ვაშლები, თითქოს ერთიანად, გამჭოლ ბრწყინავდნენ, აუხსნელ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ ირგვლივ
-----------------
IX საუკუნეში ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა წმინდა ეფროსინე, რომელიც მონასტერში ტრაპეზარის მორჩილებას ასრულებდა. დაუღალავად შრომობდა საძმოსთვის სატრაპეზოში, გულში კი ღვთისადმი სიყვარულით იწვოდა. ძმათაგან ბევრ დაცინვასა და შეურაცხყოფას გაუბოროტებლად და სულგრძელებით იტანდა. ამგვარ ყოფაში მის გულს ერთადერთი ანუგეშებდა ღვთისადმი სიყვარული, რომელიც მას სიხარულსა და სიმშვიდეს ანიჭებდა. დიდხანს ცხოვრობდა ეფროსინე აბუჩად აგდებული და მოძულებული, როგორც უვარგისი ადამიანი. არავის აზრადაც არ მოსვლია სხვა თვალით შეეხედა მისთვის, ერთხელ მაინც დაფიქრებულიყო მის ცხოვრებაზე. ცხოვრობდა კი იგი, როგორც წმინდანი, სათნოებათა მიერ ღვთის სათნომყოფელი და მსახური მისი. სწავლებისაებრ მაცხოვრისა, თავის ღვაწლსა და ქველ საქმეებს კაცთაგან ჰფარავდა. ცხოვრობდა თავის შინაგან, სულიერ სამყაროში – მშვიდი, შეურაცხმყოფელთა თვისთა მოყვარული და სულგრძელად მიმტევებელი, მლოცველი მტრებისთვის და მაკურთხეველი მდევართა და მაწყევართა.
გვიან ღამით, როდესაც ძმები დაიძინებდნენ და თავადაც მსახურებას მორჩებოდა სატრაპეზოში, დაღლილ-დაქანცული, ხშირად მშიერიც, ბუხართან მიჯდებოდა და ნაკვერცხლებს მიშტერებული თავის თავს ეუბნებოდა: „ჰოჲ, საცოდავო ეფროსინე, ამ მონასტერში ყველა ცხონდება; მხოლოდ შენ ერთი წარწყმდები და დაიწვები გეენიის ცეცხლში“.
გადიოდა წლები და მონასტერში არც არავის სურდა მიმხვდარიყო, რომ მათ შორის ცხოვრობდა ადამიანი, რომლის ღირსიც არ იყო მთელი მონასტერი. ამგვარი ცხოვრებით ეფროსინემ დიდ სიწმინდეს მიაღწია:
ღმერთი ანუგეშებდა მას და ამ აუტანელ მიწიერ ცხოვრებაში სიხარულს ანიჭებდა. უფალი მას ანგელოსებს უგზავნიდა, რომელთაც სამოთხის სიტკბოებაში აჰყავდათ. დროდადრო უფალი მას სამოთხეში აიტაცებდა ხოლმე, რათა ერთხანს განესვენა მძიმე შრომათაგან და ეგემა იქ ზეციური, გამოუთქმელი ტკბობა და ამ განცდის გულში დიდხანს დამმარხველს დაეთმინა თავისი ცხოვრება.
ეფროსინესთან ერთად მონასტერში ცხოვრობდა მისი თანამემამულე ამორეველთა ქალაქიდან – პრესვიტერი ვლასი. ვლასი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა და ეფროსინესთვის არასოდეს მიუყენებია შეურაცხყოფა. მხოლოდ ის ერთი ცდილობდა, ჩაეხედა ეფროსინეს გულის სიღრმეში, სადაც მას სათნოებები ეგულებოდა. ერთხელაც მამა ვლასი დიდხანს ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, ეჩვენებინა მისთვის, თუ ვინ იყო მის წინაშე ეს ფარული სათნომყოფელი. და აი, უფალმაც სათნო-იჩინა განედიდებინა ეფროსინე, რომელსაც წლების განმავლობაში ამაოდ იგდებდნენ აბუჩად. ლოცვის დროს მოულოდნელად, ისე რომ თავადაც ვერ გაერკვა როგორ, ვლასი სამოთხეში იქნა ატაცებული. ანგელოსს იგი საკვირველ ბაღნარში დაჰყავდა, სადაც მან ეფროსინე ტრაპეზარს მოჰკრა თვალი.
ვლასი დიდხანს იდგა განცვიფრებული და შესცქეროდა მას, ბოლოს დაეკითხა: – ეფროსინე ხარ შენ, ჩვენი მონასტრის ტრაპეზარი? – დიახ, – მამაო, – უპასუხა ეფროსინემ. მაშინ პრესვიტერი ვლასი კვლავ დაეკითხა: – გევედრები, მითხარი, როგორ მოვხვდი მე აქ ცოდვილი და უხმარი, ამ სიხარულისა და სინათლის სავანეში, ან შენ თავად რა გზით მოსულხარ აქ? – შენ ლოცულობდი, მამაო, – მშვიდად და უბრალოდ მიუგო ეფროსინემ, – და უფალმაც აგისრულა სათხოვარი.
ამ დროს განსაცვიფრებელმა კეთილსურნელებამ მიიპყრო პრესვიტერის ყურადღება. მან იქით გაიხედა, საიდანაც სურნელება მოდიოდა და დაინახა რაღაც უჩვეულო ნაყოფი. ადამიანმა ზეცის ენა არ იცის და ამიტომაც არ ძალუძს სამოთხისეული საგნები მათი სახელებით გამოთქვას. სჭვრეტს რა მისთვის უცნობ საგნებს, უჭირს მათი სახელები გრძნობისმიერი ენით გადმოსცეს და მხოლოდ ერთგვარი მიმსგავსებით ცდილობს მიგვახვედროს მათ. ასე დაემართა ვლასისაც, უჭვრეტდა რა მისთვის უცნობ ნაყოფს და არ იცოდა როგორ მოეხსენებინა. ადამიანურად იფიქრა, რომ ეს სამოთხის ვაშლები იყო.
ეს ვაშლები, თითქოს ერთიანად, გამჭოლ ბრწყინავდნენ, აუხსნელ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ ირგვლივ და მათი მზერა თვალს ატყვევებდა, გემო იზიდავდა, როგორც უნაკლო, ცხოვრებისეული საზრდელი. – ვისია ეს ვაშლები? – ჰკითხა ვლასიმ, არ იცოდა რა, როგორ ეწოდებინა ნაყოფისთვის. – ჩემია, ღვთის მადლით, – უპასუხა ეფროსინემ. – შეგიძლია, ერთი ვაშლიდან მცირეოდენი მაინც მიწილადო? – შესთხოვა მამა ვლასიმ. – აიღე, უთხრა ეფროსინემ, – ჩემი ღვთის სახიერებით გაძლევ შენ.
და ეფროსინემ სამი ვაშლი მოწყვიტა ტოტიდან და ხელში ჩაუდო ვლასის... განთიადმა შემოანათა მონასტერში. შავსამოსიანი ბერები სარეცელს ეთხოვებოდნენ... სარეკელსაც შემოჰკრეს... და ეს უბრალო, გულშიჩამწვდომი ბგერები, როგორც წმინდა ოცნება, ოდნავ განათებულ არე-მარეს მიმოეფინა... მამა ვლასიმ გამოიღვიძა... ისეთი სიტკბოებით სუნთქავდა, გული იმგვარი სიხარულით უფეთქავდა, რაც უწინ არასოდეს განუცდია. ხელებზე დაიხედა და დაინახა ხელსახოცში გახვეული სამოთხის ნაყოფი. ვლასი წამოვარდა თავისი უხეში ტახტიდან, მარცხენა ხელში ხელსახოცში გახვეული ვაშლები ეჭირა, მარჯვენათი კი რამდენჯერმე გადაიწერა პირჯვარი. სენაკში სიარულს მოჰყვა. გულში სიხარულს გრძნობდა, აღფრთოვანებისგან სუნთქვა ეკვროდა...
ყურში სარეკელის ხმა ჩაესმოდა და სახეზე განთიადის სხივები ეფინებოდა... იგი შეჩერდა და დიდხანს ათვალიერებდა ზეციურ ნაყოფს... ისინი კი ცისფერი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავებივით ბრწყინავდნენ. – ეს ვაშლებია და, იმავ დროს, არც არის, – ფიქრობდა ნაყოფს მიშტერებული ვლასი. იგი ვაშლებს ხელში იღებდა, თითქოს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ცხადი იყო და არა სიზმარი... მაგრამ ნათელი და შეუდარებელი რეალობის წინაშე იდგა მამა ვლასი და აიძულებდა მოვლენის თვალსაჩინოებაში დარწმუნებულიყო.
სამოთხის ვაშლები ეწყო ხელებზე მშვენიერი, კეთილსურნელოვანი და დღის სინათლე, როგორც ღამის ბურუსი, იკარგებოდა მის სხივმფინარე გამონათების წინაშე... უეჭველმა სინამდვილემ უბიძგა ვლასის, სამოთხის ვაშლებით ხელში, ეკლესიისთვის მიემართა. ტაძარი ცარიელი იყო, საძმო ცისკრის ლოცვაზე ჯერაც არ შემოკრებილიყო. თუმცა კანდელები მოხუც მნათეს უკვე აენთო და მათი ნათება გარიჟრაჟის სინათლეზე ციაგებდა... მამა ვლასი შუა ტაძარში შეჩერდა და ირგვლივ მიმოიხედა. ეფროსინე უკვე მოვიდა და პრესვიტერმაც თვალი ჰკიდა მას. იგი მიეჭრა ეფროსინეს და აღელვებული ხმით დაეკითხა: – შენ იყავი ღვთის სამოთხეში და შენ მიბოძე ეს ვაშლები? – დიახ, მამაო, – თავმდაბლად უპასუხა ეფროსინემ, – მე მოგეცი ვაშლები ღვთიური სიუხვიდან. მაგრამ მომიტევე, მამაო, მე ცოდვილი ვარ და ვსაჭიროებ ღვთიურ წყალობას.
ეფროსინემ თაყვანი-სცა პრესვიტერს და ვიდრე იგი განძრევას მოასწრებდა მეყვსეულად გაუჩინარდა ეკლესიიდან. ვლასი იღუმენს ეახლა სამოთხის ვაშლებით და ყოველივე მოახსენა. იღუმენმა ბერებს უხმო და უამბო, რაც ვლასისგან ესმა, თანაც დასამოწმებლად ამ საკვირველ ვაშლებს უჩვენებდა. განცვიფრებული და ლმობიერებით მოცული საძმო თვალს ვერ სწყვეტდა ამ მშვენიერებას და ყველამ ერთად იღუმენითურთ გადაწყვიტეს ეფროსინესთან მისულიყვნენ, შენდობა ეთხოვათ ყოველგვარი წყენისა და შეურაცხყოფისათვის და პატივი მიეგოთ, როგორც უდიდესი მოღვაწისთვის. მაგრამ ეფროსინე იქიდან გადაიხვეწა და ვერსად იპოვეს, ვერც მონასტერში და ვერც მთელს იმ არე-მარეში. წმინდანი უკვალოდ გაქრა და არავინ უწყის, სად გაატარა თავისი ცხოვრების დარჩენილი წლები და სად აღესრულა.
საძმო მწარედ ტიროდა, რომ ღვთის სათნო ადამიანს ესოდენი წყენა და შეურაცხყოფა მიაყენეს და მისგან შენდობის ღირსიც კი ვერ გახდნენ. მათდა ნუგეშად მამა ვლასიმ უთხრა: – ევედრეთ უფალს თქვენთა ცოდვათა მოსატევებლად და იგი, კაცთმოყვარე, სათნომყოფელი ეფროსინესთვის, შეგინდობთ და თავად წმინდანიც მოგიტევებთ. – ისწავეთ მისგან, – იგი სიყვარულის ღმერთის მიმბაძველია. თქვენ განიცადეთ საკუთარ თავზე მისი სიყვარული, როდესაც იგი თქვენს შეურაცხყოფასა და აბუჩად აგდებას უბოროტობითა და სიკეთით პასუხობდა და ყველაფერი მშვიდი დუმილით გადაჰქონდა!
ახლა გამხნევდით მისი ღვაწლით, მისი თავმდაბლობით, რის გამოც გაუჩინარდა იგი, რათა კაცობრივ დიდებას განრიდებოდა! მის სათნოებებს მიჰბაძეთ, დაუტევეთ მტრობა, კამათი, წყენა, დაცინვა, იყვარებოდეთ ურთიერთას და თქვენც ღირსი გახდებით ზეციურ სიკეთეთა, რომელიც უფალმა უხვად დააფრქვია ეფროსინეს! ბერები ტიროდნენ და აღთქმას იძლეოდნენ.
შემდეგ მათ სამოთხის ვაშლები წვრილად დაჭრეს და როგორც ევლოგია თავადაც მიიღეს და მონასტერში მისულ მორწმუნეებსაც დაურიგეს და ვინც რა სნეულებით იყო შეპყრობილი, ერთბაშად განიკურნა. ამ ნაყოფს წმინდა ძალა ჰქონდა: ავადმყოფები იკურნებოდნენ, ჯანმრთელნი სინათლით ივსებოდნენ, ყველა კი ერთად – ხარობდა. ეფროსინე კი გაექცა ადამიანურ პატივსა და დიდებას.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев