ბოლთავს შემოდგომის მიწურული,
მოდი და მაჯები შემიხსენი,
მერე ინანე და იწუწუნე.
ახლა მინდა ვინმემ გამიმეტოს,
ისე,
იესო რომ გაიმეტეს
არ მყავს შენზე უფრო საიმედო
ვინმე,
სათავისოდ მაიმედებს
ყველა,
გზასამცდარი ასკეტივით
ვრისკავ
და ცხოვრებას ჩამოვდივარ
ფსონად,
ნეპტუნიდან ასხლეტილი
ალბათ
მეტეორი გამიხვრიტავს
ნერვით ამოკერილ საფეთქელსაც.
ვწუხვარ,
ხასიათში შემეზარდა,
განცდა ატომური აფეთქების,
რადგან
დავიბადე მზეზე ადრე
და ვგრძნობ საშიშია წინათგრძნობა,
როცა წინ არ არის არაფერი.
ალბათ,
რომ მქონოდა,
მიმახრჩობდა
ბედიც,
მერე უფრო გავაფრენდი,
თუმცა დარდი ბევრჯერ შეიცვალა,
სევდა ძველებურად უცვლელია,
იქნებ ასე მაინც შემიწყალოს
ღმერთმა ამ დამწვარი ფურცლებიდან,
როცა სიცივისგან დაჭიმული
ვწერ და სხვაგვარად არ შემიძლია
ლოცვა,
ჩემზე უფრო გაჭირვებულ
კაცზე.
სიმარტოვეს მივეძალე.
მტკივა ნოემბერის სახსრებიდან
ქარის ამოვარდნა საშინელი,
სანამ ეს ხეები დაცხრებიან,
სანამ იღრუბლება ცაში ნელა,
მოდი და მაჯები შემიხსენი,
მერე ინანე და იწუწუნე,
ისე დაღილილი ვარ, ვერ ვისვენებ,
ბოლთავს შემოდგომის მიწურული.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев