დავით მეფე-აღმაშენებელი
თბილისს მობრძანდება
ყალყზე შემდგარი რაშით!
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
დავით!
რა დაგვიტოვე,
და რას გახვედრებთ,
რით მოვიწონოთ თავი?
ვერ ვიდავითეთ,
ვერ ვითამარეთ,
ვერ ვიდიდგორეთ,
დავით!
მიწა გაგვიყიდეს,
ხორცი დაგვიფლითეს,
გული ამოგგვგლიჯეს ტანჯვით!
გარეჯს გვიფეთქებენ,
რუსთველს გვიგინებენ,
სულში გვაფურთხებენ,
დავით!
გადამთიელები,
უცხოტომელები,
ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით!
გადამიარეთო! -
ასე დაგვიბარე,
გადაგვიარეს,
დავით!
ვერ დავიცავით
სრულიად საქართველო,
ვერ მოვუფრთხილდით წამით!
ხმალი დაგვიჟანგდა,
სისხლი გაგვიწყალდა,
დავპატარავდით,
დავით!
მტერმაც გვლეწა
და ერთურთიც ვლეწეთ,
ვლეწეთ დღისით და ღამით!
ტაოს მივტირით,
ჰერეთს მივტირით,
სამცხეს მივტირით
დავით!
/თინ