შორენას იამა, მეფესაც რომ მოსწონებოდა მისი საყვარელი ნუკრი, გაუკვირდა: სახელიც რომ დახსომებოდა მისი. რაღაც უნდოდა ეპასუხნა, მაგრამ გამოსაღები ხმა სადღაც ხორხის არეში გაუწყდა და საკუთარ ხელებს დახედა მორცხვად.
დიდი ხანია რაც მისი ხმა არ გაეგონა მეფეს, ამიტომ ასეთი რამე უთხრა:
"თალაგვა მიამბობდა: ობოლიაო ნუკრი, დედამისი რა იქნა?"
"წრეულს მყვირალობის დროს გაგვექცა დედამისი. საერთოდ ფურები უკეთ იტანენ ტყვეობას, ვიდრე ხარები, განსაკუთრებით თუ ნუკრი ეყოლათ, მაგრამ ნებიერას დედა გამონაკლისი იყო.
იგი ერთმა დიდოელმა მოჰგვარა სამი წლის წინად მამას.
ბევრი ვეცადეთ, არ იქნა მისი მოთვინიერება. ჩემი ხელით ვაჭმევდი, მარილს ვალოკინებდი, მუდამ ტყისკენ ეჭირა თვალი.
მყვირალობის დროს აუტანელია მათი ბღავილის მოსმენა. მე მთელი ღამე არა მძინავს მყვირალობის დროს.
ნებიერას დედა წრიალებდა განსაკუთრებით, დაიწყო თუ არა ამ წელს მყვირალობა, დღისით და ღამით ბღაოდა ბედშავი, საჭმელს პირს არ აკარებდა, ბოლოს წყლის სმაც აღიკვეთა, ჩვენ შეგვეშინდა, ვაითუ მოკვდესო დარდისაგან. მერმე ეს იყო, მონადირეებს უბრძანა მამამ, თოკით წაეყვანათ მთაში, მჟავე წყალი მოსვასო ეგების.
როგორც კი მთები დაინახა, შემზარავი ყვირილი ასტეხა თურმე, მჟავე წყალს დაეწაფა და, მოიკლა თუ არა წყურვილი, ერთი გადაბღავლა მთებს, ყურები დასცქვიტა, და გადაეშვა ქარაფიდან".
"მონადირეები?"
იკითხა გიორგიმ.
"ერთმა ხელის გაშვება მოასწრო, ხოლო მეორე, დიდოელი არ მოეშვა, თან გადაჰყვა უფსკრულში".
"ასე ძნელია თავისუფლების დათმობა", ეუბნება გიორგი და ჯიქურად შესცქერის თვალებში ქალს.
/დიდოსტატის მარჯვენა/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев