*************************************
(6 წლის მარიამის თხოვნა ემიგრანტ დედას)
**********************************
(პატიებას ვითხოვ ჩემი მკითხველისგან ყოველი ცრემლისთვის, რადგან როდესაც დედამისმა ეს ფოტოები გადმომიგზავნა და ლექსის დაწერა მთხოვა, გული გამიჩერდა რამის. უარს როგორ ვეტყოდი?)
************************************
ნუ წახვალ დედი, ან თუ წახვალ, მეც წამიყვანე,
დაპირებებით გადამევსო თმენის ფიალა,
შენზე ფიქრები მე ჭკუიდან გადამიყვანენ,
შენს გვერდით მინდა ვიზრდებოდე, მარტო კი არა.
არ მინდა დედი სახლში გერქვას ჩვენი სტუმარი,
სევდანარევი ვკითხულობდე "როდის მიდიხარ?"
ცრემლით ჩემოდნებს გავყურებდე ჩუმად მდუმარი.
დიდიც რომ ვიყო, დედი მაინც გვერდით მინდიხარ.
ის ავტობუსი მეზიზღება შენ რომ გაცილებ,
თითქოს იმ წუთში იქ მთავრდება ჩემი ბავშვობა.
ღმერთო ძლიერო, დედის ლოცვას ნუ ამაცილებ,
მასაც აღირსე მონატრების ცრემლის გაშრობა.
მეც წამიყვანე, გევედრები, ხმას არ გავიღებ,
სარფის საზღვარზე შენ ჩემოდნით გადამაპარე,
დედაო ღვთისავ, ჩემი თხოვნა შენც თუ გაიგე,
ემიგრანტ დედას წმინდა კალთა გადააფარე.
წასვლის წინ დედი რად მარიდებ ცრემლიან თვალებს,
ვიცი, იქ ყოფნა ტანჯვაა და არა გართობა,
იმის გულისთვის, შენს გვერდით რომ ვათევდე ღამეს,
როგორ ვინატრო დაწყევლილი ემიგრანტობა.
"ღმერთი ინებებს კვლავ მე და შენ ერთად ვიქნებით,
რა გითხრა შვილო, რით გაგითბო გული ტანჯული,
მე ბედნიერი როგორც დედა, მაშინ ვიქნები,
როცა ცხოვრება დასრულდება ემიგრანტული."
მარინა ყიფიანი
25.06.2016


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 125