ეს ამბავი 1876 წელს მოხდა.
ბლანშ მონიეს გაუჩინარების შემდეგ ბლანშის დედა და ძმა რაღაც დროის მანძილზე შავი ფერის, სამგლოვიარო ტანსაცმლით დადიოდნენ, მერე კი ყველა ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდა. რომ არა პოლიციისთვის გაგზავნილი ანონიმური წერილი, ალბათ, ბლანშის საიდუმლოებით მოცული გაქრობა სამუდამოდ ამოუხსნელი დარჩებოდა.
წლების შემდეგ გაირკვა, რომ ქალიშვილის გაქრობის მიზეზი მისი დაუგეგმავი სიყვარული გახდა, რომელმაც დედამისი სასტიკად გააღიზიანა - გოგონას ასაკით უფროსი, გაკოტრებული ადვოკატი შეუყვარდა, რაც მისთვის საბედისწერო შეცდომად იქცა...
თანამედროვეთა მოგონებებიდან ირკვევა, რომ ბლანშის დედა ლუიზა მონიე ბრიყვი, ნერვიული, ბუზღუნა და საშინლად ძუნწი ქალი იყო. ის გამუდმებით ეჩხუბებოდა ქალიშვილს და ყოველთვის ერთი და იგივე, ჭუჭყიანი კაბით დადიოდა.
ბლანშის ძმა, მარსელ მონიე პუატიეს უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობაზე სწავლობდა. 1872 წელს მან სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო და პრეფექტურის ადმინისტრაციაში მრჩევლად მუშაობა დაიწყო. მარსელი ესპანელ დიდგვაროვანზე დაქორწინდა და ოჯახთან ერთად, მშობლების სახლის გვერდით დასახლდა.
სხვებისგან განსხვავებით, ოჯახის უფროსი შარლ-ემილ მონიე კეთილი და განათლებული ადამიანი იყო. ის პუატიეს ლიცეუმის ფილოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი და, მოგვიანებით, დეკანი გახლდათ და თავის საქმეს სიყვარულით ემსახურებოდა. ქმრის ინტელიგენტური თვისებებით და დამთმობი ხასიათით მშვენივრად ისარგებლა მისმა დესპოტმა ცოლმა და ოჯახის მართვა ხელში აიღო.
მონიეს ოჯახში გოგონა, სახელად ბლანში, 1849 წელს დაიბადა. გარშემომყოფებისთვის ბლანში ნერვიული გოგონა იყო, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა - ის დედის ავტორიტარულ ხასიათს ვერ იტანდა. უკვე მოზრდილი გოგონა იყო, როცა პროტესტის ნიშნად, ოთახში ჩაიკეტა და საჭმლის მიღებაზე უარი განაცხადა. ყველაფერი ანორექსიით დასრულდა, თუმცა მაშინ გოგონას განკურნება მოხერხდა.
23 წლის იყო, როცა ბლანშმა მათი სახლის მეზობლად მცხოვრები, ასაკით უფროსი, ღარიბი ადვოკატი გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბლანში პაემნებზე მოახლის გარეშე არასოდეს წასულა, სამეზობლოში მაინც ჭორაობა დაიწყეს. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ქალბატონი მონიე ამ ქორწინების სასტიკად წინააღმდეგი გახლდათ - გარდა იმისა, რომ სასიძო ღარიბი იყო, ოჯახებს სხვა რამეც განასხვავებდა. მონიეები კათოლიკეები და მონარქიული წყობის მხარდამჭერები იყვნენ, ბლანშის საქმრო კი პროტესტანტი და რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი გახლდათ, თუმცა, ამ ფაქტორებისა და დედის აკრძალვების მიუხედავად, ბლანში საქმროსთან დაშორებასა და სიყვარულზე უარის თქმას არ აპირებდა.
ქალიშვილის ისედაც მყიფე ფსიქიკა, დედასთან გამუდმებული კონფლიქტების გამო, კიდევ უფრო დამძიმდა. 1880 წელს ბლანშს მოჩვენებები დაეწყო. ის უმიზეზოდ ტიროდა და მოთქვამდა ისე, რომ მისი ხმა მეზობლებს ესმოდათ. ადვოკატთან ურთიერთობის გასაწყვეტად, ბლანში, დედის ბრძანებით, ფანჯრებდაგმანულ, ბნელ ოთახში გამოკეტეს.
ქალიშვილის მდგომარეობა განსაკუთრებით 1882 წელს - მამის, 1896 კი ბლანშის საყვარელი მოახლის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა. ბლანშმა უახლოესი გარემოცვიდან ორი ახლობელი ადამიანი დაკარგა.
Комментарии 15
ნუ იდარდებთ მაგაზე