თვალების გახელამდე გავიღვიძე. მიხარია რომ ვგრძნობ სიცოცხლეს! რა ლამაზია ირგვლივ ყველაფერი. შორიდან მესმის ხიდზე გავლილი მანქანის ხმა, სახლთან ახლოსაა რკინიგზა და ჩქაროსნული თუ
სატვირთო მატარებლის ხმა საკმაოდ არღვევს სიმყუდროვეს.
თვალები გავახილე და დილას გავუღიმე. მზემ სამყაროს გაუღიმა. მზემ დამასწრო გაღვიძებაც და სამოგზაუროდ წასვლაც. ვგრძნობ ღია ფერებით დაიწყო აისის გაფერადება, მერე მეწამულისფერი შესამოსელი შემოაცვა გარემოს, მიიხედ მოიხედა და მასზე ადრე გაღვიძებულებს თვალი ჩაუკრა, ,,ყოჩაღო" უთხრა, აკოცა
და განაგრძო გზა.... მიადგა ფანჯარას და ოდნავ გადაწეული ფარდის იქით შეიჭყიტა. მოეწონა მძინარე და შუბლზე აკოცა. სითბო იგრძნო, გვერდი იცვალა ღიმილით და ცნობისმოყვარეობით თვალგახელილმა ,,დილა სიყვარულისაო" მიესალმა მზეს...,,იბედნიერე!" მზეც მოეფერა!
,,მეჩქარებაო"! მზემ. ....გაღვიძებულმა, კეთილი სურვილებით გაჯერებული სიყვარული გამოატა სამყაროში გასავრცელებლად.
გაუყვა გზას მზე და... უკვე გაღებული ფანჯრებთან შეჩერდა...ოთახიდან დედ მამის მხიარულ საუბარს ისმენს, შვილებს რომ ეფერებიან და არიგებენ: ადექ ვაჟკაცო, ტაძარში დროით მივიდეთ - უფალს გავახარებთ!"
,,გაიღვიძე მშვენიერო, მზემ მოგვაკითხა, არ დაგვიანდეთო!"
უხარია მზეს ასე ლამაზად და სიხარულით რომ ხვდებიან ყველგან. აგერ სამშობიარო სახლის ფანჯარას მიადგა და იღიმება, პაწაწინა დედის მკერდს მონდომებით მიკვრია და თან ეძინება. დედა კი სიამოვნებით აწოვებს ძუძუს. გვერდით საწოლზე ჩამომჯდარი, ღმერთს მადლობას უძღვნის დედობისათვის. უცინის მზე პატარას და ,,გამრავლდით" ო ეჩურჩულება. ახლა სხვა სახლს მიადგა და ავადმყოფის საწოლთან შეჩერდა. თვალები გაახილა ღამენათევმა, დაღლილმა ავადმყოფმა. ,,მადლობა უფალო სიცოცხლისათვის, მადლობა რომ შენ მაჩუქე დღევანდელი დღე და მზეს ვხედავ, მადლობა კიდევ ერთი გათენებული დღისათვის!" უხარია მზეს - სამადლობელს ისმენს, თვალი ჩაუკრა: ,,კიდევ ბევრჯერ მოიძებნი სათვალეს ჩემს დანახვაზეო" დაუბარა.
ტყისკენ გაუწია სხივებმა. ნათებისთანავე წამოფრენილან ტოროლები. აისის შეფერილობა და მსუბუქი ნიავი ყველაზე ადრე მაინც ჩიტებს
აღვიძებს თურმე! ცხოველებიდან ზოგი ბუნაგში ეგებება მზის სხივებს, ზოგი კიდე კლდის წვერზე. ზოგი ფრინველი ბარტყების მოლოდინით არ შორდება ბუდეს, ზოგი ახლად გამოჩეკილებს ეჟღურტულება. ბუდეებიდან და ბუნაგიდან გამოსულები დილის სალამს უძღვნიან ერთმანეთს და იწყება ჟრიამულ მხიარულება უღრანი ტყის მელოდიებით. იწყება მისალმება - მოკითხვები. ჭორიკანა კაჭკაჭები და ბუ ერთმანეთს ეჯიბრებიან მთვარისა და ნიავის მოტანილი ახალი ამბების გაანალიზება გავრცელებაში. მზე ყველას უღიმის, ეფერება და გზას აგრძელებს. ვერავინ ბედავს ,,მოიცადე, ჩვენთან დარჩიო!" უთხრას. იციან რომ მზეს სხვებიც ელოდებიან.
მინდვრის თაგვები და ყელმოღერებული ყვავილები მშრომელ ჭიანჭველებს და ფუტკრებს ადევნებენ თვალს. ჯარისკაცებივით დაწყობილი ჭიანჭველები სამუშაოდ და საზრდოსთვის მიეშურებიან. ფუტკრები კი სახლიდან შორს, ძალიან შორს მიფრინავენ ყვავილის ნექტარის შესაგროვებლად რომ თაფლი დაამზადოს და სანთლისათვის სარაჭი მოგვცენ.... მზის ამოსვლა ახარებს ფერად პეპლებს. პეპელა მხოლოდ სამ დღეს ცოცხლობსო ამბობენ და მზესთან ურთიერთობით ილამაზებს ყოფას. მზე ყველას შრომასა და ნაშრომს თავისი სითბოთი და სიტკბოთი ამშვენებს.
....სამუდამო განსასვენებელს დახედავს მზე. ცრემლი მოაწვება წინაპართა მიტოვებულ, მოუვლელ საფლავს რომ დაინახავს ,,ეეჰ, არ მოვიდნენ ხომ?" გულდაწყვეტილი ეტყვის შემოღობილ დაჟანგულ და ზოგან ჩაშლილ საფლავს და გულდაწყვეტილი, ქვაზე დახატულ სხვა საფლავს მიუახლოვდება. ახლად დაკრძალულ სასაფლაოს ჯერ მესერიც არ აქვს. სულ ქორფა ყვავილებითაა დაფარული განსასვენებელი. მშობლის მოსახსენიებელ პარაკლისს ტაძარში აღავლენს მოძღვარი და შავ თასაფრიანი შვილი და შვილიშვილი უხმოდ იცრემლებიან. იცის ეს მზემ! იცის
და მომხსენიებელს ლოცავს რომ პატარას ასწავლის უფროსის პატივისცემას.
ყველას შესახებ ყველაფერი იცის მზემ და მთვარემ. საფლავზე ამოსულ მინდვრის ყვავილებს ღამის სიგრილე სიცოცხლეს უხანგრძლივებს. მზე დილიდან ეფერება და ყვავილების ფოთოლთა რხევით ხვდება მზე რომ ქვაზე დახატული მომღიმარი მადლობას ეუბნება მოკითხვისათვის, რომ დღეს სანთელს აუნთებენ და ლოცვებში მოიხსენიებენ.
ჩვენ მათ ვერ ვეხებით ფიზიკურად, სხეული მიწას მივაბარეთ, თორემ ისინი სულ ჩვენს გვერდით არიან. გვისმენენ და გვარიგებენ კიდეც...
*** ,,მიწა ვიყავ! მიწად ვიქეც!"
სული ცაში აფრინდა,
შენთან მოველ, შემიყვარდი
მეტი განა რა მინდა!
... მიწისაგან სულჩადგმული
გამომძერწა უფალმა,
ისევ მიწას მივებარე
ზეცამ მისად მიწამა.
.... არ დაგზარდეს! მომიხსენე
სანთლითა თუ უსანთლოდ,
ვიდრე ლოცვებში მახსენებ
შენთანა ვარ უვადოთ.......
**** მოდის მზე და მოაქვს ახალ ახალი იმედები! გზას გვიჩვენებს საითაა უფლის სახლი! საათის ისარი მზის მოძრაობას მიყვება და მიაქვს ყველაფერი უსარგებლო
და უსიამოვნო . წლებით და საკუთარი გამოცდილებით გაჯერებულ ცხოვრებაზე დაკვირვებით კიდევ ერთი გათენებული დღით შესაძლებლობას გვაძლევს სიყვარული მივიღოთ, სიყვარული შევიგრძნოთ და გავცეთ! უზომოდ და უსაზღვროდ, დაუთვლელ, აუწონავად გავცეთ. სამყარო ხომ უსასრულოა, უსაზღვროა სამყაროში მატერიალური და არამატერიალური სიმდიდრე. ეს ხომ უფლის შექმნილია. ჩვენ კი ნუ ვიქნებით უმადური და დაუნახავი მომხმარებლები. უფლის მარაგი ამოუწურავია. მხოლოდ ადამიანს შეუძლია მისი სწავლა განათლებით გადაკეტოს სასიცოცხლო წყაროები.
ადამიანები მოვლენ და წავლენ, სამყარო კი მარადიულია!
ჩვენგან სიყვარულს ითხოვს სამყარო. ჩვენ ნუ ვეცდებით თვალზე ბინდი გადავაკრათ სიკეთის გამკეთებელს.
....რაც გინდა წვიმდეს - გამოიდარებს,
რაც გინდ დამალო - გამომჟღავნდება,
სიყვარულს ფართედ გავუღოთ კარი
და ერთმანეთის ,,მზე" გაბრწყინდება!
....უკვე კარგადაა გათენებული და ფართედ გაღებული კარებიდან და ფანჯრებიდან შემოსულ მზეს ლოცვით ვეგებები.
ბედნიერებაა რომ მზე დავინახე!
იფ რა სიხარულია რომ ჩემთვისაც გათენდა,
იფ რა საოცრებაა რომ ვხედავ ფანჯრის რაფაზე ქოთანში ჩარგული პიტნის ქორფა ფოთლები რომ ალამაზებენ გარემოს და სასიამოვნო სურნელს აფრქვევენ.
სიამოვნებაა გათენებული დილით ტკბობა და შეგრძნება რომ კიდევ ერთი ულამაზესი დღე მაჩუქა უფალმა ჩემი გაღვიძებით. მადლობა უფალო!
დიდი მადლობა უკვე გათენებული დღისათვის. სმენისთვის, მხედველობისთვის და ,,დილა სიხარულისა
მზეო" რომ ვამბობ. მადლობა უფალო ამ სამყაროში მოვლინებისთვის და შენი შვილობისათვის. მადლობა
ნაყოფიერი დღისათვის!
მადლობა ყველაფრისათვის!
მშვიდობა მოგვმადლე და სიყვარული გვიმრავლე უფალო!
დალი ბზვანელი 2022წლის 17 მაისი.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев