარდა ფიზიკა და მათემატიკა. პატარაობიდანვე რაღაცას ჩხირკედელაობდა, აწყობდა, ქმნიდა. მისმა ნაკეთობებმა რამდენჯერმე სიგელი და პრიზიც კი დაიმსახურეს. მეგობრებიც საკმაოდ ჰყავდა. დაუკითხავად არასდროს არსად არ წასულა. საოცრად უყვარდა და აფასებდა მშობლებს და რა მოხდება აწი, როცა გაიგო, რომ მათი ბიოლოგიური შვილი არაა.
ისევ დახედა საათს. ექვსი ხდებოდა. როგორც იქნა, ცას ნათელი შეეპარა. ადგა. თენგიზს ისევ უდარდელად ეძინა. „ნეტავი შენო“ გაიფიქრა, ჩაიცვა და საძინებლის კარი ჩუმად მიხურა. მამუკას ოთახიდან საწოლის ჭრიალი მოესმა. „ამასაც არ ძინავს, ვინ იცის რას ფიქრობს. თან როგორ ასაკშია. თხუთმეტი წელი, გარდატეხის ასაკის პიკი. ნეტავ, როდის ადგება, როგორ შემხვდება, რას მეტყვის...“. კართან მივიდა და მიაყურადა. ეტყობა, მამუკა საწოლში ტრიალებდა. რამდენჯერმე მოესმა ჭრიალის ხმა. უნდოდა შესულიყო, მაგრამ რაღაც ძალამ შეაკავა. კარს თითის წვერებზე მოსცილდა, სამზარეულოში შევიდა და ჩვეულ საქმიანობას შეუდგა. ჯერ ძაღლი დააბა, მერე ძროხა მოწველა, ფრინველები დააპურა. ის-ის იყო სამზარეულოში შევიდა, რომ მამუკაც გამოვიდა მისი ოთახიდან. ნინო თითქოს გაქვავდაო, ვერც ფეხი გადადგა, ვერც თავი ასწია.
- დედა! - მოესმა მამუკას თბილი ხმა. ის დედასთან მივიდა, რძიანი ვედრო გამოართვა, სკამზე დადგა და დედას მოეხვია. ნინოს შვების ცრემლები წასკდა. მამუკა უფრო და უფრო იხუტებდა გულში. ესმოდა შვილის გულის ბაგაბუგი.
- დედა მოგიკვდეს, შვილო, ეს რა გვიყო იმ ავყია ქალმა - ძლივს ამოთქვა ტირილ-ტირილით.
მამუკამ სკამი გამოსწია. დედა დასვა, თვითონ ჩაემუხლა და კალთაში თავი ჩაუდო.
ნინო აკანკალებული ხელით ეფერებოდა და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა.
- ნუ ტირი დედი. მე ადრეც ვიცოდი, რომ თქვენი შვილი არ ვიყავი.
ნინო გაშრა, ბიჭს თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა.
- მეექვსე კლასში ვიყავით, როცა მე და სანდრო წავკინკლავდით. ჩემი სიმართლის დასადასტურებლად მე შენ დაგიფიცე. „რას დაეძებ, მოგიკვდება თუ არა, შენი დედა ხომ არ არისო“, მომახალა სანდრომ და გაიქცა. გახსოვს, სახლში მოსვლა რომ დამაგვიანდა, თქვენ მდინარის პირას რომ მიპოვეთ სველი, ტალახიანი? მამა ისეთი გაბრაზებული იყო, ყვიროდა და საცემრად იწევდა, შენ გადამეფარე და მამას უყვირე: „ჯერ მე გამარტყი“. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ შემოგხედა მამამ და როგორ ჩაიქნია ხელი. გახსოვს? იმ ღამეს მაღალი სიცხე მომცა, სულ რაღაცას ვყვიროდი. თქვენ გეგონათ, მდინარემ დამცადა. მთელი კვირა ვერ დამიწიეთ სიცხე, თითქმის არაფერს ვჭამდი. შენ ჩემს საწოლს არ შორდებოდი. ღამე იატაკზე აგებდი ლეიბს და გაუხდელად მიწვებოდი ხოლმე. მამაც ძალიან განიცდიდა. რა და რა სათამაშო, სასუსნავი და ხილი არ მოჰქონდა. მაშინ ვერ გითხარით. ვგრძნობდი, ეს როგორი დარტყმა იქნებოდა თქვენთვის. პატარა კი ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი, საკუთარი შვილივით გიყვარდით. მეც ჩუმად, გულში გადავხარშე ყველაფერი...
- შვილო, ჩემო ბიჭუნა - ქვითნებდა ნინო და გაუთავებლად კოცნიდა ლოყებზე, ცხვირზე, შუბლზე. - ჩემი დიდი ბიჭი, ჩემი ჭკვიანი ბიჭი. - უცებ მამუკას შეხედა. - გინდა, დედას შეხვდე? მამა ჩვენც არ ვიცით, ვინაა.
- არა - ცივად გაიჟღერა მამუკას ხმამ. ქალი, რომელმაც ასე მომიშორა და თხუთმეტი წლის მანძილზე არ უცდია ჩემი ნახვა, დედა არაა.
ამ ხმაურს თენგიზიც გაეღვიძებინა. ტრუსის ამარა დაადგა თავზე ცოლ-შვილს. ნინო წამოხტა, მამუკაც და თენგიზს ჩაეხუტნენ.
- ცოდნია, ცოდნია, ჩვენი ბიჭია, ჩვენი შვილი - ტილირნარევი ხმით დაიჩურჩულა ნინომ. კაცი წამით გახევდა, მერე ორივეს მკლავები მოხვია და მაგრად ჩაიკრა გულში.
Მანანა კაკაჩია
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев