- ტრამპი: "უკრაინამ უარი უნდა თქვას დონბასზე, რუსეთის სასარგებლოდ ან რუსეთი უკრაინას გაანადგურებს"
2025, 22 ოქტომბერი
„დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგობრივი პოზიციები აქვთ ვლადიმერ პუტინის გეგმების მიმართ, რაც უკრაინას კარგს არაფერს უქადის“, - წერს პოლიტიკური მიმომხილველი მაიკლ ევანსი, ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ზელენსკი მძიმე დილემის წინაშე“. ავტორის აზრით, კრემლს ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზის გასწვრივ არ აკმაყოფილებს. არ არის გამორიცხული, რომ ბუდაპეშტის შეხვედრის ვადებმა ძალიან გადაიწიოს.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ძალზე ძნელია, რომ ვინმე, რომელიმე პოლიტიკოსი აშშ-ის პრეზიდენტის ხშირად ცვალებადი გუნება-განწყობების კურსში იყოს. დონალდ ტრამპის ხასიათის გამოცნობა განსაკუთრებით რთულია ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრების დროს საკითხების განხილვა უკრაინელი ლიდერისათვის სავალალოდ წარიმართოს. როგორც სხვადასხვა ცნობით ირკვევა, გასული კვირის პარასკევს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტების საუბარი საკმაოდ მძაფრი ყოფილა - დონალდ ტრამპი გამოთქმებს არ ერიდებოდა და მკაფიოდ უთქვამს: უკრაინამ ან უარი უნდა თქვას დონბასზე, რუსეთის სასარგებლოდ, ან რუსეთი უკრაინას გაანადგურებს.
წარსულში დარჩა აშშ-ის პრეზიდენტის ოპტიმისტური წინასწარმეტყველება, რომელიც მან სულ რაღაც სამი კვირის წინ გააჟღერა, რომ თუ ვოლოდიმირ ზელენსკი ბრძოლას ნატოსა და ევროკავშირის დახმარებით გააგრძელებს, მას შეუძლია გაიმარჯვოს და რუსები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გააძევოს. მაგრამ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პოზიცია შეიცვალა. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგას პირობა წაუყენა: რუსეთმა მთლიანად უნდა მიიღოს თავის მფლობელობაში „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ (ანუ დონეცკის ოლქი). მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს კრემლი ცეცხლის შეჩერების წინადადების განხილვას. დონის ქვანახშირის აუზის კიდევ ერთ ტერიტორიას - „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას“ (ანუ ლუგანსკის ოლქს) რუსეთი თითქმის სრულად აკონტროლებს.
ვლადიმერ პუტინის გეგმაში ახალი არაფერი არის, მაგრამ, როგორც ჩანს, მან შეძლო დონალდ ტრამპის დარწმუნება, რომ ტერიტორიის გაცვლა მშვიდობის სანაცვლოდ გარდაუვალია. თავის მხრივ, კრემლის ულტიმატუმი ტრამპმა ვაშინგტონში ჩასულ ზელენსკის შეატყობინა და აუხსნა, თუ რას მოუტანდა უკრაინას რუსეთის სურვილის უარყოფა.
ევროპელმა დიპლომატებმა, რომლებიც ინფორმირებულნი იყვნენ თეთრ სახლში გამართული შეხვედრის პერიპეტიების თაობაზე, ანონიმურად აცნობეს ბრიტანულ მასმედიას („ფაინენშელ ტაიმსს“), რომ დონალდ ტრამპის პოზიციის ასეთმა მოულოდნელმა ცვლილებამ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია. სიტუაცია საკმაოდ დაემსგავსა თებერვალში მომხდარ ინციდენტს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ პრეზიდენტების შეხლა-შემოხლა უკვე ტელეკამერების წინ არ ხდებოდა.
ევროპელი დიპლომატების მტკიცებით, დონალდ ტრამპმა არანორმატიული ლექსიკით ისარგებლა და ერთ-ერთ მომენტში ვოლოდიმირ ზელენსკის ცხვირწინ დაუყარა უკრაინის რუკები, რომელიც მან კიევიდან ვაშინგტონში ჩაიტანა, გეოგრაფიული რეალიების საჩვენებლად. გარდა ამისა, ტრამპმა უარი უთხრა ზელენსკის „ტომაჰავკების“ მიცემაზე და მისი თხოვნა პროვოკაციულად ჩათვალა. საბოლოო ჯამში, უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონიდან ხელმოცარული წამოვიდა და შეხვედრის შედეგად არაფერი მიუღია, გარდა მკაცრი გაფრთხილებისა, რომ „რეალისტი უნდა იყოს“.
საბრალო ზელენსკი - ყველაფერი, რისი გაკეთებაც მან შეძლო, ის იყო, რომ უბრძანა საგარეო საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ ეცნობებინა ევროპელი მოკავშირეებისათვის („დახმარების მსურველთა კოალიციის წევრებისათვის“) თეთრ სახლში მომხდარი ამბები და კიდევ სთხოვა, - იქნებ ისევ შეძლოთ დონალდ ტრამპის დარწმუნება, რომ ტერიტორიის დათმობა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს, არა მხოლოდ უკრაინისათვის, არამედ - მთელი ევროპისათვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისითო.
მართლაც და, ტრამპ-ზელენსკის ახალი შეხლა-შემოხლა უკრაინისათვის კარგს არაფერს მოასწავებს. ორი ლიდერის პოზიცია მესამესადმი (პუტინის მიმართ) ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავდება: დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინს ომის სწრაფად დასრულება სურს, იმიტომ, რომ საომარი მოქმედებებით რუსეთის ეკონომიკაც ზარალობს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ტრამპმა პუტინს არ უნდა დაუჯეროს - რუს ლიდერს ომის შეწყვეტა არ უნდა, იგი მხოლოდ ეშმაკურად იტყუება და აშშ-ის ლიდერის მანიპულირებას ახდენს.
ასევე დაგაინტერესებთ: უყვიროდნენ თუ არა ერთმანეთს ტრამპი და ზელენსკი: რა ხდებოდა პრეზიდენტების დახურულ შეხვედრაზე - "ბუდაპეშტის სამიტი, სავარაუდოდ, ევროკავშირისთვის კოშმარად გადაიქცევა"
"ვიქტორ ორბანი საოცარი კაცია" ანუ ტრამპი და პუტინი ბუდაპეშტში ევროკავშირს დაამცირებენ?! - The Daily Telegraph
გაიყინება თუ არა უკრაინა ზამთარში?! - ექსპერტის საგანგაშო პროგნოზი
"მესამე მსოფლიო ომი გვიახლოვდება!" - სკანდალური სტატია: ევროპული "პერლ-ჰარბორის" საფრთხე ანუ როდის "გაიღვიძებს" ნატო?!
ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი, თუ ის ნამდვილად გაიმართება (გაჩნდა ცნობები შეხვედრის გადადების თაობაზე), შეიძლება მართლაც გახდეს ბოლო შანსი დაზავებისა და კრიზისის შეწყვეტისათვის, თუმცა თეთრ სახლში მომხდარი მძაფრი ამბების შემდეგ ვლადიმერ პუტინს სრული საფუძველი აქვს, იფიქროს, რომ დონეცკის ოლქის გადაცემის საკითხი დღის წესრიგში დარჩება.
კვირას თავისი თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზელენსკისთან საუბრისას მთლიანად დონბასის კაპიტულაციის საკითხი არ განუხილავს. „მე ვთვლი, რომ მათ ორივეს ახლა, უბრალოდ, დროებით, ფრონტის ხაზზე გაჩერება შეუძლიათ, მოგვიანებით კი ისინი ერთმანეთში, ალბათ, მოილაპარაკებენ. მე მათ ვუთხარი: „შეწყვიტეთ ბრძოლა და ადამიანთა ხოცვა, წადით სახლებში და მშვიდობაზე იფიქრეთ“.
რატომ წყურია ასე ძალიან ვლადიმერ პუტინს დონეცკის ოლქის მიღება? რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს, მთლიანად ხელში ჩაიგდოს დონბასი - დონის ქვანახშირის აუზი, რომელიც შედგება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისაგან (ოლქებისაგან). ამჟამად დონეცკის ოლქს რუსეთის არმია მხოლოდ ნაწილობრივ [70-75%-ით] აკონტროლებს, ლუგანსკის ოლქს კი - თითქმის მთლიანად. რუსეთმა წინასწარ იურიდიულად მიიერთა უკრაინის კიდევ ორი ადმინისტრაციული ერთეული - ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები.
დონბასს რუსეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - რეგიონი ძლიერ არის ინდუსტრირებული და აქვს გასასვლელი აზოვის ზღვაზე - მარიუპოლის ნავსადგურის სახით. დონბასში სოფლის მეურნეობაც არის განვითარებული. აქ, ქვანახშირის გარდა, სხვა ბევრი მინერალური რესურსიც არსებობს... მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეროვნებით რუსია და რუსულ ენაზე ლაპარაკობს. ამიტომ მოსკოვი სამართლიანად თვლის დონბასის მიერთებას. კიევი, რასაკვირველია, მიერთებას ნეგატიურად და უსამართლოდ მიიჩნევს.
რუსეთის არმიის წინსვლის შესაჩერებლად უკრაინა უდიდეს რესურსებს ხარჯავს. ვოლოდიმირ ზელენსკის ადრეც ბევრჯერ უთქვამს, რომ არასოდეს დათანხმდება რუსეთისათვის დონბასის გადაცემას, თუნდაც - ნაწილობრივ. ცხადია, რომ მის პოზიციას აშშ-ის პრეზიდენტი არ იზიარებს. იმედია, ევროპელი მოკავშირეები შეეცდებიან, სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინის პრეზიდენტს, კვლავ ისაუბრებენ აშშ-ის პრეზიდენტთან და კიევს ტრადიციულად გვერდით დაუდგებიან.
მოამზადა სიმონ კილაძემ


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев