წარსულს გადავავლე თვალი,
ლამაზ მოგონებებს ცრემლი შეერია,
აღარ დამანებეს თავი
ბავშვობა გამახსენდა, წლები ბედნიერი,
არაფრის არ გვქონდა დარდი.
მერე სტუდენტობა უფრო ულაღესი,
პირველი ჩუქება ვარდის,
ახლა კი ამ ჩემი გადასახედიდან
განვლილ წლებს ცრემლიანს ვხედავ,
ან სად გაფრენილა მომავლის იმედი,
რატომ გაგვიმეტეს ნეტავ?
ომი არ გინახავთო, ამას ჩაგვძახოდნენ,
ხანა დაგიდგათო ტკბილი,
მაგრამ ვინ შეგვარგო, ომიც გავიარეთ
და ის შავი ცხრა აპრილიც.
რატომ დაგვიმსხვრიეს ჩვენი იმედები არ მოგვცეს ღიმილის ნება,
ჩვენი სამაჩაბლო და ჩვენი აფხაზეთი,
რატომ აგვიტირეს ნეტავ?
ვინც ძმად მივიღეთ და ხელი გავუწოდეთ,
ჩექმით დაგვაბიჯა ფეხი,
სწორედ ერთმორწმუნე ერმა გაგვიმეტა
თავზე დაგვატეხა მეხი.
ჩვენ ხომ სხვისი არა მიგვითვისებია,
ასე რად დაგვადგეს თვალი,
ჩემო სიამაყევ დედა საქართველოვ
რატომ მოგაგლიჯეს მკლავი?
უპატრონო სოფლებს ეშმაკი პატრონობს,
სახლები ელიან შველას,
ხელი შეგვაშველე, მამაო მართალო,
მხოლოდ შენი მადლის გვჯერა.
ნუ გაგიკვირდება თუ ჩვენმა თაობამ,
დაკარგა ყველაფრის ნდობა,
ტყვია გვესროლეს , იმედი გაგვიცრუეს,
მოგვისაჯეს დევნილობა.
რა პასუხი გავცეთ აცრემლებულ დედებს,
ჩვენს გმირებს რა ვუთხრათ ნეტავ?
ან მათ მეუღლეებს, ქვრივად დარჩენილებს,
ვინღა ანუგეშებს ნეტავ.
საკუთარ მიწაზე, უსახლკარო მოყვასს
როგორ გავუსწოროთ თვალი?
რა ვუთხრათ მომავალს, დაკარგული მიწის
რით გადავიხადოთ ვალი?
რა იმედი მივცეთ უმამოდ დარჩენილთ,
რითი გავუმაგროთ მხარი?
რა ვქნათ, როგორ შევძლოთ, მტერს როგორ შევუნდოთ,
უფალო, ეგ შენ მითხარი.
კვლავაც გაგვამხნევე, კალთა დაგვაფარე,
თვალზე შეგვიმშრალე ცრემლი,
თორემ ლამისაა თითზე დავითვალნოთ,
ერთ დროს რომ ვიყავით ბევრნი.
/ნანა მეტრეველი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев