„მოერიდეთ ხელოვნური ბრინჯით სიკვდილს“ – ამ სათაურით პირველი პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა. მომხმარებელი, რომელიც მსგავსი შინაარსის წერილს ავრცელებდა, თეთრ სიკვდილზე, ჩვენთვის ნაცნობ ენაზე კი ბრინჯზე საუბრობდა. ამ ორი ტერმინის ერთმანეთთან გაიგივება უცნაურია, თუმცა მომხმარებლები თეთრი ბრინჯის მავნებლობაზე ბოლო თვეებია, აქტიურად საუბრობენ. საქმე გვაქვს ორი ტიპის ბრინჯთან. ერთი ხელოვნური ბრინჯია, რომელიც საქართველოში მეტწილად შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოდის, ხოლო მეორე – ჩვეულებრივი ბრინჯი, სადაც მომხმარებლებმა მატლი აღმოაჩინეს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარეს გია ბურჯანაძეს ვესაუბრეთ.
გია ბურჯანაძე: „ჩვენმა ორგანიზაციამ ბრინჯთან დაკავშირებული დარღვევები რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა. პირველ რიგში, გეტყვით, რომ ხელოვნურ ბრინჯზე ვფლობ ინფორმაციას და ვიცი, რამდენად მავნებელია. როგორც ვიცი, ხელოვნური ბრინჯი საქართველოშიც აქტიურად შემოედინება და იყიდება კიდეც. რაც შეეხება, ზოგადად, შემთხვევებს, ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ ბრინჯში მატლები აღმოაჩინა. ეს შემთხვევა შევისწავლეთ და სპეციალური დასკვნაც დაიდო. კომპანია, რომელიც ამ ბრინჯს აწარმოებდა, დაჯარიმდა“.
„ანტიკორუფციული კავშირის“ დახმარებით ჩვენ იმ ბრინჯის ფოტოებიც მოვიპოვეთ, სადაც მატლები აღმოჩნდა. ასევე, ამ მიმართულებით საინტერესოა საიტი „მომხმარებელი“, სადაც ბრინჯში მატლების აღმოჩენის რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს პროდუქტები კი გახლავთ ბრინჯის ფანტელი „სემეინი პროდუქტი“ და „კარფურში“ შეძენილი ტაილანდური ბრინჯი.
ახლა კი რაც შეეხება ხელოვნურ ბრინჯს. როგორც გაირკვა, „ხელოვნური ბრინჯი“ მზადდება ორი სახეობის კარტოფილის ნარჩენებისგან და სამრეწველო პლასტმასისგან.
2011 წელს ჩინეთისა და სინგაპურის სამართალდამცავი ორგანოები იძულებული გახდნენ, დეტალურად შეესწავლათ ბრინჯის მწარმოებელი რამდენიმე კომპანია, რომლებსაც შესაძლებელია, კავშირი ჰქონოდათ ხელოვნური ბრინჯის წარმოებასთან.
ძიების შედეგად დადგინდა, რომ ხელოვნური ბრინჯის შემადგენლობაში შედის პლასტმასის ის სახეობა, რომლისგანაც პოლიეთილენის პარკები მზადდება.
დღევანდელი მონაცემებით, დეტალურად არ არის ცნობილი, ხელოვნური ბრინჯის წარმოების რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, თუმცა დადგენილია ბრინჯის დამზადების ტექნოლოგია. კარტოფილის ნარჩენებისგან დამზადებული ბრინჯი სასურველი სიმკვრივისთვის სპეციალური სამრეწველო სინთეტიკური ცვილით იჟღინთება.
„International Business Times“-ის სტატიაზე დაყრდნობით ხელოვნური ბრინჯი დიდი ხნის განმავლობაში ცირკულირებდა ტაიუანისა და შენსის პროვინციებში და ის გარეგნულად ძალიან ჰგავს ნამდვილ ბრინჯს.
ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ხელოვნური ბრინჯის გამოყენება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის არა მარტო საჭმლის მომნელებელ სისტემას, არამედ მთელ ორგანიზმს, ბრინჯში არსებული ტოქსინების გამო, და მისი გამოყენება შესაძლოა, ლეტალურად დამთავრდეს.
დღეისთვის, ხელოვნურმა ბრინჯმა მთლიანად მოიცვა აზია, ინდოეთი, ვიეტნამი და ინდონეზია, თუმცა მისი გარჩევა ნამდვილისგან მაინც შესაძლებელია. ხელოვნური ბრინჯი ხარშვის შემდეგ რჩება მაგარი, ხოლო მისგან დამზადებულ სუპს აქვს დამწვარი პლასტმასის სუნი.
„ჩინელი ექსპერტების ინფორმაციით, ხელოვნური ბრინჯის საკვებად გამოყენება იგივეა, რაც პოლიეთილენის პარკების შეჭმა“, – იუწყება გამომცემლობა „Shanghaiist“.
ხელოვნურმა ბრინჯმა საქართველოშიც შემოაღწია და მისგან წარმოებული ბრინჯის ფირფიტები და ბურბუშელა თითო ლარად იყიდება სხვადასხვა ადგილებში. აღნიშნული პროდუქცია იწარმოება შპს „ომეგა 12“-ში, რომლის მესაკუთრე ადრე კახაბერ ორბელიანი იყო, ხოლო ახლა ჩანგ კუქჰროა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, 2015 წლის 27 აგვისტოს კახაბერ ორბელიანმა საკუთარი წილი მთლიანად კორეის მოქალაქეს, ჩანგ კუქჰროს გადასცა.
#nesi
Комментарии 14