დღე -1
ჩავედი, ძვირფასო. გზა იმაზე ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. გვარიანად მაჯანჯღარა. წესით, დაღლას უნდა ვგრძნობდე, მაგრამ უფრო გაბრუებული ვარ, ვიდრე დაღლილი. აი ისე, თითქოს დრამინა დამელიოს მგზავრობისას. ვიღაც ხმელ-ხმელი აყლაყუდა დახვდა ჩვენ ჯგუფს (ხუთასამდე ვიქნებით და ყველა საქართველოდან). პირველ ეტაპზე მე ვიქნები თქვენი გამცილებელიო. გიდივით იქცევა, მაგრამ ხმა და ტონი ისეთი აქვს, სამხედრო წვევამდელებს რომ ხვდებიან ხოლმე სტაჟიანი სერჟანტები. ცოტა მბრძანებლური და იქედნური. ხომ იცი, როგორ ვერ ვიტან ასეთ ტიპებს. ძლივს შევიკავე თავი, რომ პირველივე დღეს კონფლიქტი არ მომსვლოდა, თუმცა, ვფიქრობ, ეს გარდაუვალია…თუ დროულად არ შეცვალეს. როგორც კი ამის შესაძლებლობა მექნება, მოგწერ.
დღე -2
წუხელ ყველანი რაღაც ბარაკის მაგვარში მიგვიყვანეს. გარკვეული დროით აქ მოგიწევთ ყოფნა და მერე ეტაპობრივად გაგანაწილებთო. ყველას ისე ექცევა ის ხმელ-ხმელი, თითქოს ვალი გვქონდეს მისი. ჩემი ამბავი ხომ იცი, უთუოდ მოვუფიქრებ რამე მეტსახელს. ისეთი მოშტერება აქვს, რომ ხანდახან სიცილს ვერ ვიკავებ. ჰო, მართლა, ორი-სამი ნორმალური კაცი გავიცანი. აქაც შენაძლება მეგობრების პოვნა. გიორგი, გურამა და მუსტაფა - კარგი ბიჭები ჩანან, იუმორიც აქვთ და ავეწყვეთ, რაღაცნაირად. ალისაც არაუშავს რა, მაგრამ ჯერ ვაკვირდებით. ჯერ-ჯერობით ნაცნობთაგან არავინ მინახავს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ლტოლვილთა ბანაკში ვიყო. აი, ისეთში, ,,წითელი ჯვარი“ რომ აშენებს ხოლმე ომიანობისას. კინაღამ დამავიწყდა ჩვენს ,,გეტოში“ (ასე შეარქვა გიორგიმ) მხოლოდ კაცები ვართ, ქალები სხვაგან გადაიყვანეს პირველივე დღეს. ასე, რომ არ იეჭვიანო, ძვირფასო, გკოცნით ბევრს შენ და ჩემს მონაგარს.
დღე - 3.
სალამი, ძვირფასო, მე კარგად ვარ, არ ინერვიულო. თქვენი ამბებიც ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ აქ, ძირითადად, სულ მოჟამული ამინდია. სულ ჟინჟღლავს . გუშინ მოიწმინდა და დაგინახეთ, თითქოს მონიტორზე გიყურებდით. რა ხდება -მეთქი ,ვიკითხე, და იმ ხმელ-ხმელმა ვიღაცას გაუმართლა და სასუფეველის კარი გაიხსნაო. როგორც ჩანს, იშვიათად ხსნიან, თორემ ასეთი ობისა და სირისტის სუნი არ იქნებოდა. აი, როგორი სუნია იცი, სოფლის გაუნიავებელ სახლს რომ ჰქონდა ხოლმე პირველ დღეს, სანამ გავამზეურებდით. ჰო, მართლა, ლამის დამავიწყდა - თავი ხელში აიყვანე და მორჩი ზლუქუნს. არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც სხვას არ მოსვლია. და კიდევ, გაუფრთხილდით და ნუ ეჯაჯღანებით ყველაფერზე ერთმანეთს, აქედან სასაცილოდ ჩანს ეგ ყველაფერი.... ნუ, მანდაც ასე მეჩვენებოდა, მაგრამ მაინც.
დღე - 4.
დღეს ,,ექსკურსიაზე“ ვყავდით უხეიროს, გავისეირნეთ ცოტა. ეს სახელი დავარქვი ხმელ-ხმელს. იმ ზღაპრის პერსონაჟს არაფრით ჰგავს, მაგრამ შინარსობრივად, როგორც იტყვიან, ,,დააკვდა“ ზედ. მოკლედ, გამანაწილებელთან მიგვიყვანა და მალე აქ გამოგიძახებენო ისეთი ტონით გვამცნო, თითქოს ვალი მოიხადა ქვეყნისა და ღმერთის წინაშე. ბიჭებო, მგონი დასაქმების პროგრამით ვართ საზღვარგარეთ ჩამოსულითქო გავიღლიცინე გამანაწილებელზე და ეს ,,უხეირო“ ისე დაფრთხა, ხვეწნა დამიწყო მეტი აღარ გაიმეოროო. მდაა…აშკარად, რაღაც იმაზე მეტი იცის, ვიდრე გვიყვება. ვუყურებ და ტიპიური, სტანდარტული ჩინოვნიკია, დაყენებული მანერებით, მანდაც რომ არასოდეს მესიმპატიურებოდნენ, ზუსტად ისეთი. მოკლედ, ყველგან ბიუროკრატია ყოფილა, ძვირფასო. უკანა გზაზე მთელი ლექცია წაგვიკითხა აქაურ წესებზე და კანონებზე. ცდილობდა შთამბეჭდავი ყოფილიყო და ორატორობდა. ლამის გავიგუდე სიცილით. მუსტაფა მაჩუმებდა: გაჩერდი, თორემ ,,ჩაგვიშვებსო“ - ამაზე სულ გადავბჟირდი, ვისთან - მეთქი. ეჰ... არ ვიშლი ჩემსას რა. მუსტაფა კარგი ბიჭია, ვეძისელია. მუსლიმია, მაგრამ ყველა ერთად ვართ აქ... ხომ ვამბობდი, მთავარია ადამიანი იყო და სხვას არაფერს მნიშვნელობა არ აქვს- მეთქი. ხოდა, აგერ, ბატონო ...ხომ ვყოფილვარ მართალი. ნუ, გამანაწილებლამდე ჯერ-ჯერობით ასე ვართ, ერთად და მერე ვნახოთ.
დღე - 8.
მაპატიე, ძვირფასო, აქამდე ვერ მოგწერე. გაგიკვირდება და დასჯილი ვიყავი. მართალი აღმოჩნდა მუსტაფა. მე და გიორგი ჩაგვიშვა უხეირომ. ნუ, ჩაგვიშვა რა... ანგარიში წარადგინა, ასეთი ვალდებულება აკისრია. ერთი სიტყვით ღლიცინებენო და სამი დღით სამარტოო ბარაკებში გადაგვიყვანეს. დიდად არაფრით გასხვავდებოდა ძველი სადგომისგან, უბრალოდ კიდევ გამოუდარებია ჩემს იქ არ ყოფნაში და აქედან კიდევ ეს ვერ აღვიქვით. გული იმაზე დამწყდა, რომ თქვენი კიდევ ერთხელ დანახვის შანსი გავუშვი. ისეთ ხასიათზე ვარ, ძვალსა და რბილს გავუერთიანებდი დიდი სიამოვნებით. მოკლედ, ბიჭებმა გადავწყვიტეთ მისი თანდასწრებით აღარ ვიხუმროთ. ცოტა სახსრებმა შემაწუხა...მტკივა -მეთქი ვერ ვიტყვი. აქ ეგეთი შეგრძნებები არ გვაქვს, უბრალოდ, რაღაც აქამდე უცნობი აღქმა დამეუფლა. თითქოს, მიბჟუის მუხლი. ის ძველი ტრავმა აქაც მახსენებს თავს...მაგრამ ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო, ხომ გაგიგია.... ჰა, ჰა, ჰაა... მგონი ამ გამონათქვამმა ცოტა არ იყოს აზრი დაკარგა აქ, მაგრამ…ნუ, როგორც არის რა...
დღე - 9.
მომენატრეთ...აქამდე არ მქონდა ეს შეგრძნება. ისე აღვიქვამდი აქაურობას, თითქოს მივლინებით ვყოფილიყავი სადღაც მოშორებით წამოსული. მთავარია კარგად იყოთ, ჯანმრთელად, ერთმანეთის მხარში დგომით და ჯანდაბას ჩემი მონატრება...თანახმა ვარ უსასრულოდ გაგრძელდეს. მუდმივი სირისტისა და ჟინჟღვლა-ნისლის გამო, აქაურობას გურამამ ნისლიანი ალბიონი შეარქვა. მომსპარი ენა აქვს, ჰოდა, ფაქტობრივად, თითქმის ინგლისიდან გეხმიანები. დღეს უხეირო გამოიძახეს გამანაწილებელში. ცოტა ხანში უკან დაბრუნდა.ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, შემეცოდა. ვერ გაუნაწილებიათ და შემდეგ გამოძახებამდე კვლავ აქ,,გაჭედილი“ გააგრძელებს თავის მსახურებას. ახლა მესმის, რატომ იქცევა ასე. ყველაზე ძნელი ხომ ლოდინი და გაუგებრობაში ყოფნაა. არ გვიკითხავს, მაგრამ ყველანი მივხვდით, რომ ეს მისი პირველი გამოძახება არ იყო. აქაც ყოფილა რაღაც უიმედობისმაგვარი სიტუაცია. უფრო სწორად - იმედგაცრუების. ახალი ეტაპი მივიღეთ დღეს და ცოტა სივიწროვეა. ყოველდღე ვღებულობდით ახლებს, მაგრამ დღეს, რატომღაც, დიდი ნაკადი შემოვიდა. უხეირომ გამანაწილებელი ვერ აუდის ,,მუშაობასო“. თავი ვერ შევიკავე და კვლავ ვიხუმრე- რა იქნება ერთი გამშვები პუნქტი რომ დაამატონ, კადრები არ ყოფნით, თუ სახსრები- მეთქი. ჰოდა, ენაზე ვიკბინე იმწამს, მაგრამ რომ შევხედე, ჩუმად იღიმოდა. ეჰ, არც ეგ ყოფილა მთლად გადაგვარებულ-გადაშენებული. არ ვიცი რას იზამს, თუმცა რატომღაც მგონია, რომ ამ ხუმრობას თავის ,,ანგარიშში“ არ მოახვედრებს. აბა, მშვიდობით მენახეთ, გკოცნით.
დღე -10
სალამი, ძვირფასო. ძალიან ცხელა. აგვისტოს გვალვასავით ოხშივარი ასდის აქაურობას. წესით, ხვითქი უნდა გაგვდიოდეს, მაგრამ ოფლის ნიშან-წყალი არ გვეტყობა არავის. ეტყობა, მყისიერად ორთქლდება. ცხვირჩამოშვებული დალაყუნობს დილიდან უხეირო. კითხვაც არ უნდა, უკვე ვხვდებით, როდის - რომელი ,,კარიბჭეა“ გაღებული. ჩემი ამბავი ხომ იცი, ყველაფერში პოზიტივს ვეძებ. დაფეთებულები იყვნენ ბიჭები და გასამხნევებლად სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე- კარგია, ცოტა სინესტე, გამოშრება- მეთქი, გავიღლიცინე. ატყდა ხორხოცი. ალიზე რომ გიყვებოდი, გამართლდა ეჭვი. ცოტა უცნაური კაცი იყო და დღეს გაიქცა უხეიროსთან- ,,პატაკით“, ისევ ღლიცინებენო. მოკლედ, დამიძახა ცალკე და მთხოვა საჯაროდ მაინც შემეკავებინა თავი ამგვარი ხუმრობებისაგან. ამას რომ მეუბნებოდა თავადაც გაეცინა- შენ სამარეც ვერ გაგასწორებსო, მითხრა...ჰოდა, ორივეს აგვიტყდა ხორხოცი. აქაურ ბიუროკრატებსაც შენაძლებათ სიცილი. შენ საბოლოოდ დამღუპავ მეო...ე, ბიჭო, შენ რო გადასარჩენი ყოფილიყავი, აქ კი არ ივლიდი აქნობამდე წინ და უკან, დეპოში გაჭედილი მატარებელივით- მეთქი... მოკლედ, გვარიანად ვიცინეთ. ბოლოს ისევ გამიმეორა თხოვნა. ჰოდა, მგონი, მიპოვა სუსტი წერტილი. რეგვენთა იქედნურ მბრძანებლობას ვერ ვიტანდი ვერასდროს, თორემ თხოვნას მოსისხლესაც შევუსრულებ, ხომ იცი. მოკლედ, დავლაგდი მგონი, უხეიროსთან.
გაგრძელება იქნება ... 😊
27.09.2021 წ. ირაკლი ნადარეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев