სამშობლო გელოდება, შორს ნუ წახვალ, ქართველო!
(ნათელ გზებით ატარე, ანგელოზო, მფარველო!)
შენს სახლს მოუწყენია, გაუმაგრე ბოძები,
ვაი, რომ შემყურე ვართ ამ დაცლილი სოფლების.
გადაპენტა აპრილმა სოფლის მთათა ბეჭები,
სანთლით ხელში, კლდის ქიმზეც, ლოცულობენ ბერები.
სერზე ცხენი შემდგარა, უნაგირს კვლავ არ იდგამს,
თავისუფალ სამშობლოს ერთგულება დაგვითქვამს.
მამული გელოდება, ცრემლით ტირის ძუძუმტე:
"მტერს ნუ გაახარებდე, სახლს არ დაუტოვებდე".
ნაჯაფარი ხელებით, მოდი, ვაზი დაკრიფე,
ვიდრე სხვა შესევია, სანამ არის დრო კიდევ...
ჰქონდეს შენი იმედი მონატრებულ დედ- მამას,
იქნებ, შეშა დააკლდათ ამ ყინვიან, ცივ ზამთარს?!
დრო გარბის და გგონია, თითქოს, გუშინ წახვედი,
იცი, ცხვარიც დააკლდა იაალაღებს ხავერდის?!
საფლავები გმინავენ ჩვენ დიდებულ მეფეთა,
ხმაურობენ ქართველნი თურქთან, ფრანგთან, ბერძენთან...
ოდითგან მტრად მოსულებს ვუთმობთ მიწა- წყალს ნებით,
ნუთუ, სისხლი არ გვიდუღს, უბრძოლველად ვნებდებით?
ეჰეჰეი, ქართველო! აუჯანყდი თავს კიდევ...
ცრემლების ზღვა დამდგარა, სამშობლო გაგვიყიდეს!
დედაშენი გეძახის შენი ოდა- ბადედან,
მიხედეო სამშობლოს, ნუთუ, ისიც დაბერდა?!
სანამ კიდევ უფეთქავს დამჭკნარ მკერდში ეს გული,
ჩაგიკრას და გაგათბოს ცივ ქვეყნიდან მოსული.
ნუთუ, არ მოგენატრა შენი მთა და გორები?!
ქართველებო, სადა ხართ, ასე რად მეშორებით.?!
Bela Alania
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев