2025, 28 ოქტომბერი,
ნატოსა და ევროკავშირის წევრი ლიეტუვას საჰაერო სივრცე ბოლო დღეებში ზედიზედ სამჯერ ჩაიკეტა, რის გამოც შეჩერდა ვილნიუსისა და კაუნასის აეროპორტების მუშაობა, გადაიდო ათობით სამგზავრო რეისი, ათასობით მგზავრმა ვერ მოახერხა გამგზავრება.
რას უფრთხოდნენ სამგზავრო თვითმფრინავების პილოტები ლიეტუვას ცაში - ისევ უცნობ დრონებს, ისევე, როგორც ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც?
არა, ამჯერად ლიეტუვას საჰაერო სივრცის პარალიზება... საჰაერო ბუშტებმა, უფრო სწორად კი -მეტეოზონდებმა გამოიწვიეს, რომელთა გაშვებას მეზობელი ბელარუსიდან... სიგარეტის კონტრაბანდისტები ახდენენ!
საზღვარზე კონტრაბანდის გადატანის მრავალი მეთოდი არსებობს და მათ შორის - საჰაერო ბუშტების გამოყენება არც თუ ისე იშვიათია, მაგრამ როდესაც კუსტარულ საჰაერო ბუშტებს პროფესიონალური მეტეოზონდები ანაცვლებენ, მაშინ ბევრი რამ იცვლება...
საქმე ის არის, რომ მეტეოზონდი დიდი საჰაერო ბუშტია, გავსებული ჰელიუმით, რაც საშუალებას იძლევა, 6-8 კმ-ის სიმაღლეზე ამ მეტეოზონდმა აიტანოს ატმოსფერული წნევის და ტემპერატურის გამზომი ხელსაწყოები, ამასთან, მასზე აყენია GPS-ტრეკერიც, რომლის გადაადგილებით გამოითვლება ქარის მიმართულება და სიჩქარე. გარკვეული სიმაღლის მიღწევის შემდეგ მეტეოზონდის გარსი სკდება და აპარატურა პატარა პარაშუტით ნარნარით ეშვება (რომ ვინმეს თავი არ გაუტეხოს) მიწაზე. მის მოსაძებნად თავს აღარავინ იწუხებს, რადგან ეს აპარატურა ერთჯერადი გამოყენებისაა...
თუმცა ბელარუსიდან ლიეტუვისკენ შეფრენილ მეტეოზონდებს გაფაციცებით ეძებენ... ადგილობრივი კონტრაბანდისტები, რომლებსაც „კოლეგები“ მეზობელი ბელარუსიდან თითოეული მეტეოზონდით რამდენიმე ასეულ ან ათას სიგარეტის კოლოფს (დამოკიდებულია მეტეოზონდის ტვირთამწეობაზე) უგზავნიან, რომლებიც აქციზის გარეშეა და, შესაბამისად, ბევრად იაფი ღირს, ვიდრე - ლიეტუვას მაღაზიებში გასაყიდი აქციზირებული სიგარეტები.
ამ მეტეოზონდების მართვა შეუძლებელია, ის მთლიანად ქარის მიმართულებაზეა დამოკიდებული, ამიტომაც მათი გადაფრენა ბელარუსიდან ლიეტუვაში მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ქარი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით უბერავს. ეს კი არცთუ ხშირად ხდება, რადგან ძირითადად, ქარის მიმართულება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენაა, რასაც პირველი „ცივი ომის“ დროს, 1950-70-იან წლებში აქტიურად იყენებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რომელიც სტრატოსფერულ სადაზვერვო საჰაერო ზონდებს უშვებდა დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთით, საბჭოთა კავშირისკენ და რამდენიმე დღის შემდეგ მათ უკვე იაპონიასთან, ჰაერშივე „იჭერდა“ სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი თვითმფრინავის საშუალებით და შემდეგ შიფრავდა, თუ რა გადაიღეს ამ საჰაერო ზონდზე დაყენებულმა სადაზვერვო ფოტოაპარატებმა, მთელი საბჭოთა კავშირის დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაფრენისას...
ბელარუსიდან ლიეტუვაში გადაფრენილი „კონტრაბანდული“ მეტეოზონდებიდან პარაშუტით დაშვებულ სიგარეტების შეკვრებს კი GPS-ტრეკერის საშუალებით პოულობენ, მაგრამ ხშირად ადგილობრივ კონტრაბანდისტებს არ უმართლებთ, რადგან სიგარეტებიანი პარაშუტები კერძო სახლების სახურავებზე ან, სულაც, ვილნიუსის ცენტრში, ავტოსადგომზე, პოლიციის პატრულის ფეხებთან ეშვება და ასეთი კონტრაბანდის მომგებიანობა საეჭვო ხდება...
ლიეტუვაში ღამით დაშვებული, ბელარუსიდან გაგზავნილი ერთ-ერთი მეტეოზონდი კონტრაბანდული სიგარეტით, რომელიც პოლიციამ აღმოაჩინა...
ამიტომაც შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ ბელარუსიდან ლიეტუვასკენ კონტრაბანდული სიგარეტებიანი მეტეოზონდების მოხშირებული გაგზავნა მხოლოდ საფარია და ამ მეტეოზონდების ლიეტუვას ცაში ხშირი გამოჩენით, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში აერონავიგაციის სრული პარალიზებაა მიზნად დასახული...
ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს თავის ხშირ ულვაშებში ნამდვილად ეცინება, როდესაც ასე ადვილად შეუძლია იმ მეზობელი ლიეტუვას ცხოვრების ნაწილობრივ პარალიზება მაინც, რომლიდანაც მას მუდმივად დიქტატორად მოიხსენიებენ და ეს არ არის ამგვარი „ჰიბრიდული ომის“ პირველი გამოვლინება - ბელარუსში სპეციალურად ჩაჰყავდათ მიგრანტები ერაყიდან თუ ავღანეთიდან და ბელარუსი მესაზღვრეები მათ ეხმარებოდნენ სასაზღვრო ღობეების გარღვევაში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში არარეგალურად გადასასვლელად და ნატოსა და ევროკავშირის ამ ქვეყნებში უკანონო მიგრანტების რიცხვის მნიშვნელოვნად გასაზრდელად...
რა საპასუხო ქმედებების გაკეთება შეუძლია ლიეტუვას და მის უკან მდგარ ნატოსა და ევროკავშირს?
ჯერჯერობით -ბევრი ვერაფერი. ლიეტუვამ ჩაკეტა სასაზღვრო გადასასვლელები ბელარუსთან და განაცხადა, რომ ჩამოაგდებს ბელარუსიდან გამოშვებულ მეტეოზონდებს, მაგრამ - როგორ?
3 კმ-ზე მაღლა მფრენ მეტეოზონდს ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ნასროლი ტყვიები ვეღარ მიწვდებიან, გადასატანი „სტინგერებისა“ თუ „იგლების“ სითბური დამიზნების თავაკები მათ ვერ „ჩაიჭერენ“, რადგან მეტეოზონდები სითბოს არ გამოყოფენ, ისევე, როგორც რადიოლოკაციური დამიზნების საზენიტო რაკეტებისთვისაც ურთულესია მათზე გასვლა, რადგან მეტეოზონდი ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს ლითონის დეტალებს. ამასთან, რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ღირებულების საზენიტო რაკეტებით „ალიექსპრესზე“ ასიოდე დოლარად ნაყიდი მეტეოზონდების მასობრივ ჩამოგდებას ლიეტუვას კი არა, მთელი ნატოს ბიუჯეტიც ვერ გაუძლებს.
ერთ-ერთ გამოსავლად რჩება სპეციალური დრონების გამოყენება ან კიდევ - ორადგილიანი სპორტული თვითმფრინავით მიახლოება ასეთ მეტეოზონდთან და ღია კაბინიდან ავტომატიდან გაშვებული ჯერებით მისი ჩამოგდების მცდელობა, ისე, როგორც ამას აკეთებენ უკრაინელები რუსული სადაზვერვო დრონების წინააღმდეგ.
მაგრამ თუკი ასეთი მეტეოზონდი უკვე 5-6 კმ-ზე მაღლა მიფრინავს, მას ვეღარც დრონი-გამანადგურებელი მიწვდება და ვერც სპორტული თვითმფრინავი...
ასეთი მეტეოზონდები უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ შვეულმფრენებისა და განსაკუთრებით - თვითმფრინავებისთვის, რადგან აეროპორტიდან აფრენილ სამგზავრო თვითმფრინავს 5-6 კმ-ის სიმაღლეზე საკმაოდ დიდი სიჩქარე აქვს განვითარებული და ეკიპაჟმა, გინდაც რომ შეამჩნიოს მეტეოზონდი, რეაგირებას, უბრალოდ, ვერ მოასწრებს, ხოლო ამ მეტეოზონდზე ჩამოკიდებულმა რამდენიმე კგ-იანმა ტვირთმა კი შეიძლება ფატალური შედეგი მოიტანოს, დიდი სიჩქარით მფრენ თვითმფრინავთან შეჯახებისას...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1