„წარმართების უნაყოფო ეკლესიამ“ იცნა ხალხთა მოლოდება - ქრისტე, და ქედი მოიხარა საკვირველი ყრმის წინაშე
–––––––––––––––
ბეთლემი მდებარეობს ორი საათის სავალზე იერუსალიმის სამხრეთით მთიან ადგილზე, რომელიც მშვენიერი ბაღებითაა დაფარული. დიდი დრო არ დაჭირდა მოგვებს ახლადშობილი მეფის მიგნებისათვის. არ იყო საჭირო სხვებისათვის კითხვა ამისთვის: გზამკვლევი ვარსკვლავი ეხლა პირდაპირ მიუძღოდათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, - და თითქოს თითით მიანიშნაო იმ ადგილზე, რომელსა იყო ყრმაი იგი.
შესაძლოა ვარსკვლავი ისე შესამჩნევად დაეშვა ქვევით, რომ მისგან ძირს დაშვებული სხივებით, ადვილად იქნა ის ადგილი მოძიებული, სადაც იყო ჩვილი. ხოლო მათ, ვითარცა იხილეს ვარსკვლავი იგი, სადაც დაეშვა იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად, როგორ არ უნდა გაეხარათ მოგვებს, როცა ასე ახლოს იყვნენ თავიანთჲ ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურობის მიზანთან.
და ვითარცა შევიდეს სახლსა მას - ცხადია იგულისხმება ის გამოქვაბული, რომელიც წმ. მოხუცმა იოსებმა მონახა ახალგაზრდა დედისა და მისი ახალშობილისათვის (ლკ. 2,16), - იხილეს ყრმაი იგი, დაინახეს მათთვის სასურველი, დიდი გულმოდგინებით მოძიებული ყრმა-მეფე სიღარიბეში, ბაგაში, უბრალოებასა და მორიდებაში, მარიამისთანა ყოვლადწმია დედისა თვისისა. იოსებს მახარებელი აქ არ იხსენებს, შესაძლოა იგი ამ დროს რაღაც ოჯახური საზრუნავის გამო იყო გასული.
მიუხედავად ასეთი სიღარიბისა, რითაც იყო ახალშობილი ყრმა და მისი დედა გარემოცული, მოგვები, როგორც კი იხილეს იგი, მაშინვე დავარდეს, - ძრწოლითა და კეთილკრძალულებით დაემხნენ მიწაზე და თაყუანის-ჰსცეს მას, - თაყვანისცეს როგორც ღვთის სახებას. მათმა კეთილმა და წმიდა გულმა მაშინვე შეიგრძნო მათი გონებისათვის მიუღწეველი დიდი საიდუმლო ღვთისა, ისე როგორც ეს წმ. იოანე წინამორბედს შეემთხვა (ლკ. 1,41), ჯერ კიდევ თავისი დედის მუცელში ყოფნისას, რომელიც სასიხარულო კრთომით მიესალმებოდა მასთან მიახლოებულ ღვთაებრივ ყრმას, რომელიც ასევე თავისი დედის მუცელში იმყოფებოდა.
და აღაღეს საუნჯეთა მათთა, და შეჰსწირეს მისსა ძღუენი: ოქროი, გუნდრუკი და მური, - და მას, თავის უბადრუკ აკვანში მიაგეს ისეთი პატივი, რაც მეფე იროდისთვისაც არ მიუგიათ სამეფო სასახლეში. სამი ძღვენი მიართვეს ერთს სამებიდან, პატივად წმიდა სამებისა: ოქრო - როგორც მეფეთა მეფის მისართმევი; გუნდრუკი - სუფთა, კეთილსურნელოვანი, როგორც ღვთისა და ამავე დროს მარადიული ზეციური მღვდელმთავრის უსისხლო შესაწირი, და მური - როგორც მოკვდავს მომავალში (ინ. 19,39), რომელიც შემდგომში სიკვდილის სამეფოს დაარღვევს თავისი სიკვდილით.
ცნობილია, რომ მურს, რომელსაც აგროვებდნენ ხიდან, ებრაელნი ცხებდნენ მიცვალებულის სხეულს. ოქრო, გუნდრუკი და მური - ყოველივე ის, რითაც განთქმული იყო მოგვთა სამშობლო - შორეული აღმოსავლეთი. და როგორც ეს ძღვენი არაფრით ემსგავსებოდა ებრაელთა სისხლიან მსხვერპლს, ისევე განსხვავებული იქნებოდა ქრისტიანული ძღვენიც. წმ. ოქროპირი ტყუილად როდი უწოდებს მოგვებს ქრისტიანული ეკლესიის პირველ წევრებს, წარმართთაგან ქრისტეს პირველ მორწმუნეებს. მათი სახით „წარმართების უნაყოფო ეკლესიამ“ იცნა ხალხთა მოლოდება - ქრისტე, და ქედი მოიხარა საკვირველი ყრმის წინაშე, რომელიც მალე შეკრებდა ერთად თავის გაბნეულ შვილებს.
ახალ მეფესთან ძღვენით მისვლა აღმოსავლეთის ხალხებში ისედაც წესად ჰქონდათ (შექ. 32,14; 43,11; 1 მეფ. 10,27); არასოდეს წმიდა ოჯახისათვის ისე არ ყოფილა საჭირო შეწევნა, როგორც მაშინ. კიდევ რომ ჰქონოდათ, რაიმე ნაზარეთში, ბევრს მაინც ვერ წაიღებდნენ თან, რადგან ფიქრობდნენ, რომ მალე დაბრუნდებოდნენ, ეხლა კი მიუწია ნაჩქარევი და სრულიად მოულოდნელი შორეული მოგზაურობა ეგვიპტეში. როგორ გაემგზავრებოდნენ უცხო ქვეყანაში საკვირველი დახმარების გარეშე, რომელიც მათ მიიღეს მოგვებისგან? მათი ძღვენი იყო შორეული მოგზაურობისათვის დახმარება ზეციდან. მაგრამ ვის ეკუთვნოდა ეს ძღვენი? მას, რომელიც საკვირველი სიღატაკით მოვიდა ჩვენთან, რათა ჩვენთვის სიმდიდრე და სიკეთე მოეტანა, რომელიც სიცოცხლესა და სუნთქვას ანიჭებს ყოველივეს. როგორი დიდია მისი ღვთაებრივი სიმდაბლე! წმიდა დიმიტრი როსტოველის თქმით, ღვთისმშობელმა მოგვებისაგან შეწირული ოქრო, ღარიბ-ღატაკებს დაურიგა.
ეხლა მივუბრუნდეთ მოგვებზე საუბარს. როგორც კი შეასრულეს თავიანთი ნანატრი სურვილი და თაყვანი სცეს უფალს, მოგვებმა ისრუვეს იერუსალიმში დაბრუნება, რათა იროდისთვის მიცემული სიტყვა შეესრულებინათ, და მეფისა და იერუსალიმელთათვის გაეზიარებინათ თავიანთი სიხარული, რითაც უხვად იყვნენ აღვსილნი. მაგრამ სწორედ ეს იყო საშიშროება დიდი. და აი, უფალმა ისევ ჩააგონა მათ, მაგრამ არა ვარსკვლავით, არამედ ძილში, როგორც ეს შეემთხვევა იოსებს: და მოიღეს ბრძანებაი ჩუენებით, რათა არ მიაქციონ იროდისა, მათ არ დაიწყეს მიზეზის ძებნა, არამედ კეთილად ირწმუნეს უწყებული და დამორჩილდნენ უფლის ნებას, და სხვა გზით, ალბათ ქებრონის მხრით, მკვდარი ზღვის შემოვლით, წარვიდენ სოფლად თვისსა. საეკლესიო გადმოცემა გვამცნებს, რომ მოგვები თავიანთ ქვეყანაში ყველას მოუთხრობდნენ რაც ნახეს და გაიგონეს ქვეყნიერების მხსნელზე, რითაც წარმართებს შორის ქრისტეს პირველ მქადაგებლებად იქცნენ.
საკვირველია ღვთის განგების გზები. ვინ იფიქრებდა, რომ სადღაც სპარსეთსა და არაბეთში ასეთი მოლოდინით ელოდნენ იმას, ვისი შობის შესახებაც არაფერი იცოდნენ თვით იერუსალიმში. მიუხედავად ამისა, წარმართმა მოგვებმა ამის შესახებ არა მარტო შეიტყვეს, არამედ ახლადშობილი მხსნელის თაყვანისსაცემად შორი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. როგორც ჩანს ისინი ღვთის ასეთი დიდი წყალობის ღირსნი იყვნენ. მოგვები არ კითხულობდნენ წინასწარმეტყველებებს, არამედ მხოლოდ წინაპართა გადმოცემებიდან იცოდნენ, რომ იუდეველბში უნდა შობილიყო დიდებული მეფე, და დაინახეს თუ არა საკვირველი ვარსკვლავი, მაშინვე იერუსალიმისაკენგამოეშურნენ, და მისი ძებნა მხნედ დაიწყეს.
და მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ იმ დროს ებრაელთა ამაყი და მკაცრი მეფის შესახებ, ისინი სხვა მეფის მოძიებას არ მოერიდნენ, რითაც თავი საფრთხეში ჩაიგდეს. ისინი არ დაუბრკოლებია ახალშობილის დიდ სიღატაკეს, მის ღარიბულ სახვევებს, უბრალო დედას... სიღატაკეში მათ შეიცვნეს მაცხოვარი და სცეს თაყვანი. რისთვის გადაიტანეს მათ ამდენი სიმძიმენი, საფრთხე და განსაცდელი? რათა მხოლოდ მისულიყვნენ ახალშობილ მეუფესთან თაყვანის საცემად, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეეძლო დაჯილდოვება მისი თაყვანისმცემლებისა და წასულიყვნენ თავიანთი გზით?.. ხომ არ არის ეს რწმენა, მორწმუნეთა მამამთავრის - აბრაამისათვის დამახასიათებელი? სწორედ ასეთი რწმენისათვის გახდნენ ისინი იუდეველებზე უფრო დაფასებულნი.
ქრისტეს მოციქული შემთხვევით არ გვასწავლის, რომ: „ყოველთა შორის თესლთა, რომელსა ეშინის მისსა და იქმს სიმართლესა, სათნო მისსა არს“ (საქ. 10,35). მოგვების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ასეთი ადამიანები შეიძლება ყოველ ხალხში იყვნენ. იუდეველები კანონს ეყრდნობოდნენ, იცოდნენ ყველა წინასწარმეტყველება ქრისტეზე, მოგვებს კიდეც მიუთითეს თუ სად უნდა შობილიყო ქრისტე, და მიუხედავად ამისა, მათგან არც ერთს არ მოსვლია აზრად, თუნდაც ცნობისმოყვარეობით, რომ მოგვებთან ერთად ბეთლემში მისულიყვნენ, და ეხილათ ქრისტე, რომელსაც მოგვები ეძებდნენ... როგორი დაუდევრობაა!
როგორი სულიერი სიბრმავეა!.. სწორედ ამისთვის მოაკლდნენ ებრაელნი დიდ სულიერ სიხარულს, რომლის ღირსნიც წარმართი მოგვები გახდნენ. „დედოფალი იგი სამხრისა აღჰსდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამისთანა, და დაჰსაჯოს იგი; რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისათ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა, უფროს სოლომონისსა არს აქა“ (მთ. 12,42). აღსდგებიან სამსჯავროზე ეს წარმართი მოგვებიც და განსჯიან ებრაელთა უსულგულობას. წმ. იოანე ოქროპირი მოგვთა თაყვანისცემაში ხედავს ეკლესიის მომავალს: მოგვებმა ებრაელებზე ადრე სცეს თაყვანი ქრისტეს, ასევე წარმართები ებრაელებზე ადრე მოვლენ ქრისტეს ეკლესიაში.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1