თავი 9
ელის პასუხის მოლოდინში გული საშინლად უცემდა. ალესტერი ცოტა ხანს დუმდა. ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
- იმ პერიოდში ძალიან ბევრი დამსვენებელი გვყავდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კაცი, რომელმაც ეს გააკეთა - მაკლ ბლეკ ტაიკა იყო…
- ვინ?..
- ეს არ იყო მისი ნამდვილი სახელი! მაკლ ბლეკ ტაიკას ჩრდილოეთ შოტლანდიაში "ჯოჯოხეთის ძაღლებს" ეძახიან… მითოლოგიური ცხოველია ასეთი, შავი ძაღლი ჯოჯოხეთური წითელი ცეცხლოვანი თვალებით… ვერ გეტყვი, რატომ შეარჩია მაინცდამაინც ეს სახელი... მხოლოდ ის ვიცი, რომ მარტო იყო ჩამოსული...
ახლა კი ძალიან გთხოვ… გვირაბში დაბრუნდი! ნუ მაიძულებ, ძალა გამოვიყენო...
ელიმ მოულოდნელად მაგიდიდან ვისკის ბოთლი აიღო და მაგიდას ძლიერად დასცხო. შუშის ნამსხვრევები აქეთ-იქით მიმოიფანტა. ვისკი ფურცლებს გადაესხა…
- ერთ ნაბიჯსაც გადმოდგამთ და თვალებს ამოგთხრით!
დაიყვირა ელიმ და გატეხილი ბოთლი წინ გაიშვირა.
- შენ ალბათ არ იცი, რომ შავი ოთახებიდან ხმა არ გადის! ნუ გაართულებ სიტუაციას, შედი გვირაბში…
- საკუთარი ხელითაც ხომ არ გამოვიჭრა ყელი და საქმე გაგიადვილოთ, ალესტერ? თუ ჯერ მეთიუ მოვკლა?
- კარგი! მოდი ასე მოვიქცეთ… გვირაბში მე და შენ ერთად შევალთ და…
- და ეს რას მომცემს?.. არა, ალესტერ! ამჯერად ისე მოვიქცევით, როგორც მე ვიტყვი! ახლა თქვენ მაჩვენებთ, საიდან იღება მეცამეტე საკანი!
ალესტერმა ელისაკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა. ელიმ უკან დაიხია.
- აი, ხედავ? ჩემი გეშინია! მაგ ბოთლსაც სულ ტყუილად იქნევ…
- არ მომიახლოვდეთ!
- ვისი იმედი გაქვს, ელი? აქ ვერავინ დაგეხმარება! ის გამომძიებელიც კი არ არის ნამდვილი…
- დარწმუნებული ხართ, რომ იცით, ვინ არის პიტერი?
- ამას რატომ მეუბნები? გინდა შემაშინო და ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინო? რა თქმა უნდა, ვიცი, ვინ არის პიტერი... პიტერი მსახიობია!
- დარწმუნებული ხართ, რომ პიტერი მსახიობია? გინახავთ მისი მონაწილეობით რაიმე ფილმი ან სპექტაკლი?
- დროის გაყვანას ცდილობ, ელი! მე კიდევ მოთმინების ფიალა ამევსო… დამეთანხმები, რომ ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება…
- რა თქმა უნდა! დარწმუნებული ვარ, მეთიუსთანაც სცადეთ!
- ახლა უკვე ვიცი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ! თუ მეთიუ თანახმა იქნება, რომ სასტუმროზე უარი თქვას, მაშინ ორივეს ხვალვე გაგიშვებთ ლუიზიანაში. იქ პატარა სახლი მაქვს, რომელსაც სიამოვნებით დაგითმობთ სანაცვლოდ…
- რატომ უნდა დაგიჯეროთ?
- უკვე გითხარი, მკვლელი არა ვარ! გარდა ამისა, სხვა გამოსავალი მაინც არ გაქვს, ელი… შენ აქ სრულიად მარტო ხარ!
- ეს შენ ფიქრობ ასე…
მოულოდნელად მამაკაცის ხმა გაისმა. ალესტერი შეკრთა და ხმის მიმართულებით შებრუნდა.
გვირაბის გაღებულ კართან პიტერი იდგა.
- პიტ? შენ აქ რას აკეთებ?.. მანდ როგორ მოხვდი?
ალესტერს ხმაში შიში შეეპარა.
- ერთი დაუსრულებელი საქმე დამრჩა აქ და დავბრუნდი, ალესტერ!
- სად არის მეთი?
ჰკითხა ელიმ და გაღებულ კარს გახედა.
- ვერ გამოვიყვანე საკნიდან, მაგრამ არა უშავს… ახლა მისტერ ალესტერი თავად გააკეთებს ამას!
პიტერმა ხელი შარვლისაკენ წაიღო და კაბურადან პისტოლეტი ამოიღო. ალესტერი გაფითრებული იდგა და პიტერს შეჰყურებდა.
- რას აპირებ? რად გინდა ეგ იარაღი?.. თუ თანხა გეცოტავა, შემიძლია…
- თანხა არაფერ შუაშია! სანამ რამეს აგიხსნიდე, აჯობებს, პირველ რიგში, საკანი გააღო! მერე პოლიციას ჩაბარდები და ყველაფერს აღიარებ!
- მგონი, როლებში ძალიან ღრმად შეიჭერი, ბიჭუნავ! თავი მართლა გამომძიებლად წარმოიდგინე?.. გგონია, ყველაფერი იცი… ერევი იქ, სადაც შენი ადგილი არ არის!
გაბრაზებული ალესტერი ცენტრალური კარისაკენ გაემართა.
- შენს ადგილზე მაგას არ გავაკეთებდი!
- რას იზამ? მესვრი?
- თუ საჭირო გახდა!
- ძალიან მეეჭვება!
- როგორ თქვი? შავი ოთახები ისეა აშენებული, რომ ხმა არ გადისო?
ალესტერი კართან შეჩერდა.
- შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რამხელა ძალაუფლებას ფლობს ამ სასტუმროს მფლობელი… მე თუ ავლაპარაკდი, მან იცის, რომ კარგი დღე არც მას დაადგება. წლების წინ მომხდარი მკვლელობა ამოტივტივდება და მის კარიერას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ასე რომ, თუ გაიგო, რომ ვიღაც ლაწირაკმა თავი მოსამართლედ წარმოიდგინა და…
- "ვიღაც ლაწირაკი", როგორც უწოდებ, იმ დიდი ძალაუფლების მქონე კაცის შვილია!
ამ სიტყვებით პიტერი ალესტერს მიუახლოვდა და თავისი პისტოლეტით ანიშნა, რომ გასაღები მაგიდაზე დაედო.
- მესმის, რომ ვისაც იარაღი აქვს, წესებსაც ის ადგენს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია! ძალზედ მდიდარი წარმოსახვის უნარი გქონია, პიტერ!
- სალივანი მამაჩემია! სასტუმრო კი მეთიუ ნოელს მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის შეგრძნებისა და სინდისის ქენჯნის გამო გადაუფორმა! შენ არაფერ შუაში ხარ, ალესტერ!
ალესტერი შეცბა და გაუბედავი მოძრაობით გასაღები პიტერს გაწვდილ ხელში ჩაუდო.
- სალივანის შვილი ხარ?.. კი მაგრამ, აქ რას აკეთებ? ან სინდისის ქენჯნა რა შუაშია?
ალესტერი დაბნეული იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა.
- მეთიუ მამაჩემის უკანონო შვილია, რომლის არსებობასაც დღემდე ყველას გვიმალავდა! მამაჩემს წლების წინ საყვარელი ჰყავდა, რომელსაც სოლიდური თანხა ჩაურიცხა და სანაცვლოდ, აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა. როგორც ჩანს, მამაჩემს სცოდნია, რომ მშობიარობის შემდეგ დედამ ბავშვს თავისი გვარი მისცა, მაგრამ მისი დატოვება არ ისურვა და თავიდან მოიცილა "ზედმეტი ტვირთი".
- ბავშვთა სახლში ჩააბარა!
ჩაილაპარაკა ელიმ და ბოთლი ძირს დააგდო. ალესტერი გაშტერებული იდგა.
- რატომ მაინცდამაინც ეს სასტუმრო? როცა ამხელა ქონებას ფლობს… წლების მანძილზე მე მისი ნდობით აღჭურვილი პირი ვიყავი! ჩვენ მოვილაპარაკეთ…
- მეთიუ ნაიადაში ცხოვრობს. ეს სასტუმრო კი მის სოფელთან საკმაოდ ახლოსაა. მეთიუს სიცოცხლის ბოლომდე ექნებოდა გარანტირებული შემოსავალი. ახლა კი მაჩვენე, საიდან იღება ის ოხერი საკანი!
- ჯერ გვირაბში უნდა შევიდეთ…
- მხოლოდ შენს შემდეგ!
ალესტერი უხალისოდ შევიდა გვირაბში. პიტერი და ელი უკან მიჰყვებოდნენ. თორმეტი საკანი გაიარეს და იმ ადგილთან გაჩერდნენ, სადაც გვირაბი ოთხ ნაწილად იყოფოდა. ალესტერი მეცამეტე საკნის მხარეს გაემართა.
- პიტერ… შენ იცოდი, რომ მეთიუ შენი ნახევარი ძმაა?
ჩურჩულით ჰკითხა ელიმ პიტერს.
- არ ვიცოდი, ელი… მამასთან დაძაბული ურთიერთობა მაქვს. ძალიან თავისებური კაცია… შემთხვევით ვნახე მის კაბინეტში საქაღალდე, რომელშიც მეთიუს შესახებ ყველანაირი ინფორმაცია იყო თავმოყრილი. ფაქტის წინაშე რომ დავაყენე, მხოლოდ მაშინ აღიარა! მთხოვა, დედასთვის არაფერი მეთქვა…
- აქ როგორ მოხვდი?
- საბუთები რომ ვიპოვე, მერე სცენარისტს დავუკავშირდი. მისგან გავიგე, რომ მსახიობს ეძებდა ალესტერი, ვინც გამომძიებლის როლს შეასრულებდა. ალესტერს არ ვყავდი ნანახი, შესაბამისად, ვერ მიცნობდა! იცი, მე ყოველთვის ვოცნებობდი, რომ და ან ძმა მყოლოდა, ელი. მე რომ გავჩნდი, დედას სისხლდენა დაეწყო და საშვილოსნო ამოაჭრეს. მამა იმდენად იყო გართული თავისი საქმიანობებით, რომ მთავარი რამ გამორჩა მხედველობიდან… ის, რომ მე და დედასაც, მის ფულზე მეტად, მისი ყურადღება და სითბო გვჭირდებოდა…
ალესტერი იმ საკანთან შეჩერდა, რომელშიც მეთიუ იყო გამომწყვდეული. მეთიუ გისოსებთან იდგა და სიძულვილით აღსავსე თვალებით უყურებდა მას.
ალესტერმა აგურები გადათვალა და ერთ-ერთს ხელით მიაწვა. აგური სიღრმეში შესრიალდა და ტკაცუნი გაისმა. საკანი გაიღო. მეთიუ გააფთრებული გამოვარდა და ალესტერს ეცა.
- მეთ, არ გინდა!
ელიმ მათი გაშველება სცადა.
- შეეშვი! ამ კაცმა თავისი წილი სასჯელი უკვე მიიღო!
უთხრა პიტერმა მეთიუს და ხელი გააშვებინა.
- მიიღო? ეს პირუტყვი ციხეში უნდა ჩალპეს!
- შედი შიგნით!
მიმართა ალესტერს პიტერმა და საკანზე მიუთითა. ალესტერი დაემორჩილა. საკანში შევიდა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
- შენ კარგად ხარ, ელ?
მეთიუ ელისთან მივიდა და ხელი სახეზე ჩამოუსვა.
- კი… კარგად ვარ, მეთ!
- პოლიციაში დარეკეთ?
პიტერი ჩაფიქრებული სახით იდგა და ალესტერს უყურებდა.
- შენ ბევრი რამ არ იცი…
ჩაილაპარაკა პიტერმა. მეთიუმ საკნის კარები გაასრიალა და მიაჯახუნა. კარი ჩაიკეტა.
- იჯექი აქ პოლიციის მოსვლამდე!
მიაძახა ალესტერს და პიტერისაკენ შებრუნდა.
- ახლა უკვე ბევრი დრო გვექნება სალაპარაკოდ! მაგრამ, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადო დახმარებისთვის! შენ რომ არა, არც კი ვიცი, მე და ელის რა გველოდა აქ… მადლობა, მეგობარო!
მეთმა ხელი გაუწოდა პიტერს. მანაც ჩამოართვა.
- ახლა გისმენ!
- არ ვიცი, საიდან დავიწყო… დავიწყებ იქიდან, რომ მე აქაურობის მფლობელის, სალივან ბარლოუს კანონიერი შვილი ვარ! შენ კი… შენ, მეთიუ ნოელ… მისი უკანონო შვილი და ჩემი ძმა ხარ!
მეთიუს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, გაოგნებული იდგა და დაბნეული იყურებოდა.
- და კიდევ, ამ სასტუმროს ახალი მფლობელიც… სწორედ ამიტომ გამოგამწყვდია ალესტერმა! მის გეგმებს უნებურად ხელი შეუშალე…
რამოდენიმე ხანი მეთიუ გაშეშებული იდგა. ბოლოს ძლივს მოახერხა სიტყვის დაძვრა.
- ეს ხუმრობა არ არის, ხომ? კი მაგრამ, როგორ?..
- შენ შარშან ზაფხულში იყავი აქ, როგორც სტუმარი… შენი მონაცემები ქსელში ნახა მამამ… სახელი, გვარი და ასაკი… დაბადების ადგილიც გაიგო, შემდეგ დედაშენის ვინაობა…
- რატომ არ მნახა? სანამ სასტუმროს მიანდერძებდა, რატომ თავად არ მითხრა ყველაფერი?..
- იმიტომ, რომ სალივანმა ეს მოვალეობის მოხდის მიზნით გააკეთა, სამწუხაროდ! ის ისეა დაკავებული თავისი საქმეებით, რომ ოჯახისთვის დრო არ რჩება, მეთ… ჩემთვისაც კი ვერ იცლიდა ვერასოდეს და არ იყო ჩემს გვერდით მაშინ, როცა მჭირდებოდა მამის მხარდაჭერა… მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე არ შემიძლია, რომ პატიმრობისთვის გავიმეტო…
- პატიმრობისთვის?
- მეთ… თერთმეტი წლის წინ აქ დედაჩემი მოკლეს… მისტერ ალესტერმა ეს იცოდა და დამალა… მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვფიქრობდით, რომ დედამ მიგვატოვა და სხვა მამაკაცთან ერთად გაიქცა. სინამდვილეში კი…
ელის ყელში ბურთი გაეჩხირა.
- ახლა რომელი სიმართლე გირჩევნია, ელი? ის, რომელიც იცოდი თუ ის, რომელიც ახლა გაიგე?
გამოსძახა საკნიდან ალესტერმა.
- შენ ჩუმად იყავი, ალესტერ! გეყო, რაც გააკეთე!
- რაც გავაკეთე, ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო, პიტერ! მიუხედავად იმისა, რომ მამაშენი მაშინ საშინლად გაცოფდა, ვიცი, რომ გულის სიღრმეში ჩემი მადლიერია, რომ სწორედ ასე მოვიქეცი…
- სად არის დედა?.. სად დამარხეთ?
ალესტერი საწოლიდან წამოდგა და გისოსებს მიუახლოვდა.
- გაინტერესებს?.. ალბათ საშინელებაა, როდესაც დედის საფლავთან ყვავილებს ვერ მიიტან, არა, ელი?
- მოგკლავ, შენ ნაძირალა!
დაიყვირა მეთიუმ და გისოსებს მუშტი დასცხო.
- პიტერს არ უნდა, რომ მე დამიჭირონ… არა, პიტ?.. არ უნდა, იმიტომ, რომ იცის, რომ მამამისსაც თან გავიყოლებ! ალბათ გეგმა გაქვს, პიტ! სიამოვნებით მოგისმენ…
- მითხარი, რომ ასე არ არის!
მეთიუ პიტერისაკენ შებრუნდა.
- მეთ… ალესტერისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, რომ სახლში ცარიელს მოუწევს დაბრუნება! ყველაფერს დაკარგავს! დედაჩემი ავად არის და ვერ გადაიტანს, მამა რომ დაიჭირონ…
- ამიტომ არ გამოიძახე პოლიცია, პიტერ?
ჰკითხა ელიმ და მეთიუს მხარზე ხელი დაადო.
- იმედი მაქვს, რომ გამიგებთ… რამდენად ძნელიც არ უნდა იყოს…
მეთიუ დიდხანს იდგა და ხმას არ იღებდა. ფიქრობდა. ბოლოს პიტერს მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა:
- ერთბაშად იმდენი რამ შევიტყვე, რომ ახლა არ შემწევს უნარი, რაიმე გადაწყვეტილება მივიღო, პიტერ! გამიხარდა შენი გაცნობა! სასტუმრო არ მინდა! შეგიძლია გადასცე მამაშენს, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული საჩუქარი არაფერში მჭირდება! მე და ელი გავემგზავრებით აქედან, რაც შეიძლება მალე… შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია ნაიადაში ჩამოსვლა…
- მეთ! შენი კარგად მესმის, მაგრამ ჩემი აზრით, სასტუმროზე უარი არ უნდა თქვა! სალივანი არ არის ისეთი ადამიანი, რომ ამ საქციელმა გული აუჩუყოს… ჩემი რჩევა იქნება, გამოიყენე ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებს!
გათენებული იყო, როდესაც მეთიუ და ელი "დაწყევლილ ქოხში" ამოვიდნენ და სასტუმროსკენ ერთად გაემართნენ. სურვილების ჭას როგორც კი მიუახლოვდნენ, შორიდან პოლიციის სირენის ხმა მოესმათ. სასტუმროს ეზოში ნისლი იყო, მაგრამ ელიმ მაინც შეძლო გაერჩია ჯონის სხეული, რომელიც მთავარი შესასვლელისაკენ მიემართებოდა.
******
სასტუმრო და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ნისლში იყო გახვეული. საფლავების მხარეს რომ გაგეხედათ, იფიქრებდით, სადაცაა მიცვალებულები წამოდგებიანო…
სასტუმროს ბინადართ ჯერ კიდევ ეძინათ. ელიმ ჯონის ხმამაღლა დაუძახა და მისკენ სირბილით გაექანა. ჯონი მის ხმაზე შემობრუნდა და გახარებულმა წამოიყვირა:
- პატარა…
და თვითონაც დიდი ნაბიჯებით გამოემართა ელის შესახვედრად.
- სად იყავი? როგორ შემეშინდა! აშკარად ჩაიში ვიღაცამ ძილის წამალი ჩამიყარა… ეშმაკმა დალახვროს! მკვდარივით დამეძინა. გავიღვიძე თუ არა, ძებნა დაგიწყე… შენს ოთახში არ იყავი, ანას ეძინა…
- ვიცი, ჯონ! ყველაფერი
დამთავრდა!
თქვა ელიმ და ჯონის ჩაეხუტა. ამ დროს მათ მეთიუც მიუახლოვდათ.
- მეთიუ?.. სად იყავი? რა შეგემთხვა?..
- გრძელი ამბავია, ჯონ… პოლიცია შენ გამოიძახე?
- რა თქმა უნდა! აბა, რას ვიზამდი? სადაცაა მოვლენ… აღარ იტყვით, რა მოხდა?
- ძალიან ჩახლართულია ყველაფერი! ალესტერის კაბინეტში, ნახატის უკან კიდევ ერთი შავი კარია, რომელიც საიდუმლო გვირაბში მიდის… ის გვირაბი აკლდამას უკავშირდება და რამდენიმე გასასვლელ-გამოსასვლელი აქვს! კიდევ საკნები…
- საკნები?
- ჰო! ძველი საკნებია… ერთ-ერთში იყო მეთი…
- ვინ გააკეთა ეს?
- ალესტერმა, ჯონ! ანას და რონის ყველაფერი სხვაგვარად ეგონათ… როგორც აღმოჩნდა, არ არიან დამნაშავეები…
ჯონი მეთიუს მიუბრუნდა.
- მოიცა, რას მეუბნები… ალესტერს რაში დასჭირდა შენი გამომწყვდევა?
- ჯონ, ყველაფერი ერთად რომ გითხრა, შეიძლება გულის შეტევა დაგემართოს! შინ რომ დავბრუნდებით, ყველაფერს დალაგებულად მოგიყვები. პოლიცია უკვე ძალიან ახლოსაა…
- რას აპირებ, მეთ? გაითვალისწინებ პიტერის თხოვნას?
ჰკითხა ელიმ და გალავანს გახედა.
- პიტერმა ჩემ გამო ძალიან გარისკა, მაგრამ მე არ მჭირდება იმ კაცის მოწყალება! საერთოდაც, ნაკლებად მაღელვებს, დაიჭერენ თუ არა სალივანს… ალესტერი კი იმსახურებს სასჯელს!
- პიტერი ძალიან კარგი ადამიანია, მეთ… და ვფიქრობ, რომ არ უნდა დაკარგო!
- არც ვაპირებ… მაგრამ არც ალესტერის გაშვებას ვაპირებ!
- ალესტერს თუ დაიჭერენ, სალივანსაც მიაყოლებენ და პიტერი…
- მესმის…
- ალესტერს თუ დაიჭერენ? "თუ" რად უნდა მაგას, ელი? იმის თქმა გინდა, რომ გაიქცა?
- არა, ჯონ! საკანშია და პიტერიც მასთანაა… მეთი ამ სასტუმროს მფლობელის შვილი აღმოჩნდა… ისევე, როგორც პიტერი… სალივანს უნახავს მეთიუ სტუმრების სიაში, გასულ ზაფხულს და გადაწყვიტა, სასტუმრო მისთვის ეჩუქებინა.
- სალივანის შვილი?
ჯონიმ გაკვირვებისაგან თვალები დააჭყიტა.
- და ალესტერს ეს არ აწყობდა, როგორც მივხვდი…
- ჰო…
- ალესტერის დაპატიმრება რას აფუჭებს?
- ალესტერს თუ დაიჭერენ, პოლიციას ეტყვის, რომ წლების წინ ამ სასტუმროში დედაჩემი მოკლეს… მან და სალივანმა მაშინ ეს ამბავი არ გაამჟღავნეს იმის შიშით, რომ სასტუმრო რეიტინგს დაკარგავდა…
- რეებს მეუბნები, პატარა? დედაშენს აქ რა უნდოდა?
- წერილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იმ კაცის დაწერილი იყო, ვინც…
ელის თვალები აუწყლიანდა. გაჩუმდა და ღრმად ამოისუნთქა.
- წარმომიდგენია, რას განიცდი… მით უმეტეს უნდა ვუთხრათ სიმართლე პოლიციას!
მეთიუ ჩაფიქრებული იდგა და ხმას არ იღებდა. პოლიციის სირენის ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა.
- ჯონ, რა თქვი, როცა პოლიციაში დარეკე?
- ვთქვი, რომ ერთ-ერთ აქ მომუშავე გოგონას უბედურება შეემთხვა! მანამდე კი ერთი სტუმარი დაიკარგა…
- ხომ არ ვთქვათ, რომ გაუქმებული გვირაბის კარი შემთხვევით ჩამეკეტა და ვერ გამოვდიოდი, რომ ცრუ განგაში იყო?..
- მაპატიე, ელ… მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მე უნდა გადავწყვიტო! პოლიციას სიმართლეს ვეტყვით!
- კარგი, მეთ… მაშინ მე წავალ და პიტერს გავაფრთხილებ!
- მარტო არსად არ წახვალ!
- ალესტერი საკანშია! იქ არაფერი მემუქრება, ჯონ! პიტერი უნდა გავაფრთხილო… მე ვიცი, როგორც ვეტყვი...
ელიმ პასუხს აღარ დაუცადა და ისევ ქოხისაკენ გაიქცა, რადგან ალესტერის კაბინეტის გასაღები არ ჰქონდა.
მეცამეტე საკანთან პიტერი აღარ დახვდა... ალესტერი ონკანთან იდგა და პირსახოცით სისხლს იშორებდა.
- სად არის პიტერი?
ალესტერმა გასისხლიანებული პირსახოცი იქვე დააგდო და გისოსებს მიუახლოვდა.
- მანქანის მოსაყვანად წავიდა...
- უნდა გაგაპაროს? გვიანაა! პოლიცია უკვე აქ არის და მეთიუ ყველაფერს იტყვის!
- იტყვის?.. ძმის თხოვნას არაფრად ჩააგდებს?
ირონიულად ჩაიღიმა ალესტერმა.
- ასე გადაწყვიტა!
ალესტერს პირზე დამცინავი ღიმილი გამოეხატა.
- შენ გამოსამშვიდობებლად მოხვედი?
- სად არის დედაჩემი?
- შენ ვერ იპოვი! მხოლოდ მე შემიძლია წაგიყვანო და განახო…
- რა ჭკვიანი ხარ, ალესტერ!
- ჭაობი ძალიან საშიში ადგილია! იქ თითქოს ყველაფერი გამოგონილი, არარეალურია… ხედავ მყარ ზედაპირს, ფეხს დადგამ და… განწირული ხარ დასაღუპად! რაც უფრო მეტად იბრძვი და ცდილობ თავის დაღწევას, მით უფრო მეტად გითრევს ფსკერისკენ…
- დედას სხეული ჭაობში ჩააგდეთ?
ელის გული შეეკუმშა.
- კიდევ ერთხელ გიმეორებ, ელი… შენ ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე…
- მაშინ დამიმტკიცე საპირისპირო და მითხარი, სად არის დედა?!
- დედაშენი დავასაფლავე! საფლავის ქვა ან რაიმე ნიშანი არ არსებობს! ადგილი, სადაც საბრალო ნორა…
- კეიტი…
- კეიტი არის დასაფლავებული, მხოლოდ მე ვიცი და თუ ახლა პოლიცია ამიყვანს, ეს საიდუმლო ჩემთან ერთად დაიმარხება! სიცოცხლის ბოლო წუთამდე უარვყოფ ყველაფერს… შენ უკანასკნელი შანსი გაქვს, ელი… კარგად დაფიქრდი! იმსახურებდა დედაშენი იმას, რომ მის საფლავზე ვერასოდეს მისულიყო საკუთარი შვილი?..
- გარეწარი ხარ, ალესტერ! იცი, რა არის ჩემთვის ყველაზე საკრალური და შანტაჟს მიწყობ…
- ის, რაც შენთვის ყველაზე საკრალურია, ჩემთვის გადარჩენის ერთადერთი შანსია, ელი… კანონზომიერებად მიგაჩნია ის, რომ დედაშენი მიწაშია და მისი მკვლელი თავისუფლად დაიარება?
- თქვენ… იცით, სად არის… ის?..
- გამიღე კარი და შენ მიიღებ დედის საფლავს, მისი მკვლელის ვინაობას და ადგილსამყოფელს… ძალიან კარგ გარიგებას გთავაზობ! დაფიქრდი...
ელიმ ცრემლები შეიმშრალა და კედელს მიუახლოვდა.
- თუ გაქცევას დააპირებ, ყვირილს ავტეხავ და დამიჯერე, სასტუმროს ეზოში პოლიცია გაიგებს ჩემს ხმას! შორს ვერ გაიქცევი… ამავდროულად, მე შემიძლია, მათ კვალი ავურიო…
- გარანტია მჭირდება! მაშინ ასე მოვიქცეთ! მე ჯერ დედის საფლავთან წაგიყვან… იქ ერთმანეთს დავემშვიდობებით! მერე შენ დაბრუნდები და იტყვი, რომ როდესაც აქ მოხვედი, კარი ღია დაგხვდა. მე აღარ ვიყავი! როგორც კი სამშვიდობოს ვიქნები, ელექტრონულ ფოსტაზე გამოგიგზავნი ყველაფერს ტაიკას შესახებ!
- რატომ უნდა დაგიჯერო?
- იმიტომ, რომ ეგ ინფორმაცია ჩემთვის არაფერს წარმოადგენს! მისი დამალვა არაფერში მჭირდება! თუ კეიტის სხეულის ექსპერტიზა რამეს დაამტკიცებს და მის მკვლელს დაიჭერენ, კიდევ უკეთესი…
- რომელ აგურს უნდა მივაწვე, რომ საკანი გაიღოს?
***
ქოხიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იყო ჭაობი. აქ ყველაფერი მართლა არარეალურს ჰგავდა. წყლის ზედაპირი გაქვავებულივით იყო, არ იძვროდა. ზემოდან მწვანე საფარი ჰქონდა გადაკრული. დაუკვირვებელ თვალს, შესაძლოა, მართლა მყარ ზედაპირად მიეღო და მოულოდნელად წყალში აღმოჩენილიყო.
ალესტერი ჭაობს მიუყვებოდა. დროდადრო ჩერდებოდა, აკვირდებოდა ყველაფერს… ხეებს გადათვლიდა და ისევ აგრძელებდა გზას. ელი კი უკან მისდევდა. როგორც იქნა, დაბალ ტირიფთან შეჩერდა და ტოტები ხელით გადასწია.
- აქ უნდა შევიდეთ!
- შენს შემდეგ!
ალესტერი ხის ტოტებში გაუჩინარდა. ელი უკან მიჰყვებოდა და გული ისე აჩქარებით უცემდა, თითქოს სადაცაა საგულედან ამოუვარდებაო. ალესტერი დიდ ლოდთან შეჩერდა და ელის დაუძახა.
- აი, აქ არის!
ელი მიწის იმ მონაკვეთს დააჩერდა, რომელიც ალესტერმა აჩვენა.
- ბილიკიდან, საიდანაც ჩვენ მოვედით, მეოთხე ტირიფის ხე უნდა გადათვალო. შემდეგ აქ შემოუხვევ და ამ ქვას ნახავ… რაც შეეხება ტაიკას, მას ლუიზიანაში იპოვი! ზუსტ მისამართს, როგორც შევთანხმდით, ფოსტით გამოგიგზავნი! ახლა უნდა წავიდე. მადლობა, ელი…
ალესტერი ხეებს მიეფარა. როდესაც ელი სურვილების ჭასთან დაბრუნდა, დაინახა, რომ სასტუმროს ეზო სავსე იყო ხალხით.
ყველას ეღვიძა. პოლიციის მანქანაც ეზოში იდგა. ანას ხალათი მოეცვა და შეშინებული თვალებით იყურებოდა. ელიმ გამბედაობა მოიკრიბა და მანქანისაკენ გაემართა.
***
დილიდან წვიმდა. ელი ვერანდაზე, მოქანავე სავარძელში იჯდა და თავის სახლს გაჰყურებდა. ბუნდოვნად მოჩანდა მეგის სილუეტი თავისი ყოფილი, მანსარდის ოთახიდან. სახლიდან მეთიუ გამოვიდა. მას ხელში ორი ჭიქა ეჭირა. ჭიქებიდან ორთქლი ამოდიოდა.
- ჩაიწიე…
მეთი ელის გვერდით დაჯდა და ჩაის ჭიქა მიაწოდა.
- მადლობა, მეთ… იცი, ახლა იმაზე ვფიქრობდი, როგორ იცვლება ყველაფერი… სულ რაღაც ერთი წლის წინ იმ ფანჯარასთან ვიდექი და ამ ვერანდას ვუყურებდი…
- მე ძალიან მომწონს ეს ცვლილება! ახლა უკვე აქ ხარ, ჩემს ვერანდაზე…
- მეთ… რაღაც მინდა გითხრა!.. რაღაც, რასაც აქამდე ვერ გეუბნებოდი… შენი რეაქციის მეშინოდა…
მეთიუმ ჩაი მოსვა და ჭიქა ძირს დადგა.
- ალესტერს შენ დაეხმარე გაქცევაში, ხომ?
ელი გაკვირვებული შებრუნდა მისკენ.
- პიტერმა გითხრა?
- არა… მე თვითონ მივხვდი…
გაიღიმა მეთიუმ და ელის ლოყაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი.
- და არ გაბრაზდი?..
- ალესტერმა სხვა გამოსავალი არ დაგიტოვა, ელ… მეც ასე მოვიქცეოდი, შენს ადგილას! სამაგიეროდ, კეიტს საფლავი აქვს, სადაც მისი ოჯახის წევრები მიდიან...
ელიმ მეთიუს მკერდზე თავი მიადო.
- მადლობა, მეთ… მადლობა ამისთვის…
- ელი… არასოდეს არაფერი დამიმალო, კარგი? მე ყოველთვის გაგიგებ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები! ასე რომ, თუ არის კიდევ რაღაც, რაც უნდა ვიცოდე, ბარემ მითხარი!
ელი წამიერად ჩაფიქრდა.
- უკვე ყველაფერი გითხარი! მეტი საიდუმლო არ მაქვს, მეთ! და ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ!
- მეც ძალიან ბედნიერი ვარ, ელ!.. ხვალ პიტერი ჩამოდის და სასტუმროს ახალი სეზონის გახსნა გვაქვს! იცი, ძალიან კარგი ჰქენი, რომ სასტუმროზე უარის თქმა გადამაფიქრებინე...
- შენ უფრო მეტიც გეკუთვნის, მეთ… აი, ნახავ, ხვალ რა გრანდიოზული გახსნა იქნება! ის მოწვეული სტუმრებიც დიდ როლს ითამაშებენ პიარ-კამპანიისთვის!
- მიხარია, რომ ასე დაინტერესდი და გსიამოვნებს, რასაც აკეთებ! შენ ყველაფერი გამოგივა, ელიზაბეტ ნოელ!
***
"მდუმარე სასტუმროს" ახალი სეზონის გახსნისათვის მზადება დილიდან დაიწყო. მთავარ დარბაზში თავი მოეყარა ყველა ზებუნებრივ არსებას. მათ შორის ბევრი ახალი პერსონაჟიც იყო... ელი მათ შორის მიმოდიოდა და ყველაფერს ამოწმებდა. მეთიუ პიტერის დასახვედრად იყო წასული.
ელი ალესტერის ყოფილ და მის ახალ კაბინეტში შევიდა, საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო და სალივანის დღიური გადაფურცლა. შემდეგ კედელს მიუახლოვდა და დედის სურათს მიაჩერდა, რომელიც ლამაზ ჩარჩოში იყო ჩასმული.
- მოწვეული სტუმრები დარბაზში იცდიან!
გაისმა დინამიკიდან, რომელიც მაღლა იყო ჩამოკიდებული. ელიმ დედის ნაქონი მედალიონი მოიხსნა, მაგიდაზე დადო, "თეთრი ქალის" კაბა შეისწორა და კაბინეტიდან გავიდა...
სტუმრებს შორის რამდენიმე ცნობილი კომპანიის პრეზიდენტიც იყო. ელიმ დარბაზი მოათვალიერა და მზერა პირქუშსახიან შუახნის მამაკაცზე შეაჩერა, რომელიც ბართან იდგა და ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა.
შემდეგ ლამაზად მოწყობილ პატარა სცენაზე ავიდა და სტუმრებს მიმართა:
- მოგესალმებით ყველას და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის! "მდუმარე სასტუმროს" ახალი მფლობელი ჰყავს, ამიტომ ბევრი რამ შეიცვალა... ახლა ბევრად მეტი პერსონაჟი გვყავს და რაც მთავარია, ძალიან მრავალფეროვანი სცენარები... ერთი სიტყვით, დამსვენებლებს მართლა დაუვიწყარი დღეები ელით! რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გახსნასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, მოგვეწვია ყველა ის ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც დაუსვენია აქ, სასტუმროს დაარსების დღიდან მოყოლებული...
სამი დღის განმავლობაში ხარჯებს სასტუმრო დაფარავს! დროის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ!
ელი სცენიდან ჩამოვიდა და ბარისაკენ გაემართა. ის კაცი ისევ იქ იდგა. ელის მიახლოებაზე თითქოს ოდნავ ანერვიულდა და მის კაბას მიაჩერდა. ელიმ გაუღიმა და ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა.
- მიხარია, რომ ჩამოხვედით, ჯოზეფ ეკლსტონ! იმედი მაქვს, მოგეწონებათ განახლებული სასტუმრო...
მის პასუხს აღარ დაელოდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ბარის უკანა კარისაკენ. როგორც კი კორიდორში აღმოჩნდა, შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და ჩაილაპარაკა:
- ძალიან მალე ისევ შევხვდებით, – მაკლ ბლეკ ტაიკა!
დასასრული
ავტორი თეა ინასარიძე
დატოვეთ კლასი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6