2025, 22 ოქტომბერი,
კრემლი ფრონტის ხაზის „გაყინვის“ წინააღმდეგია - მაშინ რაღა აზრი აქვს პუტინთან ტრამპის მოლაპარაკებას ამ ომის შეჩერებაზე?
ტრამპი-პუტინის დაანონსებული შეხვედრა უახლოეს ორ კვირაში ბუდაპეშტში... ჩაიშალა. ყოველ შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს: „არ მინდა უსარგებლო შეხვედრა. არ მინდა დროის ფუჭად კარგვა. ამიტომ, ვნახავ, რა მოხდება“... და იგი საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას ორიოდე დღეში გეგმავს.
ამერიკული გავლენიანი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის ჩაშლა მოხდა მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის - რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის -ლავროვის სატელეფონო საუბარი უშედეგოდ დამთავრდა მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ განაცხადა, - მოსკოვი არ დათანხმდება ფრონტის ხაზის „გაყინვას“ უკრაინაშიო...
ანუ, თუკი ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება, დროებით მაინც, მაშინ რა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეიძლება ლაპარაკი?
ამ ფონზე, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები ამზადებენ ომის დამთავრების 12-პუნქტიან გეგმას, რომლის გაცნობასაც ტრამპისთვის აპირებენ.
ეს გეგმა მოიცავს ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყებას რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებული ტერიტორიების ერთობლივი მართვის თაობაზე, სამხედრო ტყვეების სრულ გაცვლას, რუსეთში გაყვანილი უკრაინელი ბავშვების სახლებში დაბრუნებას, რუსეთის მიერ ფინანსების გაღებას რუსულივე ბომბებით დანგრეული უკრაინული ქალაქებისა და სოფლების აღსადგენად და ამის შემდეგ, თანდათანობით, სანქციების მოხსნას რუსეთზე, მათ შორის - რუსეთის ცენტრალური ბანკის იმ 300 მლრდ-დოლარიანი რეზერვის დაბრუნებაზე, რომელიც დღეს ევროპის ბანკებშია „გაყინული“...
რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს?
ეს, უკრაინულ-ევროპული 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა (რომელიც ჯერ კიდევ დახვეწის სტადიაშია, ტრამპისთვის „წარდგენის“ წინ)... მკვდარშობილია, რადგან კრემლი მას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება - რომელი უკრაინული დანგრეული ქალაქების აღდგენაზეა ლაპარაკი, როდესაც პუტინის არმიას ბრძანება აქვს მიცემული წინ-წინ წაწევაზე, ახალი უკრაინული ქალაქების საოკუპაციოდ, რაც რუსეთის გენერალიტეტის მოქმედების ტაქტიკით, ამ ქალაქების საარტილერიო ჭურვებით, რაკეტებით, კამიკაძე-დრონებითა და საავიაციო ბომბებით მასობრივი შეტევების შედეგად მიწასთან გასწორების გარეშე არ ხდება?!
ასევე დაგაინტერესებთ: რა ხდება უკრაინის ფრონტზე: გადამწყვეტი ბრძოლები ზუგდიდის თანამოძმე პოკროვსკისთვის - მის აღებას პუტინის არმია 450 დღეა ამაოდ ცდილობს
პუტინის ვერაგული ჩანაფიქრი და ტრამპის "შვიდი პარასკევი" - გაწირავს თუ არა "დიდი დონალდი" ზელენსკის?!
"საოცრება" კრემლში ანუ სირიის პრეზიდენტს ხელი ხელახლა "გაეზარდა"?! - მიზეზი, თუ რატომ არ მიაქვს სირიას უკან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება
"დაღლილმა" "ნოვოროსიისკმა", რომელიც შავ ზღვაში არ შემოუშვეს, ლა-მანშთან ამოყვინთა - რატომ დასცინის ნატო პუტინის წყალქვეშა ნავს
სამწუხაროა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო შეთანხმებით, შეჩერების არავითარი რეალური პერსპექტივა არ მოჩანს, უახლოეს მომავალში, რადგან აგრესორ რუსეთს ჯერ კიდევ გააჩნია იმის რესურსი, რომ უკრაინის წინააღმდეგ გააგრძელოს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები და ნელი ტემპებით და უდიდესი დანაკარგებით მაინც წინ წაიწიოს ფრონტის ხაზზე...
ვერც ტრამპი და მით უმეტეს - ევროკავშირი თუ ნატო, პუტინის არმიას უკრაინაში ვერ შეაჩერებს, მით უფრო, როდესაც დასავლეთი კატეგორიულად გამორიცხავს უკრაინის დასახმარებლად თავისი არმიების გაგზავნას და საშინლად უფრთხის რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას, რაც მართლაც ძალიან სახიფათოა, რადგან შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომშიც კი გადაიზარდოს... „კრემლის უხუცესი ბინადარი“ ხომ ყველაფერზეა წამსვლელი...
ამიტომაც ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტიანი ზომები, რომლებიც კრემლს შემდგომი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წარმოების საშუალებასა და სურვილსაც შეუმცირებდა, არის უმკაცრესი ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების დაწესება რუსეთზე, ოღონდ ეს სანქციები უნდა შესრულდეს და მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა დარჩეს, როგორც ხშირად ხდება, აქამდე დაწესებული სანქციების შემთხვევაში...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1