,,
მზით მორთული დღე წამიერად შავმა ღრუბლებმა შეცვალა. ქარი მყისიერად ამოვარდა. უცნაურად ჩამობნელდა.გარშემო ყველაფერი წყდიადში ჩაიძირ ისე,როგორც წარღვნის წინა წუთებში ,როცა ნოემ საბოლოოდ დალუქა თავის კიდობანი. გორაკზე აღმართული ჯვრებიდან საწყალობლად ისმოდა კაცთა კვნესა_გოდება. მწუხარებისა და გლოვის ნისლს მოეცვა გოლგოთის მთაზე შეკრებილნი.
__ჭეშმარიტად ძე იყო ღვთისა, მეფე იუდეველთა, მხსნელი კაცთა მოდგმისა!ჩაიჩურჩულა რომაელთა ლეგიონის წინამძღოლმა და მსხვილი მაჯით ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა. ვერცხლისფერ მძიმე ფარს მოწყვეტილი დაეყრდნო. საეჭვოდ ახედა მოღუშულ ზეცას. გულში რწმენა იგრძნო,მოულოდნელად მოზღვავებული იმედი გადარჩენისა,აღუვსებელი სიყვარული ახლადჩასახული რწმენისა, გულს სხვანაირად გრძნობდა, სიყვარულს სხვა განცდით აღიქვამდა. ეს რა მემართებაო, უკვირდა შიშით.უეცარი მადლითა და ღვთის რწმენით აღტკინებულ, აგიზგიზებულ გულს ვერაფერს უხერხებდა. სიბრალულისა და მონანიების ცრემლს დაეფარა მისი ფართო სახე, სამკუთხედის ფორმის, შუაში შეჭრილი ნიკაპი. აქამდე სიბნელე მრისხანებდა მის გულში, ვიდრე ჯვარზე აღმართულმა კაცის სიყვარულითა და სიკეთით სავსე თვალებმა და სიტყვებმა შეაძრწუნა:__ღმერთო, შეუნდე, რამეთუ არ იციან რასა იქმნ!..
შეზაზანზარდა და წამიერად ჩამოიშალა რომაელის ცნობიერება კაცთა მოდგმიდან, იესოს ტერფზე საბოლოო ლურსმნის დაჭედვამდე..ქარი ცხვირწინ უფრიალებდა ბორდოსფერ მოსასხამს, უცოდველთა სისხლით მოწყულ სამხილს.მკლავის დაჭიმულ ხორბლისფერ კუნთებზე ლურჯი ძარღვები გულივით უფეთქავდა. ტკბილი იყო სიკვდილით დამარცხებული სიკვდილის აღიარება, სხვა კაცის სხეულით გაღებული. ტკბილი იყო და თავბრუდამხვევი, მწარე და მათრობელა, როგორც ახლად დაყენებული ღვინო, თავს ისეთად რომ წარმოგიდგენს, როგორიც სინამდვილეში ხარ და სამყაროს ისეთს დაგანახებს, რომლის ჭეშმარიტება დაფარულია და არა მზეზე გამოტანილ,გაცხადებული. სიხარულით აღვსილი რომაელის გული, შეცნობილი და ზიარებული საუკუნო ჭეშმარიტებისა, ძალუმად ძგერდა და ნაპირზე გამორიყული თევზივით ფართხალებდა ჯვარზე გაკრული ახალგაზრდა კაცის წინ. მუხლზე დაჩოქილმა ორივე ხელი ზეცისკენ აღმართა,მუჭში მოიქცია მთელი ის სამყარო ჯვრებით დამძიმებული ამაღლებული ბორცვი რომ იტევდა ,ცრემლიანი სახე ცას მიუშვირა და ხმამაღლა მწარე სიხარულით დაიყვირა:
__თვით ღმერთის ძე იყო, საუკუნოდ ჩვენთვის მოსული....
დედა ორივე მუხლზე დაჩოქილიყო. ტანჯვით დამანჭულ სახეზე ცრემლებისა და მლაშე წვიმის წვეთები სდიოდა ნიაღვრად. წაბლისფერი, გრძელი ნაწნავი დაშლოდა და გველივით ჩასრიალებოდა მიტკლით დაფარულ სველ,თეთრ გულ_მკერდში. შავი, მძიმე მოსასხამი მუხლებთან ისე ჩაღვრილიყო, როგორც დამტვრეული შავი ლოდის ნატეხები. მარიამს გული აღარ ჰქონდა, სამუდამოდ და იმ წუთიდან იმას ეკუთვნოდა, ვის შესახებაც დიდი ხნის წინ ანგელოზმა სიხარულით აცნობა, ვინც კაცთა ცოდვების გამოსასყიდად მისგან ერთი ხელის გაწვდენაზე სულს ღაფავდა და ჩურჩულებდა:__,,მამაო რატომ მიმატოვე?,,რომელსაც თავზე დადგმული ეკლის გვირგვინი შუბლს უკაწრავდა და წყლის მაგივრად მიწოდებული ძმარი გულს ურევდა..
ქალი ანაზდეულად ფეთქავდა. იყურებოდა, მაგრამ ვერ ხედავდა. ესმოდა, მაგრამ არ ისმენდა. იხსენებდა.
ყოველთვის უცნაური იყო, სხვანაირი, ყველასგან გამორჩეული. მკვდარი ჩიტის დანახვაზე ტიროდა, მოწყვეტილ ყვავილს ეფერებოდა, გატეხილ ქოთანს სულს უბერავდა, დედის ალერსს მუდამ გაურბოდა. მარიამს მუდამ ჰქონდა განცდა მის გვერდით,თითქოს თვითონ იყო შვილი და ის მთელი სამყარო,რომელსაც,არც დასასრული ჰქონდა და არც დასაწყისი . მისი სიყვარულითა და არამიწიერი სიკეთით სავსე თვალები მუდამ მზის შუქივით ანათებდა, ყველას ათბობდა გარშემო, თვითონ კი არ იწვოდა...
თითოეულ ხეს,ჯირკვს, ხის ნაჭერს კოცნიდა , ყნოსავდა, პირჯვარს გადაიწერდა და მერე იწყებდა ხის გათლას. ტილოს მსუბუქი მოსასხამი უყვარდა, მის მიერ ცისფერი ჩიტებით მოქარგული.ტკბილი ფხლის ძირები , კაკლის ნედლი ლებანი და უფუარი ხმიადის კვერები. გამხმარი შავი ზეთისხილის მარცვლები მუდამ ეყარა ჯიბეში ფრინველების დასაპურებლად. საქონლის ნაწლავისგან დაწნულ სანდლებს საგულდაგულოდ ასუფთავებდა ძილის წინ. მორცხვი იყო მამის წინაშე,თამაშის დროს, და_ძმებთან. სახლის წინ შემაღლებულ ადგილზე უყვარდა ჯდომა, ცისკენ ყურება. ყანებში სიარული გაზაფხულზე, ყაყაჩოების ტევრში წოლა, ნემსიყლაპიებთან ერთად სირბილი და ვაშლის ხეზე ჯდომა მარტოს...რძე არ უყვარდა. დაკლულ ცხვარზე დღეები ტიროდა..გაახსენდა ის დილა, პატარა იესო ოთახის შესასვლელთან იჯდა მიწაზე. მზე ოქროსფრად ბრწყინავდა ეზოში დარგული ზეთისხილის ფოთლებს შორის. ქერის შეჭამანდი თუთხთუხებდა შუა ოთახში დანთებულ ცეცხლზე შემომდგარ თიხის ღრმა ქოთანში.იოსების ტილოს თავსაბურს კემსავდა. უცებ შვილისკენ გაექცა მზერა. ბიჭი ფეხზე წამომდგარიყო, არამიწიერი სიყვარულით გაბრწყინებული სახე დედისკენ მიექცია და გაუნძრევლად იდგა რაღაცის მოლოდინში. ქალი ფრთხილად, კრძალვით მიუახლოვდა შვილს, შუბლზე აკოცა, ოქროსფერი კულული შეუსწორა ყურთან და მხურვალედ ჩაიკრა გულში...
მუხლები უკანკალებდა მარიამს ტალახადქცეულ მიწაზე. ეგონა, ესაა გული წაუვიდოდა. აქეთ_იქიდან მართა და მარიამ მაგდალინელი ედგნენ,მაგრამ ვერაფერს ხედავდა, არაფერი ესმოდა, გარდა აღმუვლებული ქარისა, მის წინ გორაკზე ჯვარცმული შვილისა,მისი მწუხარებითა და ტკივილით მოსრილი სულისა და თავის გულის ტკივილისა..
იგრძნო გული აღარ ჰქონდა, არც ამქვეყნიურ ცხოვრებას ეკუთვნოდა გოლგოთის მთაზე მოსვლის წუთიდან. გრძნობდა როგორ მოდიოდა სიკვდილი წვიმასთან და გაავებულ ღრუბლებთან ერთად . სრულიად სველს ერთიანად აკანკალებდა.თავდაკარგულმა უეცარი სიმძიმე იგრძნო საშვილოშნოში და ტკივილი დაუბადებელი ნაყოფისა, რომლიც ადამიანის გულიდან მოდის, ტვინში იკვანძება სიყვარულისა და სიკეთის ძაფებით, ტკივილითა და ჭეშმარიტებით, ლოდინითა და დაუღალავი იმედით, რომ ოდესღაც სასწაული ღვთის მიერ ნაბოძები საჩუქარი, მარცვალი სიცოცხლისა, რომელიც ქალის სიცოცხლის ჭურჭელში ფეთქავს, ტკივილით და ტირილით მოევლინება საუკუნოდ ამ ქვეყანას და თუ უწერია, სამყაროს შეცვლის.
შეკრთა შვილმკვდარი დედა. უცნაური სიხარულით შეეკუმშა სიცოცხლის ჭურჭელი.მომავლის იმედის ნაყოფის სიმძიმემ ტკივილად დაუარა ქალის მუცელს...
აწვიმდა მუხლდაჩოქილ რომაელთა ლეგიონის, იმედით სავსე, ფართო, მზით დამწვარ სახეს.
აწვიმდა მხრებში მოხრილ ტალახიან, ტკივილით მორწყულ მარიამს, რომლის სულში სიყვარული ზეიმობდა და თავად სიცოცხლე, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი...
ცა ჩამობნელდა და მიწა იძრა .
იერუსალიმის დიდ ტაძარში კედლები გაირღვა და მთავარი სალოცავის ფარდა ცეცხლით ორად გაიპო..
__ჭეშმარიტად ძე ღვთისა იყო!
გაიფიქრა იესოს გვერდით ჯვარცმულმა ავაზაკმა..
გორაზე შეფენილი ხალხი ნელ_ნელა დაიშალა. სანახაობა დასრულდა.
მარიამისგან მოშორებით , რომაელი ლეგიონერის უკან, ათიოდე წლის ბიჭი ცნობისმოყვარედ აკვირდებოდა იესოს დალურსმულ, სისხლიან ტერფებს.მამას მისი ხელი მძლავრად ჩაებღუჯა თავის მსხვილ ტორებში. ბიჭი ამაოდ ცდილობდა მამისგან თავის დაღწევას. გაფაციცებული უყურებდა,აკვირდებოდა მომაკვდავ მესიას ვისგანაც, ელოდა სასწაულს, ჯიუტად, დაუსრულებლად. სწამდა მისი საუკუნო სიცოცხლისა და იმედით ელოდა ხმას, რომელიც იტყოდა:__,,მე ვარ სიკვდილი და აღდგომა ,,..ეს ბიჭი, სწორედ ის მარცვალი იყო, რომელიც გაპოხიერებულ ნიადაგზე მოხვდა...
მამას ძლიერად ვეჭირე რომ არ გავქცეოდი. თუმცა მან არ იცოდა, რომ მე უკვე ვიდექი სამყაროს შუაგულში , ძველისა და ახლის გზასაყარზე, ახალი ეპოქის საწყის წერტილზე და მესმოდა ხმა:___ნეტარ არიან ბავშვივით უმანკონი..
წლების შემდეგ თმაგათეთრებული მოხუცი პატარა ბიჭუნასთან ერთად გოლგოთის მთაზე ავა,რომელნიც იმ ადგილას დააწყობენ მინდვრის ყვავილების თაიგულს,სადაც იესო ჯვარს აცვეს.
რომაულ ლეგიონერთა უფროსს მხოლოდ სახელიღა შემორჩენდა რომაული, რწმენა და სიყვარული იესოს სავალს გზებს უნათებდა დიდიხანია..
__აქ აღესრულა ჭეშმარიტად ძე ღვთისა. მიუალერსა პატარა,თვალებბრიალა ბიჭს და სევდიანი სახით ახედა ცის კაბადონს ყოფილმა რომაელმა ლეგიონერმა..
@ნანა ნასყიდაშვილი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2