ყური მომაპყრე და სიკეთით აღვავსებ მას. მისმინე, შვილო, დაე, შენი ბაგე მუდამ ლოცვით იყოს დაკავებული: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!“. დაე, შენი სუნთქვა ჩვენი მაცხოვრის სახელს შეერწყას.
როცა ეს დიდხანს გაგრძელდება, გონება (ბერძ. νοῦς) მიეჩვევა მის წარმოთქმას შინაგანი მეტყველებით. და, როცა გონება ლოცვით განიწმინდება, ის მას გულში ჩაუშვებს. მოხდება გონების, სიტყვისა და გულის გაერთიანება.[იესუს სახელის] გამუდმებული მოხმობა აამოძრავებს ლოცვას გულში ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს, მაშინ გონება, სიტყვა და გული ერთიანი ხდება. გული, რომელიც გამუდმებით იწმინდება, შესაბამისად, იღებს მფარველ მადლს. და მაშინ, ნელ-ნელა, შენთვის შეუმჩნევლად, შენში ზეცა – სამოთხე დაისადგურებს.
აქამდე იყო შრომა; ამას კი მოჰყვება ჭვრეტა (ბერძ. θεωρία). ჯერ ამას მიაღწიე და დანარჩენზე, როცა დრო მოვა, მაშინ ვისაუბრებთ.
ოღონდ იცოდე, რომ ყველაფრის, ყოველგვარი სიკეთის დასაბამი და დასასრული ქრისტეა. ჩვენ ვერაფერს მოვიმოქმედებთ, თუკი ქრისტე არ შეგვეწევა თავისი საღმრთო მადლით [შდრ. ინ. 15, 5]. პირველად მან გამოგვიცხადა თავისი თავი და შემდეგ ჩვენ შევიცანით იგი. "ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რადგან პირველად მან შეგვიყვარა" (1ინ. 4, 19). თუკი ის არ აღასრულებს მოქმედებას, ჩვენში სიკეთე არ ამოქმედდება.
ასე რომ, გახდი პატარა ბავშვი მთელი ბავშვური უბრალოებით და ღმრთისმშობლის ფეხებთან დაემხე, რომელსაც, როგორც ჩვილი, ისე უჭირავს დიდი ღმერთი. ტირილითა და დიდი სიყვარულით შეჰღაღადე (რომელსაც ისევ უფალი მოგანიჭებს): „ჩემო ძვირფასო, ტკბილო დედაო, შემეწიე, მაჩვენე, თუ როგორ ვცხონდე! მიშუამდგომლე შენი ძის წინაშე, რომ მიწინამძღვროს, რომ აღვასრულო მისი ნება, და [მეუწყოს] რა ვითხოვო მისგან. დაე, უფალმა ამიხილოს ჩემი სულის დახშული თვალი, რადგან ვერ ვხედავ უფალს, როცა ის მარადჟამ მხედავს, მე კი მუდამ ვამწუხრებ მას“."
__________________________________________
წმინდა იოსებ ისიქასტი - ყოველგვარი სიკეთის დასაბამი და დასასრული ქრისტეა (წერილი 70-ე)
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев